საკონსტიტუციო კომისია აქტიურად ამუშავდა და კონსტიტუციის პრეამბულაში ნატოსა და ევროკავშირში მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ითხოვენ ყოფილი და დარჩენილი "ნაციონალები", 23 ორგანიზაციისგან შემდგარი გაერთიანება "კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" და არასაპარლამეტო ოპოზიციის ნაწილი.
მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობაში არ იზიარებენ. მათი თქმით, არცერთი ქვეყნის კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს, ხოლო ქვეყანას ეს მისწრაფება უკვე გაცხადებული აქვს და საჭიროებაც არ არსებობს.
ამგვარ ცვლილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება პარლამენტში - "პატრიოტთა ალიანსი" და პარლამენტს გარეთ - ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა".
ყოფილი "ნაციონალები", ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრები კი აცხადებენ, რომ ეს ჩანაწერი იქნება ამ ხელისუფლების ტესტი - არის თუ არა "ქართული ოცნების" საგარეო კურსი რეალურად დასავლური, თუ მათგან ამაზე საუბარი არის ფარსი.
"კოალიცია ევროპული საქართველოსთვის" 23-ვე წევრმა ორგანიზაციამ ჩანაწერის გაკეთების მოთხოვნით კომისიას უკვე მიმართა კიდეც და გაავრცელეს განცხადებაც, სადაც წერია, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში ევროატლანტიკური კურსის აღნიშვნა უმნიშვნელოვანესი განაცხადი იქნება, რაც საქართველოს სახელმწიფოს საგარეო სტრატეგიული კურსის ურყევობას განამტკიცებს.
"საქართველოს უკვე აქვს გაცხადებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, თუმცა ის არ არის აღნიშნული საქართველოს სახელმწიფოს სახელმძღვანელო დოკუმენტსა და ძირითად კანონში - კონსტიტუციაში.
"ვფიქრობთ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მუდმივად დგას საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე, აღნიშნული განაცხადის კონსტიტუციის სიმაღლეზე აყვანა კიდევ ერთი გარანტია იქნება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთადერთი სწორი მიმართულებით განვითარების თვალსაზრისით", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
საკონსტიტუციო კომისიაში განსახილველად ეს თემა აუცილებლად დადგება, თუმცა ხმათა უმრავლესობით რა გადაწყდება, ვინ დაუჭერს მხარს, ვინ - წინააღმდეგი წავა და რა არგუმენტები ექნება ორივე მხარეს, ეს ჯერ უცნობია.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, ამ ჩანაწერის აუცილებლობა არ დგას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ კონსტიტუციით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს პრინციპები და სულისკვეთება, საითკენაც ქვეყანა ისწრაფვის, ხოლო იმ ევროპული ორგანიზაციების დაკონკრეტება, საითკენაც ქვეყანა მიისწრაფვის, საჭირო არ არის.
"კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს ძირითადი ფორმულირება, თუ საითკენ, რა პრინციპისკენ მივდივართ. ამ პრინციპებს დღესდღეობით ევროკავშირი პასუხობს. კონკრეტიკასთან დაკავშირებით მე თავს შევიკავებდი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ პრინციპები, რაც ევროკავშირთან გვაერთიანებს - თუ რატომ გვაქვს მისწრაფება ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. ეს პრინციპი კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს, ხოლო ის თუ რა სტრუქტურებს შეეხება, კონსტიტუციაში ამის დაკონკრეტება საჭირო არ არის", - აცხადებს ვოლსკი.
"ქართულ ოცნებისგან" ბევრად უფრო კატეგოირიულია ევროატლანტიკური მისწრაფების კონსტიტუციაში დაფიქსირებით "პატრიოტთა ალიანსი". პარტიის წევრი ადა მარშანია ამბობს, რომ ჩანაწერის გაკეთება სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებზე დაუშვებელია.
"არანაირი ჩანაწერი არავითარ პოლიტიკურ, სამხედრო თუ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებზე არ უნდა იყოს კონსტიტუციის პრეამბულაში. ეს არ ეხება მხოლოდ ნატოს. ეს ეხება ნებისმიერ ბლოკს", - მიიჩნევს მარშანია, რომლის თქმითაც, ამგვარი ჩანაწერი ჩვენ აფხაზეთთან დაკავშირებით გვბოჭავს და ეს არ შეიძლება.
აყოფილი "ნაციონალი", ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარიას თქმით, ქვეყნის მთავარ დოკუმენტში იმის დაფიქსირება, რომ ჩვენ ევროკავშირისა და ნატოს წევრობა გვინდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული, ურყევი ამოცანა.
"ეს არ არის უნიკალური მოთხოვნა, ამის საერთაშორისო პრაქტიკაც არსებობს. ეს არის ამ ხელისუფლების ერთგვარი ტესტი, რეალურად არიან თუ არა მზად ასახონ მათ მიერაც დეკლარირებული ამოცანა.
"ამიტომაც, აბსოლუტურად გაუგებარი და კიდევ ერთი ხაზგასმა იქნება ამ ხელისუფლების არამკაფიო პროდასავლური პოლიტიკის, თუ ისინი "პატრიოტთა ალიანსთან" ერთად უარყოფენ ასეთ ჩანაწერს", - აღნიშნავს "რუსთავი 2"-თან საუბრისას ხოშტარია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა ამბობს, რომ ამგვარი ჩანაწერის გაკეთება ერთგვარი შემბოჭავი ინსტრუმენტიც იქნება ნებისმიერი მთავრობისთვის, ვინც არ უნდა მოვიდეს, იმიტომ, რომ კონსტიტუცია უმაღლესი კანონია ქვეყნის.
"მმართველი გუნდის შეწინააღმდეგება იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი რეალურად არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - დასძენს რურუა.
არასაპარლამენტო ოპოზიციაში ევროატლანტიკური მისწრაფების ჩაწერის კატეგორიული წინააღმდეგია ნინო ბურჯანაძე. "რესპუბლიკელები" კი ამას მიესალმებიან.
"რესპუბლიკელების წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი ერთ-ერთი თემა იყო, რომ პრეამბულაში საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების საკითხი ჩაწერილიყო და ჩვენ ამ მოსაზრებას ვეთანხმებით", - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე კონსტიტუციაში ნატოსა და ევროკავშირში მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთების კატეგორიული წინააღმდეგია. განცხადება ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"მე არ მეგულება არცერთი ნორმალური და თავმოყვარე ქვეყანა, რომელიც თავის პრიორიტეტად კონსტიტუციაში წერდეს რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანებას.
"ეს ორგანიზაცია რომ დაიშალოს, მერე კონსტიტუცია უნდა გადავხიოთ? ეს არის ჩვენი სირცხვილი, აკვიატებული იდეა ცალკეული პოლიტიკოსების, რომლებსაც უნდათ რაც შეიძლება მეტი დაფინანსება და ქულები მიიღონ დასავლეთისგან ამ იდეების განხორციელებით.
"ცოტა სასაცილოდ გამოვიყურებით, როდესაც აშშ, დიდ ბრიტანეთი უკვე სკეპტიკურად უყურებენ ამ ორგანიზაციებს და ჩვენ კი მაინც 20 წლის წინანდელი რიტორიკით ვლაპარაკობთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.