სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიას მუშაობისათვის მეტად მცირე დრო აქვს გამოყოფილი
სალომე სარიშვილი
23.01.2017

 საკონსტიტუციო კომისიამ პირველი სამუშაო სხდომა 21 იანვარს გამართა, რომელზეც კონსტიტუციაში შესატან რამდენიმე ცვლილებაზე იმსჯელეს. მმართველი ძალის წარმომადგენლებისა და კომისიის წევრების წინასწარი ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც თითქმის ყველა მიმართულებას შეეხება, 30 აპრილს იქნება მზად, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისია მასშტაბური საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მომზადებისთვის 3 თვეზე ცოტა მეტი დრო აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებების პაკეტის მომზადების შემდეგ მისი საყოველთაო განხილვა გაიმართება, ასევე დაელოდებიან ვენეციის კომისიის დასკვნას. შესაბამისად, თავდაპირველ ვერსიაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები შევიდეს და პარლამენტი მას მხოლოდ ამის შემდეგ უყრის კენჭს. "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე კენჭისყრის სავარაუდო თარიღად წლევანდელი გაზაფხულის ბოლოს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მომავალი წლის გაზაფხულს ასახელებს.

თუმცა, კონსტიტუციონალისტების ნაწილი პირდაპირ აცხადებს, რომ შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბურობის გამო, კომისიისათვის გამოყოფილი 3-თვიანი ვადა მეტისმეტად მცირეა.

მაგალითად, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ამ ვადაში კონსტიტუციის სერიოზული გადახედვა ვერ მოხერხდება, ხოლო თუკი მოხერხდა, დიდი ალბათობით ისევ ხელახლა გადასახედ დოკუმენტს მივიღებთ. ამიტომ ძაბირაძეს არ ესმის რატომ შეარჩიეს ასეთი დროის მონაკვეთი.

"თუ ეს პრეზიდენტის არჩევნებთანაა დაკავშირებული, არ მგონია, რომ ეს ნაწილი, ვგულისხმობ მისი პირდაპირი გზით არჩევის წესს, ქვეყნისთვის დამღუპველი იყოს. ისევე როგორც მთავრობის გადაყენება-არგადაყენების საკითხი და პროკურატურასთან, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები.

"ბევრი საკითხებია, რომელსაც სერიოზული მუშაობა სჭირდება. რა თქმა უნდა, შეიძლება ერთი კაცი დაჯდეს და ეს ყველაფერი ერთ თვეში გააკეთოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეს იქნება ერთი კაცის კონსტიტუცია," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

მისი შეფასებით, თავად კომისიის მუშაობის პროცედურაა შესაცვლელი. ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გვსურს კონსტიტუცია პოლიტიკური გავლენებისგან მაქსიმალურად გავათავისუფლოთ და ამასთანავე შევძლოთ ამ პროცესში რაც შეიძლება ფართო საზოგადოება ჩავრთოთ, მაშინ საჯარო განხილვები უნდა მოვაწყოთ და ეს ისე გავაკეთოთ, რომ მასში სურვილისამებრ, ყველა ადამიანი ჩავრთოთ - მნიშვნელობა არ აქვს ის კონსტიტუციონალისტი იქნება თუ არა.

"თუ ჩვენ ამ გზით არ წავალთ და საზოგადოებას პროცესში არ ჩავრთავთ, მიღებული კონსტიტუცია, როგორც ეს უწინ ხდებოდა, იქნება მმართველი ძალის, ანუ "ქართული ოცნების" კონსტიტუცია. ახლა არის "ნაციონალების" კონსტიტუცია, უწინ იყო შევარდნაძის და ახლა იქნება "ოცნების". ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მივიღოთ საჭირო კონსტიტუცია?!

"მოსწრებით, რა თქმა უნდა, მოესწრება, მაგრამ რამდენად ხარისხიანი იქნება ის, ამაზეა ახლა საუბარი. რამდენად იქნება ეს კონსტიტუცია მიახლოებული მოქალაქეებთან, ესაა მნიშვნელოვანი," - ამბობს ძაბირაძე.

მისთვის გაუგებარია რატომ აჩქარებს მმართველი პარტია პროცესებს.

"ვფიქრობ, კონსტიტუციაში შესწორებების შეტანაში მაქსიმალური მონაწილეობა ხალხს უნდა მივაღებინოთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ის დახვეწილი, საზოგადოებაზე, ქვეყანაზე მორგებული და რაც მთავარია - ლეგიტიმური.

"მომდევნო სხდომებისთვის ჩემს აზრს აუცილებლად გავგზავნი, სადაც მივუთითებ, რომ თუ ჩვენ ახალი რედაქციით მიღებულ კონსტიტუციას 2020 წლიდან ავამოქმედებთ და შესაბამისს დათქმასაც გავაკეთებთ, მაშინ ის პოლიტიკური გავლენებისგან მინიმუმდე დავა. ვფიქრობ, ამის გააზრებაა საჭირო, მხოლოდ მუხლების ჰარმონიზაცია კონსტიტუციის სპეციფიკას არ მოიცავს," - მიიჩევს კონსტიტუციონალისტი.

კიდევ ერთი კონსტიტუციონალისტი და საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე კი ეჭვობს, რომ ამ დროში სრულფასოვანი განხილვების ჩატარება ვერ მოხერხდება.

"კომისიებში შემოსული წინადადებები საკმაოდ ბევრია და რაც მთავარია, ერთმანეთისგან ძალიან აცდენილი, პრინციპულად სხვადასხვა საკითხები. ეჭვი მეპარება, რომ სრულფასოვანი განხილვები და მით უფრო, შემდგომ შეთანხმების მიღწევა ასეთ მოკლე დროში იყოს შესაძლებელი," - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

მისივე თქმით, არის ბევრი საკითხი, რომელიც ფართო განხილვებს საჭიროებს, თუმცა ამბობს, რომ ამ გადმოსახედიდან ყველაზე პრობლემურად პარლამენტის არჩევნების სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი ჩანს. ხმალაძის თქმით, ამ ორ საკითხს დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რაც ასევე ინტერესების შეჯახებას იწვევს. მისი აზრით, ამ ნაწილში შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება და მითუმეტეს მოკლე დროში.

"ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული თემა, რომელზეც ვფიქრობ, ასევე ძალიან ფართო განხილვებს საჭიროებს. ვნახოთ, როგორი იქნება დამოკიდებულება თავად კომისიის წევრებს შორის, ამაზე წინასწარ საუბარი ძალიან ძნელია.

"თუ გახსოვთ ისიც ითქვა, რომ თუ ვერ მოესწრო, კომისიას ვადას გავუგრძლებთო. ასე რომ, დაველოდოთ და ვნახოთ რა როგორ იქნება, რამდენად კონსტრუქციულად წავა პროცესი და იქნება თუ არა შესაძლებელი აზრთა შეჯერება," - დასძენს ვახტანგ ხმალაძე.

თავად საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ აპრილის ბოლოსთვის ახალი კოსტიტუციის მიღება და ასე საუბარი არასწორი ფორმულირებაა. უმრავლესობის წევრისა და კომისიის წარმომადგენლის მამუკა მდინარაძის თქმთ, ახალ კონსტიტუციას დაახლოებით 2017 გაზაფხულის მიწურულს, ან სულაც 2018 წლის გაზაფხულზე მივიღებთ. ამბობს, რომ ეს ვადა დადგენილი ჯერ კიდევ არაა. "ეს ვადა ჩვენ ავიღეთ იმისთვის, რომ კომისიამ იმუშავოს ინტენსიურ რეჟიმში და დადოს გეგმა. ანუ, თუ ვიტყვით, რომ ეს ვადა ახალი კონსტიტუციის მისაღებადაა გაწერილი, ეს არასწორი ფორმულირება იქნება. კონსტიტუციური ცვლილებებისთვის ავიღეთ დაახლოებით 1 წელი და ესაა მინიმალური ვადა. გარდა იმ პროექტის განხილვისა, რომელიც კომისიამ უნდა დადოს, ამის შემდეგ საყოველთაო, სახალხო განხილვები იქნება," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, კომისია ასევე დაელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც ქვეყნისთვის მთავარი დოკუმენტის საბოლოო მიღებისას მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

"დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნასაც, რომელთა მიმართებაშიც კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უპრეცედენტო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ თუკი ვენეციის კომისია რომელიმე სამართლებრივ ნორმას დადებითად არ შეაფასებს, ჩვენ მას არ მივიღებთ. ეს პრეცედენტი კი ქართული სამართლის ისტორიაში დათმობისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების პატივისცემად დარჩება," - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

მისი თქმით, სახალხო განხილვისა და ვენეციის კომისიის დასკვნის შემდგომ, საპარლამენტო განხილვები დაიწყება, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა კიდევ არაერთი შენიშვნა და კონსესუსი გახდეს საჭირო.

"საბოლოო ჯამში ეს იქნება 1 წლიანი ციკლი, რომლის საფუძვლეზეც ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც გადასახედი აღარ იქნება და ეს ასეც უნდა მოხდეს. ეს პროცესი კი ვერ იქნება ადვილი და ვერც ხანმოკლე, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენ გვსურს კონსტიტუცია, რომელიც რომელიმე პოლიტიურ ინტერესებს კი არ მოემსახურება, არამედ ის ქვეყნის ინტერესებზე იქნება მორგებული და მის ობიექტურობაში ყველა უნდა დარწმუნდეს," - ამბობს მამუკა მდინარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×