კითხვაზე, "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის შემდეგ, როგორ განაწილდებიან მათი დეპუტატები სხვადასხვა საკრებულოში, "ევროპული საქართველოს" ლიდერები პასუხობენ, რომ ეს პროცესი დაახლოებით 30 იანვრიდან დაიწყება; "ნაცმოძრაობაში" კი განმარტავენ, რომ თითეულმა დეპუტატმა გადაწვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღოს და ვინ სად წავა, ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
როგორც "მთელი კვირას" "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში განუცხადეს, აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიის სულ 5 დეპუტატია წარმოდგენილი და ხუთივე "ნაცმოძრაობაში" რჩება.
აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ორი ფრაქცია დეპუტატების თანაბარი რაოდენობით (50/50-ზე) გაიყო.
პარტია "ევროპული საქრთველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ სხვა საკრებულოებში დეპუტატების საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის და ეს პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება.
"ჯერ-ჯერობით მხოლოდ თბილისის საკრებულოა ცნობილი. რაც შეეხება სხვა საკრებულოებს, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან, დაახლოებით, 30 რიცხვიდან დავიწყებთ ამ პროცესს", - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
კითხვაზე, ვინ სად მოიაზრება და დეპუტატებს გადაწყვეტილებები მიღებული აქვთ თუ არა, ნადირაშვილი პასუხობს, რომ "გადაწვეტილებები შეიძლება უკვე მიღებულია, მაგრამ ფორმალურად გაფორმებული ჯერ-ჯერობით არ არის".
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე კი აცხადებს, რომ ყველა დეპუტატი გადაწვეტილებას ინდივიდულურად მიიღებს.
"გადაწყვეტილებებს თითოეული დეპუტატი ინდივიდუალურად მიიღებს, რის შემდეგაც სხვადასხვა საკრებულოებში ფრაქციები შესაბამისად დაკომპლექტება", - აცხადებს გიორგი ბარამიძე და აღნიშნავს, რომ ვის მხარეს უფრო მეტი დეპუტატი დარჩება და საერთო ჯამში, პროპორციულად როგორ განაწილდება, ამაზე წინასწარ საუბარი არასწორია. თუმცა, აღნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაბა" ყოველთვის ყველაზე დიდი პარტია იყო და ასეთად დარჩება.
"ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე დიდი პარტიაა, არა მარტო როგორც ოპოზიციური, არამედ, ზოგადად პოლიტიკური პარტია და ასეთად დარჩება კიდეც მიუხედავად იმისა, ინდივიდუალურად რამდენი ადამიანი გამოეყოფა პარლამენტში, თუ სხვადასხვა საკრებულოში. ასე რომ, ეს არ იქნება განმსაზღვრელი ჩვენი არც პოლიტიკისა და არც მოქმედებებისა.
"ახლა წინასწარ იმაზე საუბარი, დეპუტატების რაოდენობა პროპორციულად როგორ განაწილდება, ჩემი მხრიდან მარჩიელობა იქნება და არ არის სწორი. როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდება აზრი, ეს ყველაფერი მაშინ გახდება ცნობილი. ეს ხომ ჩვეულებრივი დინამიური პროცესია, ზოგი შემოგვიერთდება, ზოგი გავა", - აცხადებს გიორგი ბარამიძე.