"რესპუბლიკური პარტია" მუშაობის აქტიურ ფაზაში გადადის. პარტიაში მიმდინარე ცვლილებები, რომლები უკანასკნელ დღეებში განხორციელდა სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ პარტიის პოლიტიკურ მდივნად დავით ბერძენიშვილის ნაცვლად თამარ კორძაია აირჩიეს, რომელმაც პარტიის მომავალ გეგმებზე და მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრა.
"მთელი კვირა": რამ განაპირობა პარტიაში განხორციელებული ცვლილებები?
თამარ კორძაია: ჩვენ ვართ ოპოზიციური პარტია, შესაბამისად, ვფიქრობთ მომავალზე, განახლებებსა და ადამიანების მოზიდვაზე. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საჭირო იყო გარკვეული ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება.
პარტიის პირველი პირი ისევ ხათუნა სამნიძე იქნება, პოლიტიკური მდივანი, ანუ პარტიის მეორე პირი - მე და აღმასრულებელი სამდივნოს თავჯდომარე - ინგა მაღრაძე.
გარდა ამისა, დავამტკიცეთ თემები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ გავაგრძელებთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობას, რადგან რესპუბლიკური პარტიის იდეები წინასაარჩევნოდ გაზიარებული იყო ხოლმე მმართველი პარტიების მიერ, მაგრამ შემდგომ ბოლომდე აღარ მიყავდათ.
თვითმმართველობის რეფორმის შედეგად ვთავზობთ მოსახლეობის მეტ ჩართულობასა და 2-ჯერ მეტ დეცენტრალიზაციას. ცენტრალური ხელისუფლების როლის შესუსტება უნდა ხდებოდეს ადგილობრივი საკითხების გადაჭრაში და სწორედ ამ მიზნით ვთავაზობთ მოსახლეობას ორდონიან თვითმმართველობას. ამ პოზიციის თაობაზე მოსახლეობას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას.
მ.კ.: თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებთ მონაწილეობას?
თ.კ.: ამ წუთას ამაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ არჩევნებში, მაგრამ პოლიტიკური ფონი იმდენად რთული და გაურკვეველია, რომ ჩვენ არ ვიცით მისაღები პლატფორმა რომელი იქნება, ან იქნება თუ არა. ამიტომ ამჟამად ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.
"მ.კ.": ჩვენთან საუბარში დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მისი გუნდი აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და საკმაოდ კარგ შედეგსაც ელოდებიან. როგორ ფიქრობთ, რამდენად კონკურენტული იქნება მისი ახალი პარტია?
თ.კ.: ჯერ ერთი, მას პარტია არ შეუქმნია და ამაზე ჯობს შემდგომ ვილაპარაკოთ, როცა შექმნის. "რესპუბლიკელებს" არცერთ პარტიასთან შერკინების პრობლემა არ ჰქონიათ. ჩვენ ახლა "ქართულ ოცნებას" ვეჭიდებით, რომელიც კონსტიტუციური უმრავლესობით არის.
პოლიტიკაში როცა ხარ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას უნდა დაუპირისპირდე, თუ ის შენს იდიოლოგიას არ იზიარებს.
"მ.კ.": უსუფაშვილთან თანამშრომლობის საკითხს თუ განიხილავთ და რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ მომავალში მასთან კონტაქტი?
თ.კ.: თანამშრომლობა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მაშინ ეს ხალხი პარტიიდან არ წავიდოდა.
"მ.კ.": რაც შეეხება საკონსტიტუციუო კომისიის მუშაობას, როგორ ფიქრობთ, შეძლებენ 3 თვეში იმ სამუშაოს საფუძვლიანად შესრულებას, რომელიც მათ აკისრიათ?
თ.კ.: "რესპუბლიკელებს" არ გვაქვს იმის რწმენა, რომ შემუშავებული პაკეტი იქნება გარანტი იმისა, რომ ხელისუფლება სამართებლივი სახელმწიფოს გარანტი იქნება. მთავარი ძალაუფლების დანაწილების პრინციპის მოქმედებაა, როდესაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ერთმანეთისგან რეალურად არიან დამოუკიდებელნი.
ჩვენ ვიცით, რომ ყველა სახელმწიფო შტო არის ერთი პირის ხელში, ანუ დღეს გვაქვს პერსონალური უპასუხისმგებლო მმართველობის ფაქტი და არა ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით, დეპერსონალიზაციას და სტრუქტურულ რეფორმებს.
აქედან გამომდინარე, დღეს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი და თავად პრეზიდენტი არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში მეტნაკლები ბალანსი არსებობდეს.
ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშრირებით. ახლა პრეზიდენტის მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩევა იმის ნიშანია, რომ საპარლამენტო მმართველობა შესაძლოა ერთი კონკრეტული პირისთვის ხელისუფლების განმტკიცების საშუალებად გადაიქცეს.
პოლიტიკური კონტექსტით ნათელია, რომ ხელისუფლების სამივე შტო ერთი პირის ხელშია, ეს იმას ნიშნავს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის ცვლილება დამაზიანებელია დემოკრატიისთვის, ასევე უკიდურესად დამაზიანებელი იქნება, პრეზიდენტის იმ სახელისუფლებო უფლებამოსილებების შეკვეცა, რომელიც დღეს მას გააჩნია.