ვახტანგ ძაბირაძე ამგვარი ჩანაწერის აუცილებლობას ვერ ხედავს
ეკატერინე ბასილაია
24.01.2017

 "ერთი რამ მაინტერესებს ძალიან მარტივად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კონსტიტუცია ორჯერ შეცვალა და რატომ არ ჩაწერა ევროატლანტიკური მისწრაფება პრეამბულაში? რა გამოდის? ის, რომ ეს პოლიტიკაა.

"სანამ პოლიტიკასა და კონსტიტუციას ერთმანეთთან აკავშირებს, ამ ქვეყანაში სულ უბედურება იქნება. ეს მხოლოდ პიარია და სხვა არაფერი", - უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციის პრეამბულაში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება, ამ თემაზე საუბრისას ამბობს "რეზონანსთან" საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, არ იცის საკონსტიტუციო კომისიაში უმრავლესობა დაუჭერს თუ არა მხარს ამგვარ ჩანაწერს, თუმცა თავად საჭიროებას ვერ ხედავს.

ვახტანგ ძაბირაძე: კონკრეტულად რა ფორმულირებით არის მოთხოვნა, არ ვიცი და რთულია საუბარი, თუმცა ზოგადად, მე ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებაზე ჩანაწერი იყოს. ქვეყანას გაცხადებული აქვს საგარეო კურსი და ბუნებრივია, რომ ხელისუფლება ამ კურსს უნდა მიჰყვეს. თუ რაღაც შეიცვლება და მოსახლეობა სხვანაირად გადაწყვეტს, ეს უკვე სხვა საკითხია.

კონსტიტუციაში უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობას ეხება, მაგრამ ჩვენთან რატომღაც ყველაზე მთავარი არის ვილაპარაკოთ არა შიდა პრობლემებზე, არამედ საგარეო ორიენტირებზე.

"რ": რომელიმე ქვეყნის კონსტიტუციაში არსებობს საგარეო კურსზე ჩანაწერი? ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ ამის საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს.

ვ.ძ: არ ვიცი, შეიძლება სადმე არსებობს. ამ კუთხით არცერთი ქვეყნის კონსტიტუცია არ მინახავს. რომც არსებობდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც აუცილებლად უნდა იყოს. ხოშტარიას უნდა დაესახელებინა კიდეც, სად არსებობს ამგვარი ჩანაწერი.

"რ": ის ნაწილი, ვინც კონსტიტუციის საგარეო კურსზე ჩანაწერს ითხოვს, ამბობს, რომ არის ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული, ურყევი ამოცანა და ასევე ეს ერთგვარი შემბოჭავი ინსტრუმენტიც იქნება ნებისმიერი მთავრობისთვის, ვინც უნდა მოვიდეს. ხოლო "ოცნებიდან" უარი კი იმის ტესტი, რომ მათი საგარეო კურსი სულაც არ არის დასავლური...

ვ.ძ: ხელისუფლებას ირჩევს ხალხი და თუ ის რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა, ეწყობა მაიდანი. მარტივი რამეა. კონსტიტუციაში კი არ შეაქვს შესწორებები, მაიდანი ეწყობა. დანარჩენი განცხადებები კი, ჩემი აზრით, არის პიარი და მეტი არაფერი.

საუბარი იმაზე, რომ კონსტიტუციით ვიღაცას შებოჭავ, არ მესმის. თუ ხელისუფლება სხვა მიმართულებით გადაწყვეტს წასვლას, ამ ჩანაწერში ვერ ვხედავ მისი შებოჭვის მექანიზმს. უსუსური არგუმენტებია. ამგვარ შემთხვევაში დღის წესრიგში დგას მაიდნის საკითხი და არა კონსტიტუციაში დაწერილი ფორმულირება.

"ნაციონალურ მოძრაობას" მუდმივად ეს თემა აქვს, რომ ხელისუფლება ცვლის კურსს, მაგრამ რეალურად ცვლილებას და საპირისპირო ნაბიჯების გადადგმას მე ვერ ვხედავ.

თან, კონსტიტუცია იწერება ჩვენთვის, ქვეყნისთვის და ლაპარაკი იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, რომლის მომხრეც რა თქმა უნდა ვარ, არაფრის მომცემია. ასეთი კონკრეტული საკითხების კონსტიტუციაში ჩანაწერის მოთხოვნა მხოლოდ პოპულისტური განცხადებაა და მეტი არაფერი.

ღმერთმა ნუ ქნას და ქვეყანაში განწყობები შეიცვალა, ამ განწყობების ამსახველი იქნება მთავრობაც. კონსტიტუციაში კი ის უნდა იყოს ჩაწერილი, რაც ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩანაწერის მომთხოვნი ფლანგი "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

"რ": მარტო "ნაციონალებთან" ასოცირებული ჯგუფები რატომ, ამგვარ ჩანაწერს დავით უსუფაშვილი და "რესპუბლიკური პარტიაც" ითხოვდა წინასაარჩევნოდ.

ვ.ძ: რა ფორმულირებით უნდათ ჩანაწერის გაკეთება, ეს არის მთავარი და ეს არ ვიცით. ამიტომ კომენტარი რთულია. თუმცა ჩემი შეხედულებით, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, დანარჩენი არ ვიცი...

თუ ვინმე არგუმენტირებას გააკეთებს, მაგალითად ამ მისწრაფების დაფიქსირება როგორ შეზღუდავს მთავრობას, კი ბატონო, მაგრამ ამას ვერ ვხედავ. არამარტო ფორმულირებაზეა ლაპარაკი, არამედ ამ წინადადებას არგუმენტირებაც სჭირდება. არ მგონია, რომ წესიერი და სწორი არგუმენტირების პირობებში ეს ჩანაწერი აუცილებლობას წარმოადგენდეს.

ერთი რამ მაინტერესებს ძალიან მარტივად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კონსტიტუცია ორჯერ შეცვალა და რატომ არ ჩაწერა ეს პრეამბულაში? რა გამოდის, ის რომ ეს პოლიტიკაა. სანამ პოლიტიკისა და კონსტიტუციის ერთმანეთთან აკავშირებს, ამ ქვეყანაში სულ უბედურება იქნება. ეს მხოლოდ პიარია და სხვა არაფერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×