2017 წლის ბიუჯეტს, შესაძლოა, პრობლემა შეექმნას. სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბრუნვის შემცირება, რისი ტენდენციაც წელს აშკარად გამოიკვეთა, ბიუჯეტის შემოსავლებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ კომპანიები ბიუჯეტში თანდათან ნაკლებს გადაიხდიან.
ფაქტია, რომ ფასების ზრდამ მოხმარებაზე ნეგატიურად იმოქმედა. როგორც იმპორტიორები ვარაუდობდნენ, საქონლის გაძვირება ბრუნვას მნიშვნელოვნად შეამცირებდა და ასეც მოხდა. დახლებისთვის თვალის ერთი შევლებითაც საკმარისია იმის შესამჩნევად, თუ რა მყისიერად მოიმატა ფასმა 2-3 კვირაში. ზოგი პროდუქტი, ალბათ, სამომავლოდ გაძვირდება. გვაქვს ფასის ზრდის ტენდენცია და ეს პროცესი ლამის ყოველდღიურად გრძელდება.
აქედან გამომდინარე, როგორც ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი განმარტავს, სერიოზული პრობლემა შეექმნება ბიუჯეტს, რომელსაც შენატანი შეუმცირდება.
"შემცირებული ბრუნვიდან გამომდინარე, ბიზნესმენები დღგ-ს და აქციზის სახით ნაკლებს გადაიხდიან. მიუხედავად იმისა, რომ აქციზი ზოგ სასაქონლო პოზიციაზე გაძვირდა, თუკი მოხმარებამ იკლო, ბიუჯეტი დიდ სარგებელს არც აქედან უნდა ელოდოს.
სამწუხაროდ, პრობლემა გვაქვს. ქვეყანაში, სადაც სოციალური რისკი გაზრდილია, საშუალო ქართველის მსყიდველობითი უნარი მკვეთრად არის დაცემული. მისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი მხოლოდ სასიცოცხლო მიზანს ემსახურება. ეს იწვევს სტაგნაციას, რაც საბოლოოდ ეკონომიკური აქტივობის შეკუმშვით მთავრდება. ეს არის სამწუხარო რეალობა", - აცხადებს ხუხაშვილი და დასძენს, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მაღაზია იხურება იმის გამო, რომ ბრუნვა შეუმცირდა და ეს მსხვილ სავაჭრო ცენტრებშიც იგრძნობა.
"საშუალო სტატისტიკური ქართველი დღეს დადგა გაკოტრების ზღვარზე, რაც ლარის დევალვაციამ გამოიწვია. ეს არ აძლევს ხალხს მეტი მანევრის საშუალებას, ანუ უძვირდება საქონლის თვითღირებულება ლარში. ფასების შენარჩუნება რომც მოხერხდეს, სამომხმარებლო კალათა არის საგრძნობლად დამძიმებული და ადამიანებს მხოლოდ პირველადი მოხმარების საქონლის შეძენის საშუალება აქვთ. დანარჩენი ბაზარი, ფაქტობრივად, კვდება.
როდესაც ბრუნვა მცირდება, ბუნებრივია, გადასახადების მოცულობაც იკლებს. ასეთ პირობებში ბიუჯეტმა შეიძლება ზარალი განიცადოს. ჯერჯერობით არ მინდა, მდგომარეობის დრამატიზება მოვახდინო, მაგრამ საფრთხე აშკარად არსებობს, მით უმეტეს, თუ ტენდენცია გაგრძელდა. ეკონომიკის შეკუმშვა გადასახადების კლებას გამოიწვევს, ცხადია, თუკი ამ პროცესის საპირისპიროდ რამე არ შეიცვლება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გია ხუხაშვილმა.
ფაქტს, რომ ბრუნვის შემცირება ბიუჯეტის შენატანებზე გარკვეულ გავლენას მოახდენს, ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც ადასტურებს, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ამ მხრივ პრობლემა ნაკლებადაა მოსალოდნელი.
"გაძვირების გამო გარკვეულ პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირდება, ეს ნორმალურია, რადგან გაძვირება იწვევს რეალიზაციის კლებას. ცხადია, ეს გარკვეულ გავლენას საბიუჯეტო შენატანზეც მოახდენს. თუმცა, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მომხმარებელი თუკი გაძვირებულ პროდუქტებზე დაზოგავს თანხას, მას სხვა მიმართულებით დახარჯავს. შესაბამისად, ამან ბიუჯეტის შემოსავლებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ უნდა მოახდინოს.
მაგალითად, თუკი ნაკლებ საწვავს შეიძენს მოქალაქე, დაზოგილი ფულით სხვა რამეს იყიდის. არ ველოდები, რომ ბიუჯეტს ამის გამო შეიძლება პრობლემა შეექმნას", - განმარტავს ჯანიაშვილი.
მისი თქმით, გადასახადის ზრდა ბიუჯეტში შემოსავლების მატებით იყო გამართლებული და ეს ბიუჯეტზე გარკვეულ დადებით გავლენას მოახდენს.
"ეკონომიკაში არის რაღაც ლიმიტი, როცა გარკვეული დოზით გადასახადების ზრდა ბიუჯეტში იწვევს შემოსავლების ზრდას, შემდეგ კი - შემცირებას, რადგან ეკონომიკური აქტივობა ეცემა. ერთი მხრივ, ბიუჯეტისთვის ხელის შეწყობა უნდოდათ და "ესტონური მოდელი" შემოიღეს. ამით დაზოგეს თანხა, თუმცა სხვა გადასახადები გაზარდეს. ამან შეიძლება 2017 წელს ეკონომიკაზე ცუდად არ იმოქმედოს, მაგრამ უკვე 2018 წელს მოახდინოს გავლენა და ეკონომიკური აქტივობა შეამციროს. ჯერჯერობით ასეთ სცენარს მაინც არ ველოდები", - აცხადებს ჯანიაშვილი.
მეწარმეები ადასტურებენ, რომ შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, რის გამოც ბიუჯეტში გადასახადების შეტანა უჭირთ.
კომპანია "დუს" დამფუძნებელი დავით გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ლარის კურსმა, რასაც შემდეგში საქონლის გაძვირება მოჰყვა, ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა.
"მაღაზიებს სერიოზული პრობლემა აქვთ, ისინი პროდუქტს ვეღარ ყიდიან და ვერ გვიხდიან კუთვნილ თანხას. ჩვენ ჩვენი გასაჭირი გვაქვს, მათ - თავიანთი და არც ბიუჯეტს ადგას კარგი დღე. ლარის დევალვაციამ პირწმინდად დაგვაზარალა, ბრუნვა შეგვიმცირდა და ვერ ვაკეთებთ შენატანს ბიუჯეტში. სჯობდა, საბრუნავი საშუალებები ყოფილიყო და გაეჭირვებინათ კომპანიებს, თუმცა ფასის შენარჩუნებას რეალურად მაინც ვერ შევძლებდით", - ამბობს გოგიჩაიშვილი.
რაც შეეხება მაღაზიებს, მსხვილ სავაჭრო ქსელებში პრობლემას არ აღიარებენ, თუმცა ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან დახლებისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია იმის დასტურად, რომ სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია.