ფინანსისტების ნაწილი ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გაზრდას ურჩევს, რასაც პროგნოზირებენ კიდეც. იმის გამო, რომ ინფლაცია სწრაფად გაიზარდა, სებ-ს ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, თუმცა წინასწარ თქმა, რას მოიმოქმედებს ეროვნული ბანკი, არც ისე იოლია.
ამ დროისათვის რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-ია და სექტემბრის შემდეგ არ შეცვლილა. თუკი აქამდე ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შენარჩუნებას ინფლაციის დაბალი დონის ამართლებდა, ახლა ეს პარამეტრიც შეიცვალა, რაც ბოლო დროის კვლევებითაც დასტურდება.
კერძოდ, როგორც |თუე-ის კვლევამ აჩვენა, იანვარში საქართველოში პროდუქტებზე ფასი მომატებულია. კვლევითი ინსტიტუტი შენიშნავს, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ფასების ინდექსი მკვეთრად გაიზარდა და 10,1% შეადგინა.
საქონლის გაძვირების მიზეზად სახელდება როგორც ლარის გაუფასურება, ასევე საახალწლო პერიოდი. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ყველაზე მეტად ფასმა ღორის ხორცზე მოიმატა და ამ მაჩვენებელმა 35% შეადგინა. ასეთივე სხვაობით გაიზარდა ფასი სტაფილოზეც, პომიდორზე კი - 34%-ით. აღნიშნულ პერიოდში მოიმატა ხილის ფასმაც.
მონეტარული პოლიტიკის მიმართ სებ-ის მოსალოდნელი გადაწყვეტილებაზ საბანკო სფეროს სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ექსპერტი გოჩა თუთბერიძე ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე, შესაძლოა, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხი უცვლელად დატოვოს და პროცესებს კიდევ დააკვირდეს.
"უფრო სწორი იქნება, თუ მონეტარული განაკვეთის გაზრდას გადაწყვეტენ. სებ-ი უყურებს ინფლაციას, ასევე კურსს, მიმდინარე პერიოდში ამ მხრივ ცვლილებები მაინცდა, მაინც არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური სტატისტიკა ამ მხრივ ახალს ჯერჯერობით არაფერს გვეუბნება. ამიტომ შეიძლება უცვლელად დატოვონ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და შემდგომში შეიძლება გადაწყვეტილება შეცვალონ.
რეალურად, რასაც ვაკვირდებით, ფასი ყველაფერზე მაღლა იწევს და არც კურსის გამყარებას ველოდებით. მეტიც, სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკა არ უწყობს ხელს ეროვნული ვალუტის გამყარებას. ყველა ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ და განაკვეთი გაზარდონ. ადრე თუ გვიან ცვლილება ამ მიმართულებით მოუწევთ და ეს სწორი ნაბიჯი იქნება.
სებ-ს აქვს გაცილებით მეტი ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ, ვიდრე ჩვენ ყველას. გათვლები გაკეთდება, რის შესაბამისადაც მიიღებენ ზომებს, თუმცა, ვფიქრობ, აწევა მოუწევთ. ეს იქნება ახლა თუ რამდენიმე კვირის შემდეგ, წინასწარ საუბარი მიჭირს", - ამბობს ექსპერტი.
"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი კი ცალსახად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას პროგნოზირებს. გიორგი კეპულაძე ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ, აქციზური საქონლის გაძვირებით არის განპირობებული, რეფინანსირების განაკვეთის 7%-მდე ზრდას ელის.
კეპულაძე აღნიშნავს, რომ 100 000-ლარიანი კრედიტების მხოლოდ ლარში გაცემა გაზრდის მოთხოვნას ეროვნულ ვალუტაზე, შესაბამისად, ბანკებს რესურსის მობილიზება დასჭირდებათ. ეს კი, სავარაუდოდ, გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს ლარის სესხზე.
ერთ-ერთი მეთოდი ლარის მოსაზიდად, რომელიც შეიძლება ბანკებმა გამოიყენონ, დამატებითი დეპოზიტების მოზიდვაა. ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთები ლარის დეპოზიტებზე მოიმატებს, ეს კი თავისთავად აისახება საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე ლარში გაცემულ სესხებზე.
განსხვავებული მოსაზრებისაა ექსპერტი ლია ელიავა, რომელსაც მიაჩნია, რომ არსებულ სიტუაციაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უნდა შემცირდეს.
"ახლა, როცა მძიმე მდგომარეობაა, უნდა შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. პირიქით თუ გააკეთებს, ეროვნულმი ბანკის მხრიდან ეს არაადეკვატური გადაწყვეტილება იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე აისახება 5-6 კვარტალის შემდეგ, რასაც თვით ეროვნული ბანკი აღიარებს. ასე რომ, 1 წლის და წლინახევრის შემდეგ რა მოხდება ქართულ ეკონომიკაში, არავინ უწყის.
მონეტარული პოლიტიკა გინდ გაამკაცრონ ან შეარბილონ, ეკონომიკა ამით ვერ იხეირებს, თუმცა მსესხებლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ განაკვეთის ცვლილება. განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც ლარიზაციის პროექტში ჩაერთვებიან. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი თუ გაიზრდება, ცხადია, მათი ფინანსური მდგომარეობა კიდევ დამძიმდება.
მიმაჩნია, რომ ფული უნდა ღირდეს იაფი, რისთვსიაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უნდა იყოს დაბალი. არ ვიცი, რას გააკეთებენ. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებში ლოგიკის დანახვა საკმაოდ რთულია", - აცხადებს ლია ელიავა და დასძენს, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ ახდენს გავლენას ქვეყნის საფინანსო სექტორზე.
"რეფინანსირების სესხი არ წარმოადგენს რამე სახის ორიენტირსაც კი საფინანსო სექტორისთვის. სხვა ქვეყნებში ამ ტიპის განაკვეთის ცვლილება გამოიყენება ეკონომიკისთვის ფულის მიწოდების რეგულირების მიზნით. იდეაში, საქართველოს ეროვნულ ბანკსაც მიაჩნია, რომ რეფინანსირების განაკვეთის დაწევით კომერციულმა ბანკებმაც უნდა დასწიონ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი, რაც გაზრდის მოთხოვნას კრედიტებზე, ანუ ფულის მიწოდებას ეკონომიკისთვის. სინამდვილეში კი ასე არ არის. ამდენად, სებ-ის მიერ გამოყენებული მექანიზმი და მისი მცდელობა ეკონომიკისთვის ფულის მოწოდების თაობაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს", - დასძენს ექსპერტი.
საქართველოს ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 25 იანვარს გაიმართება.