რეზონანსი
23.01.2017

 შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. შსს-ს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის პირდაპირი საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. შესაბამისად, არანაირი ინფორმაციის მიმოცვლა არ ხდება.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია.

„სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ" ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის თანახმად, ძებნის ინიციატორმა სახელმწიფომ შუამდგომლობით უნდა მიმართოს იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის ძებნილი და მოითხოვოს საქმის განხილვა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომუნიკაცია არ შემდგარა. ქართულ მხარეს კი აღნიშნული პირის დაკავებისთვის საკმარისი ინფორმაცია, საფუძველი და რაიმე მოტივი არ ჰქონდა.

როგორც შსს-ს თანამშრომლებმა განაცხადეს, ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის 190 წევრ ქვეყანაში ძებნილ პიროვნებაზე, წარმოადგენს ვალდებულებას. ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება ინტერპოლის სპეციალური, დაცული ქსელის მეშვეობით.

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცი, გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთის და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ერთი კვირის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსული მხარე 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 23 დეკემბერს გამოცხადდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×