ზურაბ აბაშიძე: გვაქვს ამის შესახებ მოსაზრებები, შემდგომი ნაბიჯები როგორ უნდა გადაიდგას
თიკო ოსმანოვა
23.01.2017

 პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორ კარასინის მორიგი შეხვედრა თებერვლის დასაწყისში გაიმართება. აბაშიძის თქმით, რუს კოლეგასთან ტრადიციულად ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრებს.

რაც შეეხება 2011 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას, მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ახლა უკვე შვეიცარიული კომპანია ჩაერთო და იმ შემთხვეაში, თუ კიდევ მოხდება რუსეთის მხრიდან ამის ხელოვნურად გაწელვა, აბაშიძის თქმით, საქართველო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგ რაუნდზე "მთელი კვირა" პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

ზურაბ აბაშიძე: ჩემი და კარასინის მორიგი შეხვედრა თებერვლის პირველ დეკადაში გაიმართება.

"მთელი კვირა": შეხვედრა იანვრის ბოლოს ხომ უნდა გამართულიყო რატომ მოხდა გადაწევა?

ზ.ა.: ზუსტი თარიღი არ გვაქვს ხოლმე დათქმული და ამჯერად ასე გადავწყვიტეთ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

"მ.კ.": რა საკითხებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ზ.ა.: ჩვენ გვაქვს კონკრეტული მანდატი და დღის წესრიგი, რომელიც დაკავშირებულია სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებთან, სატრანსპორტო საკითხებთან, გარკვეულ ჰუმანიტარულ თემებთან, ტურიზმზე და ა.შ. ყოველი შეხვედრის წინ შესაბამის უწყებასთან გავდივარ კონსულტაციებს, სამინისტროებთან და ვაგროვებ პრობლემებს, რომელიც განსახილველი საკითხების ნუსხაში ხვდებიან.

"მ.კ.": აპრილის ბოლოს სავარაუდოდ საქართველო ევროპასთან უვიზო რეჟიმს მიიღებს და ხომ არ ელოდებით იგივე ნაბიჯის გადადგმას ახლა უკვე რუსეთისგან?

ზ.ა.: რაც შეეხება რუსეთის სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მოგეხსენებათ, საგრძნობლად გამარტივდა მიმდინარე წლის დასაწყისში. თუკი ადრე უახლოეს ნათესავს რუსეთის მოქალაქეს შეეძლო მოეწვია საქართველოს მოქალაქე, ახლა ეს აღარ არის საჭირო. რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს ან ორგანიზაციას, ფიზიკურ თუ იურდიულ პირს შეუძლია მოიწვიოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე.

ვიზის გამოგზავნაც მარტივად ხდება, საგარეო უწყება საჭირო აღარ არის, ელექტრონული ფოსტითაც შეიძლება გამოიგზავნოს. ასე რომ, გამარტივებულია ნამდვილად. წინა წლებში გაიცემოდა სადღაც 20 ათასი ვიზა. ახლა, რამდენადაც ვიცი, წელს ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაზიარდა, გაორმაგდა.

რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ვნახოთ, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა რუსი ტურისტები საქართველოში კომფორტულად ჩამოვიდნენ, პრობლემები არ ჰქონდეთ. მათ 1 წლის მანძილზე შეუძლიათ უვიზოდ დარჩენა.

ეს არა მარტო რუსეთის მოქალაქებისთვის არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქებისთვისა შესაძლებელი და უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში და ეს ასეც მოხდა. წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ჩამოვიდა და სადღაც 1 მილიონი ტურისტი კონკრეტულად რუსეთიდან.

ასე რომ, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. ახლა რუსეთი შემდგომ რა ნაბიჯს გადადგამს, მათი გადასაწყვეტია. თუ უნდათ, რომ კიდევ გაამარტივონ ან საერთოდ მოხსნან, ჩვენ მივესალმებით.

"მ.კ.": რუსეთში შპიონაჟის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გაგრძელდება თუ არა კოსნულტაციები? რჩებიან თუ არა ჩვენი მოქალაქები ჩრდილოელი მეზობლის ციხეში?

ზ.ა.: გაგრძელდება ამაზე საუბარი. მოგეხსენებათ, 7 მოქალაქე გავათავისუფლეთ, რომლებსაც მრავალ წლიანი სასჯელი ჰქონდათ მისჯილი. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ეს ხალხი დაბრუნებოდა თავის ოჯახებს.

სხვადასხვა სახის სამართლებრივი და პოლიტიკური სირთულე იყო, თუმცა ჩვენ ეს ყველაფერი გადავლახეთ და ვფიქრობ, ძალიან კარგი საქმე გაკეთდა.

საკმაოდ რთული მემკვიდრეობა გვერგო. ბევრი რაღაცის მოძიება იყო საჭირო, რომ გავრკვეულიყავით. კიდევ რამდენიმე პიროვნებაა დარჩენილი და ამასთან დაკავშირებით გავაგრძელებ მოლაპარაკებებს. ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, რაც ძალიან ართულებს საქმეს.

ასევე, როგორც ვიცით, ამ ბრალდებით რამდენიმე ადამიანი გასამართლებული, თუმცა არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ვინც ჩვენ გავათავისუფლეთ, ისინი საქართველოს მოქალაქეობი, ან ორმაგი მოქალქეების მქონე პირები იყვნენ.

რუსეთის მოქალაქე თუა, სამართლებრივად ეს ძალიან რთული თემაა, იმიტომ, რომ რუსეთს კანონით არ შეუძლია სხვა ქვეყანას გადასცეს თავისი მოქალაქე.

"მ.კ.": რაც შეეხება საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით დადებულ 2011 წლის ხელშეკრულებას, ქართული მხარე უკვე თვეებია საბოოლო პასუხს რუსეთისგან ელოდება. რა ხდება ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით?

ზ.ა.: ახლა უკვე ამ საკითხში აქტიურად არიან ჩართული შვეიცარიელი მეგობრები, რომლებიც ამ ხელშეკრულებას შუამავლობენ. ჩვენ ჯერ კიდევ აპრილში დავასრულეთ მუშაობა.

ახლა საუბარია კონტრაქტის ტექსტზე, რომელიც უნდა გაფორმდეს შვეიცარიულ კომპანიასთან. რუსეთმა ეს რამდენჯერმე გადადო სხვადასხვა მიზეზებით თუ არგუმენტებით.

შვეიცარიელმა კოლეგებმა გვითხრეს, რომ ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გაერკვიონ სიტუციაში და ვნახოთ რა ინფორმაციას მივიღებთ მათგან. თუ კიდევ გაიწელა, მერე ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, შემდგომ როგორ ვიმოქმედოთ.

"მ.კ.": ანუ, საქართველოს აქვს ბერკეტი, რომ მოხდეს რუსეთის იძულება, რათა მოახდინოს ამ ხელშეკრულების იმპლემენტაცია?

ზ.ა.: გვაქვს ამის შესახებ მოსაზრებები, შემდგომი ნაბიჯები როგორ უნდა გადაიდგას, თუ კიდევ ხელოვნურად გაიწელება ეს პროცესი.

"მ.კ.": კონკრეტულად რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველომ ამასთან დაკავშირებით?

ზ.ა.: ჯერ ვერ დავკონკრეტდები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×