2017 წლიდან საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი გაიზრდება და სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელფასების მატება გარდაუვალია, რადგან სააგენტოს ამას კანონი ავალდებულებს.
თემურ თორდინავას ინფორმაციით, მატება ძირითადად ყველაზე დაბალი ანაზღაურების მქონე აღმზრდელებს შეეხო.
სააგენტოს ხელმძღვანელმა პრეზენტაციისას, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.როგორც თემურ თორდინავამ აღნიშნა, გასულ წელს უკვე აშენდა შვიდი ახალი ბაღი, მიმდინარე წლის ბოლომდე კი დამატებით, 10 სკოლამდელი დაწესებულების გახსნა იგეგმება.
თორდინავა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის" ბრალდებას, რომლის თანახმადაც, პარტია მენეჯმენტისა და აღმზრდელების ხელფასების დიდ სხვაობას აპროტესტებს.
„მე ხელზე ვიღებ 2500 ლარს, რაც ფიქსირებულად 3125 ლარია. მმართველ რგოლს უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე აღმზრდელს, ეს არის ჩვეულებრივი მენეჯმენტის სურათი"- განაცხადა თორდინავამ.