"ზოგადად ამ განცხადებაში განსაკუთრებული სიახლე არაფერია, რადგან საფრანგეთის ოფიციალური პოზიციაც დაახლოებით ამგვარივეა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ საქართველომ ე.წ სკეპტიკოსი ქვეყნებში სერიოზული სამუშაოები უნდა ჩაატაროს, რათა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შეცვლა მოახერხოს", - ამგვარია პოლიტოლოგთა ნაწილის შეფასება საფრანგეთის ყოფილი პრემიერისა და ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატის ფრანსუა ფიიონის განცხადებაზე, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის განკუთვნილი არ არიან.
"შეგახსენებთ მათ უპასუხისმგებლო განცხადებებს, ვისაც სურდა საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესვლა. უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო და უკრაინა არ არიან განკუთვნილი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის", - განაცხადა საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა.
პოლიტოოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი ეს განცხადება ტრაგედიად არ უნდა მივიჩნოთ, რადგან ფიქრობენ, რომ საფრანგეთის ოფიციალური პოზიციაც დაახლოებით ასეთივეა.
მათი შეფასებით, ექსპრემიერის განცხადება, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ძალიან სერიოზული სამუშაოები აქვს ჩასატარებელი ე.წ სკეპტიკოს ქვეყნებში, რომელსაც საფრანგეთი ასევე მიეკუთვნება.
"თუ გახსოვთ, დღევანდელმა პრეზიდენტმა დაახლოებით ერთი წლის უკან იგივე განახცადა. ასე რომ, ამ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებაში ახალი მიგნება არაა. რეალურად ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ძალიან სერიოზული სამუშაოები აქვს ჩასატარებელი ე.წ სკეპტიკოს ქვეყნებში, რომელსაც საფრანგეთი ასევე მიეკუთვნება.
"აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად ალბათ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს. ასეთ სკეპტიკოს ქვეყნებში კი საფრანგეთთან ერთად, გერმანია ჰოლანდია და რამდენიმე ქვეყანა შედის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
რაც შეეხება უშუალოდ ნატოსთან ინტეგრაციას, პოლიტოლოგის შეფასებით, ამ შეთხვევაში ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი პოზიცია კი არა, გარკვეულწილად პოლიტიკური და სოციალური საკითხების გარშემო არსებული შეხედულებაა, რომელიც ფრანგული საზოგადოების რაღაც ნაწილში არსებობს.
"როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ევროპას, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, ცოტა არ იყოს და გაფართოების "აპეტიტი" არ აქვს, რაც ჩვენი დიპლომატიისთვის ერთგვარი გამოწვევაა, თუმცა ამას ძალიან ტრაგიკულადაც არ უნდა შევხედოთ, იქიდან გამომდინარე, რომ დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი აზრი იცვლება", - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.