ნინო ქეთელაური
24.01.2017

 "აშშ-ს უკანასკნელმა რამდენიმე პრეზიდენტმა უკვე სცადა და თავის მმართველობის ვადა რუსეთთან დიალოგის ორგანიზებით დაეწყო, თუმცა ეს ყველაფერი ბოლოს ისევ რუსეთთან კონფრონტაციის გაღრმავებით დასრულდა.

"ამიტომ, ბატონი ტრამპის წინასაარჩევნო პერიოდში გაცხადებული რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის სურვილი ალბათ, გარკვეული წინადადებების სახით ჩამოყალიბდება და შეეთავაზება კრემლს, მაგრამ რუსეთს იმგვარი ამბიციები აქვს, არამგონია, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია გაგებით შეხვდეს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პირველი კონტურები, დაახლოებით ორ-სამ თვეში გამოჩნდება და შეფასდება კიდეც.

ირაკლი მენაღარიშვილი: ჯერ-ჯერობით აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ნაბიჯები, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, კიდევ დაკვირვებას და დაზუსტებას მოითხოვს.

უპირველესად ამის აუცილებლობა ჩანს იქიდან, რომ უკვე გამოკვეთილია კონგრესში, ისევე როგორც წარმომადგენლობით პალატაში და სენატში, პოზიციები რომელიც არ ემთხვევა ბატონი ტრამპის განცხადებებს.

როგორც იცით, კონგრესი სერიოზული ძალაა და აქ უკვე არაერთი დაპირისპირების მაგალითი ვიხილეთ. მეორეც, ადმინისტრაციის ის წევრები, რომელიც მან უკვე დაასახელა და დაინიშნენ კიდეც, ბევრ საკითხში ტრამპისგან განსხვავებულ პოზიციებს აცხადებენ.

გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ ზოგიერთ მიდგომას თუ პოზიციას, პრეზიდენტის ადმინიტსტრაცია მისგან განსხვავებულად აცხადებს. მართალია, ეს არ არის უარყოფა, მაგრამ ტრამპისგან განსხვავებულ მოსაზრებებს აცნობენ საზოგადოებას. ეს კი, იმას ნიშნავს, ჩვენ კიდევ არაერთ საკითზე მოვისმენთ პოზიციების დაზუსტებას და შესაძლოა იყოს სერიოზული ცვლილებებიც.

"რეზონანსი": ტრამპმა, უკვე პრეზიდენტის რანგში, ნატოს მოძველებული უწოდა, როგორ შეფასებთ მის ამ განცხადებას?

ი.მ: მისი ამ განცხადების შემდეგ, ის დაზუსტებები, რაც აშშ-ს ამინისტრაციისგან მოვისმინეთ, განსხვავებული იყო. შეფასდა მიდგომები და ეხებოდა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც განსაზღვრულია ამავე ორგანიზაციის დოკუმენტებით. კერძოდ, სამხედრო ხარჯების თაობაზე არსებული შეთანხმებების დაცვის პრობლემებს ეხებოდა.

რა თქმა უნდა, ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ნატო ისეთი ორგანიზაციაა, რომელსაც ყავლი გაუვიდა და თუკი ეს მოთხოვნები და კრიტიკული დამოკიდებულება საბოლოოდ სიტუაციას მიიყვანს იქამდე, რომ ყველა წევრი სახელმწიფო მაღალი პასუხიმსმგებლობით მოეკიდება თავის ვალდებულებას, მაშინ ამგვარ მიდგომას მხოლოდ უნდა მივესალმოთ. თუმცა, ესეც ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ვარაუდია.

"რ": რა მოლოდინი გაქვთ, როგორ გაგრძელდება საქართველო-აშშ-ს ურთიერთობა?

ი.მ: ამ დღეებში, რამდენიმე თქვენი კოლეგა დამიკავშირდა და იმ კითხვებში, რომელიც დამისვეს, გარკვეული შეშფოთება ჩანდა, რომ ხომ არ შეიცვლება აშშ-ს დამოკიდებულება იმ საბჭოთა სახელმწიფოებისადმი, რომელთაც დასავლური ორიენტაცია და პარტნიორობა აირჩიეს, თუნდაც აშშ-სთან.

მე ვფიქრობ, ასეთი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ამ აზრის საფუძველს კი ის მოტივები მაძლევს, რომელიც ზემოთ უკვე ჩამოვთვალე.

"რ": როგორ ფიქრობთ, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში იქნება ცვლილებები?

ი.მ: ეს რთული სათქმელია და აქ რამე პროგნოზის გაკეთებისგან თავს არამარტო მე შევიკავებდი, არამედ სხვასაც იგივეს ვურჩევდი. აშშ-ს უკანასკნელმა რამდენიმე პრეზიდენტმა უკვე სცადა და თავის მმართველობის ვადა რუსეთთან დიალოგის ორგანიზებით დაეწყო.

ზოგიერთმა პრეზიდენტმა პუტინს თვალებში ჩახედა და იქ ადამიანი დაინახა, ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ ბუშის ეს განცხადება. პრეზიდენტმა ობამამ კი, საქმიანობა გადატვირთვის პროგრამის ანონსირებით დაიწყო, თუმცა ეს ყველაფერი ბოლოს ისევ რუსეთთან კონფრონტაციის გაღრმავებით დასრულდა.

ამიტომ, მე ასე ვიტყოდი, ბატონი ტრამპის წინასაარჩევნო პერიოდში გაცხადებული რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის სურვილი ალბათ, გარკვეული წინადადებების სახით ჩამოყალიბდება და შეეთავაზება კრემლს, მაგრამ რუსეთს იმგვარი ამბიციები აქვს, რომ არამგონია, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია გაგებით შეხვდეს.

"რ": როდის გახდება შესაძლებელი აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის შეფასება?

ი.მ: ეს ზუსტად არავინ იცის. შეიძლება ამას დასჭირდეს ერთი-ორი თვე, ან წელიწადიც. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ორი-სამი თვის განმავლობაში მეტ-ნაკლებად გამოიკვეთება ძირითადი კონტურები. ყოველ შემთხვევაში, საწყისი ეტაპის მაინც. შემდეგ უკვე ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×