რეზონანსი
23.01.2017

 საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ფრანსუა ფიონი მიიჩნევს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრობას არ იმსახურებენ. განცხადება ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გამოცემა „ლე მონდისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ფიონმა უპასუხისმგებლო უწოდა იმ პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებსაც საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურთ.

„უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინა და საქართველო არ იმსახურებენ ევროკავშირსა და ნატოში შესვლას"-ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, დასავლეთი ყოველთვის საიმედო არ არის. რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა კი ევროპის მომავლისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ის უნდა აღდგეს. ფიონის შეფასებით, რუსეთთან კონფლიქტი, არავის უნდა სურდეს.

„ეს არის ქვეყანა დემოკრატიული ტრადიციების გარეშე. მას აქვს ბირთვული იარაღი. ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი: ან ვცდილობთ შეთანხმებას რუსეთთან, ან ვეწინააღმდეგებით მას. ვის სჭირდება რუსეთთან კონფლიქტი?"-განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და დროა აღვნიშნოთ რუსეთის როლი. ის გონივრულ პოზიციაზე უნდა დავაბრუნოთ. არ ვიცი რამდენად შევძლებთ, მაგრამ ვცადოთ მაინც"-ამბობს ფრანსუა ფიონი.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×