ენგურჰესზე წყლის სიმცირის გამო 15 თებერვლის შემდეგ შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდეს და ჩაბნელდეს. ამის შესახებ აფხაზური მედია აქტიურად წერს.
ვინ გადაარჩენს ოკუპირებულ აფხაზეთს ჩაბნელებისგან - ისევ თბილისი, როგორც ეს მოხდა გასულ წელს, როდესაც რუსეთიდან ნაყიდი ელექტრო ენეგრია გადაეცათ მათ უფასოდ, თუ ე.წ. სტრატეგიული მოკავშირე მოსკოვი, ეს ჯერ უცნობია. თავად სოხუმში დიდი იმედი აქვთ, რომ მათ "მოკავშირე" რუსეთი გაუწდის ხელს და ამისთვის "სტრატეგიული პარტნიორისთვის" თანხის გადახდასაც კი გეგმავენ.
"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ზაფხულში რუსულ მხარესთან მკაცრად დაისვა ოკუპირებულ აფხაზეთში მოძველებული ელექტრო გადამცემი ხაზების, გამრიცხველიანების მოწესრიგებისა და დენის მოპარვის აღკვეთის აუცილებლობის საკითხი. ითქვა ისიც, რომ წლებია ამ პრობლემების მოგვარებას ითხოვენ თბილისიდან, დე ფაქტო ხელისუფლება კი საპასუხოდ არაფერს აკეთებს, ამიტომაც წელს ენერგეტიკის სამინისტრო აფხაზეთისთვის რუსეთიდან ელექტროენერგიის ყიდვას არ აპირებს და შესაბამისად, არეშიძე აფხაზეთის ჩაბნელებას რეალურად პროგნოზირებს.
"აფხაზები თვლიან, რომ მათ წინაშე ყველა ვალშია..."
არეშიძის თქმით, თბილისი უარზე იციან სოხუმში და ამიტომაც ალაპარაკდნენ "სტრატეგიულ მოკავშირესთან" საკითხის მოგვარებაზე, თუმცა, რუსეთი აფხაზებს უფასოდ დენს არ მიაწვდის, ხოლო აფხაზებს ყველაფერი მუქთად უნდათ.
არეშიძის თქმით, აფხაზები თვლიან, რომ მათ წინაშე ყველა ვალდებულია: ქართველები არიან მათ წინაშე დამნაშავეები და ამიტომ ვალდებულები არიან; რუსები ვალდებულები არიან იმიტომ, რომ სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური უპირატესობა მიანიჭეს აფხაზებმა თავისი "რევოლუციური" ქმედებით. საზოგადოების დიდი ნაწილი ასე ფიქრობს.
"აფხაზურმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ მუდმივად სხვისი ჯიბის შემყურე ცხოვრება არ შეიძლება. თვითონ არაფრის კეთება არ უნდათ, უნდათ მხოლოდ მუდმივად სხვის ხარჯზე იყვნენ და თუ რუსებისთვის ეს ასე თუ ისე მისაღებია, ქართველებისთვის მისაღები არ არის," - აცხადებს არეშიძე.
კრიტიკული ზღვარი
ცნობისათვის, ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა "სპუტნიკ აფხაზეთთან" საუბარში ამბობს, რომ ჯვრის (ენგურჰესის) წყალსაცავში წყლის დონე ახლა 453 მეტრის ნიშნულზეა, მაშინ როდესაც ნორმაა 510 მეტრი, ხოლო თუ წყლის დონე კიდევ დაიწევს, მაშინ ჰესმა მუშაობა უნდა შეაჩეროს.
მისი თქმით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ძალიან მაღალია და დღეში 8 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს. ამდენად, წყლის არსებული დონე მალე კიდევ დაიწევს, რის შემდეგაც აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.
"რეალობა არის ის, რომ თუ ჩვენ წყლის გამოყენებას ასეთი ტემპებით გავაგრძელებთ, თებერვლის შუა რიცხვებიდან წყალი აღარ იქნება და ელექტროენერგიის შესყიდვა რუსეთიდან მოგვიწევს", - აცხადებს გია ხუბუა.
დენის მიწოდების შეწყვეტაზე საუბარი აფხაზეთში აქტიურად 12 იანვრიდან დაიწყო. აფხაზეთში მოქმედი ელექტროენერგიის გამანაწილებელი ე.წ. სახელმწიფო კომპანიის "ჩერნომორენერგოს" გენდირექტორმა ასლან ბასარიამ განაცხადა, რომ ენგურჰესიდან ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერების შემთხვევაში ისინი ყველა რესურსს და შესაძლებლობას გამოიყენებენ, რომ "რესპუბლიკის" ენერგომომარაგების საკითხი მოგვარდეს რუსეთთან ერთად, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან.
"ბუნებრივია, ნებისმიერი ენერგიის ნაკადს აუცილებელად სჭირდება გადახდა და სახელმწიფო შეეცდება გამოძებნოს შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებლები ელექტროენერგიის გარეშე არ დატოვოს," - რუსეთისთვის თანხის გადახდას აანონსებს ბასარია.
ცნობისათვის, ენგურჰესის დადგმული სიმძლავრე 1 300 მგვტ-ია. ჰიდროელექტროსადგურის ტურბინა-გენერატორი ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარეობს, ხოლო კაშხალი, რომელიც ქმნის წყალსაცავს - საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
ოფიციალური თბილისის "კეთილი ნების ჟესტი"
აფხაზეთს ენგურჰესიდან ელექტროენერგია მუდმივად უფასოდ მიეწოდება, ზაფხულში ჰესიდან გამომუშავებული ენერგიის 40%, ზამთარში - 100%. თუმცა, ბოლო წლებია ზამთრის პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიაზე დენის მოხმარება მნიშვნელოვნად გაზრდილია, ჰესის წყლის მოცულობა კი მათ გაზრდილ მოთხოვნებს ვერ წვდება. ამიტომაც უკვე მეორე წელია აფხაზები ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგებიან.
გასულ წლის იანვრის ბოლოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გრაფიკიც კი ამოქმედდა და მოსახლეობას დღის განმავლობაში 2 საათით, ხოლო ღამით 2-3 საათით ეთიშებოდა დენი. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი საერთოდ ჩაბნელება ემუქრებოდათ. თუმცა მოსახლეობაც, სეპარატისტული ხელისუფლებაც და იქ განლაგებული რუსული არმია ჩაბნელებას ოფიციალურმა თბილისმა გადაარჩინა. ენერგეტიკის სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგია რუსეთიდან იყიდა და ამაში აფხაზებს ერთი თეთრიც არ დახარჯვიათ.
როგორც მაშინ მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ეს ნაბიჯი "მთავრობის კეთილი ნებაა", რომელმაც ერთნაირად უნდა იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება.
მაშინ ენერგეტიკის სამინისტროს ამ "კეთილ ნებას" განსხვავებული შეფასებები მოჰყვა თბილისში. ნაწილი ამ ნაბიჯს იწონებდა, ნაწილი - აკრიტიკებდა. კრიტიკის საგანი იყო ის, რომ დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე ხდებოდა ოკუპირებული ტერიტორიის მომარაგება, მათ შორის რუსეთის ბაზების და მათი ოჯახების, თან ისე, რომ ამაში აფხაზეთში მცხოვრებლები ერთ თეთრსაც კი არ იხდიდნენ.
სხვათა შორის, ამაზე მაშინ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილიმაც კი ისაუბრა. მან თქვა, რომ ერთი წელია სეპარატისტულ ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ დანაკლისის შემთხვევაში თბილისი მათთვის ელექტროენერგიას რუსეთიდან არ იყიდდა "ჩვენი აქეთა მომხმარებლის" ხარჯზე, თუმცა შარშან აფხაზებისთვის დენის ყიდვა მაინც მოხდა.
როცა დენის გადასახადს მხოლოდ 30% იხდის
მამუკა არეშიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არა მარტო გასულ წელს, არამედ წინა წლებშიც რუსეთიდან დაბალ ფასში ყიდულობდა ელექტროენერგიას და უფასოდ აწვდიდა აფხაზებს, რაც ერთი შეხედვით კომიკურიცაა. წელს კი, მისი ინფორმაციით, ეს არ მოხდება.
ის ამბობს, რომ აფხაზეთში კატასტროფული მდგომარეობაა, კერძოდ ის, რომ მათ მოწესრიგებული არ აქვთ ელექტროგადამცემი ხაზები და ამ მოძველებულ ქსელებში იფანტება ელექტროენერგიის დიდი ნაწილი. ამას პლუს ის, რომ ასევე მოწესრიგებული არ არის და მხოლოდ 30%-მდე ხდება დახარჯული ენერგიისთვის თანხის ამოღებაც. ამ პრობლემის მოგვარებას კი თბილისი წლებია აყენებს, თუმცა არც აფხაზებს და არც რუსებს ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებიათ.
"შარშან ზაფხულში რუსებთან საექსპერტო დონეზე შეხვედრა გვქონდა. დელეგაციაში ენერგეტიკული მიმართულების ხელმძღვანელი დავით მირცხულავა იყო, სადაც ამ თემაზე ვილაპარაკეთ. ჩვენ მათ ნათლად ვუთხარით, აფხაზებისთვის მისაწოდებლად თქვენ იაფად გვაძლევთ დენს და ამაში ფულს კარგავთ, ამიტომ ეს ფული გამოიყენეთ იმაში, რომ აფხაზებს გამრიცხველიანებაში, ქსელების შეცვლასა და კონტროლში დაეხმაროთ. მათი პასუხი იყო, რომ კი, ასე უნდა მოხდეს, თუმცა არაფერი გაკეთებულა.
"ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს და როგორც ქართველი მომხარებელი იხდის ელექტროენერგიის საფასურს, ისე უნდა გადაიხადონ აფხაზებმაც. ჩვენი საქმე კი არის ის, რომ ენგურჰესი მივიყვანოთ იმ კონდიციამდე, რომ მან სრულყოფილად იმუშაოს.
"ენგურჰესს სერიოზული რემონტი სჭირდება. კალაძეს რომ ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რატომ იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზეო, დარწმუნებული ვარ ამ თემებზე იყო აფხაზეთში.
"ჩვენი მხრიდან ის წინადადებაც იყო, რომ თუ თავად ვერ აგვარებენ, ჩვენ შეგვიშვან და ჩვენ მოვაწესრიგებთ ელექტრო ხაზებს, მაგრამ რუსები ამის საშუალებას არ გვაძლევენ. აფხაზებს კი არაფერი შეუძლიათ, რადგან კადრები არ ჰყავთ და პლუს, ამ მოპარვის სქემასაც ხელს ვერ შეუშლიან, იმიტომ, რომ კლანური მმართველობაა.
"მოკლედ, ასეთი აბურდული სიტუაციაა, რომლიდანაც მე გამოსავალს ვერ ვხედავ, თუ რუსები არ ჩაერევიან კატეგორიულად," - აცხადებს არეშიძე.
მისი თქმით, აფხაზებმა იციან, რომ თბილისიდან დახმარებას არ უნდა ელოდონ, ამიტომ ახლა საუბრობენ, რომ რუსეთიდან მოაგვარებენ პრობლემას.
"მეშვიდე წელია საუბრობენ, რომ პრობლემას რუსეთიდან მოაგვარებენ. მოლაპარაკებისას რუსები საკითხს ასეთი ფორმით დააყენებენ, კი ბატონო დაგეხმარებით, მაგრამ თქვენ მიხედეთ მოპარვის საკითხს, ასევე ხაზების გამოსაცვლელად მოგცემთ ფულს და შეცვალეთ, თუმცა ამას აფხაზები არ აკეთებდნენ და არც ახლა გააკეთებენ," - ამბობს არეშიძე და აქიდან გამომდინარე პროგნოზირებს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით წელს აფხაზეთს ჩაბნელება რეალურად ემუქრება.
რა შეიცვლება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში 15 თებერვლის შემდეგ
თბილისის უარის გამო რა შედეგები მოჰყვება ამას აფხაზეთში, გამოიწვევს თუ არა ეს აფხაზების სიძულვილს კიდევ უფრო გაღვივებას, არეშიძე ამბობს, რომ - არა.
"ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. აფხაზეთში კარგად იციან, რომ ხაზები მოძველებულია და დენს იპარავენ, ამდენად აქ ქართულ მხარეს ვერ დაადანაშაულებენ და მაინცდამაინც არც ადანაშაულებენ. საგაზეთო ინტერვიუში შეიძლება ვიღაცამ ეს თქვას, მაგრამ საზოგადოებას ვგულისხმობ.
"სოხუმსა და გუდაუთაში აფხაზების უმეტესობამ არც იცის, რომ წლებია მათთვის დენს თბილისი ყიდულობს. აფხაზები რუსეთისგან მოითხოვენ დახმარებას. ისინი მიეჩვივნენ, რომ მათი ბიუჯეტის 80% რუსეთიდან უნდა ფინანსდებოდეს, რუსეთი უნდა დაეხმაროს ყველაფერში და მორჩა.
"ასლან ბასარია ახლა მორიდებულად ლაპარაკობს - ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან უნდა მოვილაპარაკოთო. მოლაპარაკებას კი ისინი ეძახიან ულტიმატუმის ენით ლაპარაკს, რომ აი, თუ ახლა ამას არ გაგვიკეთებთ, ჩვენ გავიხედავთ მაგალითად, თურქეთისკენ და ამგვარი ულტიმატუმით შეეცდებიან პრობლემა მოაგვარონ," - დასძენს არეშიძე.