"თუ ტრამპი თავის წინასაარჩევნო განცხადებებს უერთგულებს, რომელიც მან რუსეთთან და ევროპასთან მიმართებით გააჟღერა, ეს საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს", - ასე აფასებს ექსპერტების ნაწილი აშშ-საქრთველოს მომავალ ურთიერთობას.
მათივე განცხადებით, "თუ რუსეთში იმედგაცრუებაა, ეს სულაც არ ნიშავს იმას, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებას საქართველოში შამპანიურით უნდა შევხვდეთ". ანალიტიკოსების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართევლოს შეშფოთების საფუძველი არ აქვს და ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში, მნიშვნელოვნად არაფერი შეიცველება.
შეგახსნებთ, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩის იან კელის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცე დარჩება.
რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, იან კელის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთახმების მიმართულებით რამე სიახლე არ არის, თუმცა ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართოს.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ძირთადი კონტურები დაახლოებით ორ-სამ თვეში გამოიკვეთება.
"მე მაინც მგონია, რომ ორი სამი თვის განმავლობაში მეტ-ნაკლებად გამოიკვეთება ძირითადი კონტურები. ყოველ შემთხვევაში, საწყისი ეტაპის მაინც. შემდეგ უკვე ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი და აღნიშნავს, უკვე გამოიკვეთა, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასა და ტრამპს გარკვეულ საკითხებში განსხვავებული პოზიციები აქვს.
"გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ ზოგიერთ მიდგომას თუ პოზიციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტრამპის პოზიციისგან განსხვავებულად აცხადებს. მართალია, ეს არ არის უარყოფა, მაგრამ ტრამპისგან განსხვასვებულ მოსაზრებებს აცნობენ საზოგადოებას. ეს იმას ნიშნავს, ჩვენ კიდევ არაერთ საკითზე მოვისმენთ პოზიციების დაზუსტებას", - ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი.
რაც შეეხება აშშ-საქართველოს ურთიერთობას, როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, აქ არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით, ტრამპის, როგორც პრეზიდენტის პირველი განცხადებები და ქმედებები ძირითადად საშინაო პოლიტიკას ეხებოდა.
"ტრამპი უკვე შეუდგა ობამას ისტორიული მემკვიდრეობის წაშლას. საიტზე მაშინვე წაშალეს ყველაფერი, რაც ობამასთან იყო დაკავშირებული, მხოლოდ ობამას ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვა დატოვეს. იქ ახლა უკვე ახალი პრეზიდენტის გამონათქვამები და განცხადებებია განთავსებული.
"რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის ძირითად პრობლემებს, ტრამპს ჯერ ამისთვის არ მოუცლია. ამ მიმართულებით, მხოლოდ კანადასთან და მექსიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე გამოითქვა აზრი, რომელიც ტრამპს არ მოსწონს.
"ამიტომ, ახლა რომ ვთქვათ, რასაც ის საუბრობდა თუნდაც რუსეთთან, ჩინეთთან ან ევროპასთან მიმართებით, უკვე ყველაფრის შესრულება დაიწყოო, ჯერ არაფერი მსგავსი არ ჩანს", - ამბობს სოსო ცინცაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ კრემლთან მიმართებით მხოლოდ მათთვის არასასიამოვნო მესიჯი იკვეთება.
"რუსეთთან მიმართებით, კრემლისთვის არც თუ სასიამოვნო მესიჯები ჩანს. ტრამპმა უკვე პრეზიდენტის რაგში განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და მისთვის სანქციების მოხსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, პუტინი დათანხმდება თუ არა ბირთვული იარაღის შემცირებაზე ახალი ხელშეკრულების დადებასო, რაც გამორიცხულია.
"სანქციებიც რომ მოუხსნან, ყველა რუს ჩინოვნიკს პრემიები და პენსიები დაუნიშნონ, ბირთვული იარაღის შემცირებაზე ახალი ხელშეკრულების დადებას მოსკოვი მაინც არ დათანმხდება. ამიტომ არის, რომ უკანასკნელ ორ დღეში მოსკოვის პრესამ და კრემლთან დაახლოებულმა ექსპერტებმა საგრძნობლად შეცვალეს თავიანთი რიტორიკა.
"რუსულ პრესას ვათვალიერებდი და იქ რამდენიმე სტატიას წავაწყდი სათაურით - ტრამპი ჩვენი კაცი არ არის. აქ აშკარად ჩანს იმედგარუების მომენტი. თუმცა, თუ რუსეთში იმედგაცრუებაა, ეს სულაც არ ნიშავს იმას, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებას საქართველოში შამპანიურით უნდა შევხვდეთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის სასიკეთოდ ჯერ-ჯერობით არაფერი ჩანს", - ამბობს სოსო ცინცაძე.
მისი შეფასებით, თუ ტრამპი თავის წინასაარჩევნო დაპირებებს უერთგულებს, ეს საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს.
"აქ, ჩვენთან, ზალკანიანს გაუკეთებია განცხადება, რომ ტრამპის გარემოცვიდან უკვე რაღაც კარგი სიგნალები მოდისო. მე არ ვიცი, ზალკანიანი ტრამპის ახალი მინისტრებიდან ვისთან ძმაკაცობდა და ვინ უგზავნის მას ამ სიგნალებს, მაგრამ მე სრული საფუძველი მაქვს ეჭვი შევიტანო ასეთ ოპტიმიზმში.
"ყოველ შემთხვევაში, თუ ტრამპი თავის წინასაარჩევნო განცხადებებს უერთგულებს, რომელიც მან რუსეთთან და ევროპასთან მიმართებით გააჟღერა, ეს საქართველოს კარგს არაფერს უქადის", - ამბობს სოსო ცინცაძე.
როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, იმისთვის, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საქართველოსადმი დამოკიდებულება მკვეთრად გამოჩნდეს, 100 დღე უნდა დაველოდოთ.
"ამ პირველ 100 დღეში მოხდება პუტინთან შეხვედრა. თუ ეს არ შედგა, ე.ი აქ შესათანხმებელიც არაფერია. თუმცა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ რაც რუსეთისთვის ცუდია, საქართველოსთვის კარგია. ამ პოლიტიკას 9 წელიწადი ატარებდნენ "ნაციონალები" და იმიტომაც მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს. ეს არასწორი მიდგომაა.
"აი, მაგალითისთვის, 2 კვირის წინ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკანასკნელ პერიოდში ამერიკა აღარ არის ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველმყოფელიო. ეს საქართველომაც კარგად უნდა გაიაზროს. თუ მაკედონიისთვის აღარ არის უსაფრთხოების გარანტი, მაშინ ჩვენი იმედები რაზეა დამყარებული?! ამაზე პასუხი ალბათ, ისევ ზალკანიანს ექნება", - ამბობს სოსო ცინცაძე.