პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმის "მესამე ტალღის" ზოგიერთი ნორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება
ნინო ქეთელაური
23.01.2017

 "დღევანდელი კანონპროექტით, სასამართლოებს თავმჯდომარეებს უნიშნავს იუსტიციის საბჭო, რაც წინააღმდეგობაში მოდის ვენეციის კომისიის მოსაზრებასთან და იმ ფილოსოფიასთან, რომ ჩვენ არ გვჭირდება სასამართლოების დირექტორები და მოსამართლეებს საიმისოდ ვენდობით, რომ მათ თვითონ აირჩიონ შესაბამისად კვალიფიციური პირი", - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ "მთელ კვირასთან" საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო რეფორმის "მესამე ტალღის" ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, რასაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი აპროტესტებს და პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმით, სასამართლოს "მურუსიზაცია" და დისკრედიტაცია მოხდება, რასაც ნაწილობრივ სხვა იურისტებიც იზიარებენ.

მისი მოთხოვნის ფარგლებში, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი სხვადასხვა ჯგუფთან კონსულტაციებს მართთავს, რათა პრეზიდენტმა გადაწვეტილება 25 იანვრამდე მიიღოს.

ანა დოლიძე: კიდევ ვისთან გვექნება კონსულტაციები, ამ ეტაპზე ჯერ არ ვართ შეჯერებული. სავარაუდოდ, გაგრძელდება სხვადასხვა ჯგუფებთან. კოკრეტულად ვინ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით.

"მთელი კვირა": მისაღებია თუ არა თქვენთვის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არგუმენტები, რომლითაც ის ამტკიცებს, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდება?

ა.დ.: საქმე ისაა, რომ ჩვენ ვესაუბრეთ ძალიან ბევრ ჯგუფს, ზოგს ფორმალურად, ზოგსაც არაფორმალურად და "მესამე ტალღასთან" დაკავშირებით ჯერ-ჯერობით მოსაზრებებს ვაგროვებთ. რეალურად ეს ის ჯგუფებია, ვინც კარგად იცის სასამართლო სისტემა შიგნიდან და უწევს მასთან მუშაობა. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ აზრი მოეკითხებათ.

ეს "მესამე ტალღის" პროექტი საგულისხმოა იმდენად, რამდენადაც ძალიან შეიცვალა წერის პროცესში. მოგეხსენებათ, რომ დიდი ხანია, რაც მის მისაღებად მიმდინარეობს მზადება, ჯერ კიდევ წინა პარლამენტმა დაიწყო. მასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი მოსაზრება და თვითონ წერის პროცესში მისი შინაარსი ბევრჯერ შეიცვალა.

ამიტომ, ჩვენ რომ გავიგოთ, რა ეწერა მანამადე, რა შეიცვალა და სასამართლოსთან მიმართებით, საით წავიდა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა, ცოტა არ იყოს შრომატევადი პროცესია გასავლელი და ახლა სწორედ ამას ვაკეთებეთ.

"მ.კ.": რა არის თქვენთვის ბუნდვანი და ყველაზე გაურკვეველი ნაწილი, რაც დაზუსტებს საჭიროებს?

ა.დ.: მაგალითად, ერთი ძალიან კონკრეტული საკითხი, რაზეც ვენეციის კომისიას თავისი აზრი გამოთქმული აქვს და საკმაოდ პოზიტიურად აფასებდა, ეს იყო სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა-დანიშვნის საკითხი. ანუ, წინა ვერსიაში ეწერა, რომ სასამართლოები (რაიონული იქნება თუ სააპელაციო) თვითონ ირჩევენ საკუთარ თავმჯდომარეს. ეს ვერსია იცოდა ვენეციის კომისიამ და მოიწონა კიდეც.

თუმცა, ბოლოში ეს შეიცვალა და დღევანდელი კანონპროექტით სასამართლოებს თავმჯდომარეებს უნიშნავს იუსტიციის საბჭო, რაც წინააღმდეგობაში მოდის ვენეციის კომისიის მოსაზრებასთან და იმ ფილოსოფიასთან, რომ ჩვენ არ გვჭირდება სასამართლოების დირექტორები და მოსამართლეებს საიმისოდ ვენდობით, რომ მათ თვითონ აირჩიონ შესაბამისად კვალიფიციური და კომპეტენტური პირი.

აი, ეს არის ის ერთ-ერთი საკითხი, რასაც ამ შეხვედრების განმავლობაში ვიკვლევთ.

"მ.კ.": და რა შემთხვევაში გამოიყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას?

ა.დ.: საბოლოო ჯამში ჩვენ ალბათ ყველა მხარესთან, მათ შორის პარლამენტთან, იუსტიციის სამინისტროსთან, უზენაეს სასამართლოსთან გვექნება მცდელობები, რომ შევჯერდეთ. ამის შედეგ გადაწყდება ყველაფერი.

"მ.კ.": პრეზიდენტმა გადაწყვეტილება 25 იანვრამდე უნდა მიიღოს...

ა.დ.: ნამდვილად ასეა, ეს არის ვადა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×