"პროცესების გაწელვის ალბათობა თითქმის არ არსებობს"
გვანცა ღვედაშვილი
24.01.2017

 საქართველოს უვიზო რეჟიმის მისაღებად 2 პროცედურა დარჩა - კენჭისყრა მინისტრთა საბჭოში და ევროპის პარლამენტში. როდის გაიმართება ხმის მიცემის პროცედურები უცნობია ჯერჯერობით, თუმცა უვიზო რეჟიმი სავარაუდოდ მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს.

როგორც ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, მისი ვარაუდით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესი მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისიდან უნდა დაიწყოს.

კითხვაზე, როდის არის მოსალოდნელი უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ - "ძალიან მალე".

"მალე, ძალიან მალე იქნება.. ალბათ, მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში პროცესი უნდა დაიწყოს", - განაცხადა დოლიძემ.

მინისტრის თქმით, ბრიუსელოდან ახლახან დაბრუნდა და "ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს".

"რეზონანსთან" საუბრისას, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე აღნიშნავს, რომ პროცედურების დროში გაწელვის მიზეზი თითქმის არ არსებობს.

"მგონია, რომ დღევანდელი მონაცემების მიხედვით პროცესების გაწელვის ალბათობა თითქმის არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ცნობილი არ არის, რომ მსგავსი რისკი არსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა, 100%-ით ამის განცხადება შეუძლებელია", - განაცხადა ჩხიკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს უვიზო მიმოსვლის მიღებამდე 2 კენჭისყრა დარჩა. თუმცა, ჯერჯერობით ოფიციალური თარიღი, როდის გაიმართება ხმის მიცემის პროცედურები - უცნობია. არაოფიციალური მონაცემებით კი, კენჭისყრა თებერვალში იქნება.

"ამ ეტაპზე 2 პროცედურა დაგვრჩა, პირველი - კენჭისყრა მინისტრთა საბჭოში, და მეორე - კენჭისყრა ევროპის პარლამენტში. როგორც კი ეს პროცედურები დასრულდება, შემდგომ ევორკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება ყველაფერი და სტანდარტულად 21-ე დღეს გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუ სხვა თარიღი არ იქნა მითითებული.

"ჩემი მონაცემებით, კენჭისყრის ოფიციალური თარიღი ჯერ არ არის დადგენილი, თუმცა ზეპირად ითქვა, რომ თებერვლის თვეში იქნება. მაგრამ ჯერჯერობით ველოდებით ზუსტ თარიღს და ვნახოთ, როდის ჩაინიშნება", - გვითხრა ჩხიკვაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამერიკაში განვითარებულმა მოვლენება საქართველოს უვიზო მიღების თარიღთთან დაკავშირებით რამე გავლენა მოახდინოს, ვანო ჩხიკვაძე გვპასუხობს, რომ პირდაპირ ამ ორი საკითხს ერთმანეთს ვერ დავუკავშირებთ.

"ძალიან მეეჭვება ამერიკის მოვლენებმა ჩვენზე იმოქმედოს, ზოგადად ყველაფერმა შეიძლება გარკვეული გავლენა მოახდინოს, თუმცა ასე პირდაპირ ამ ორ საკითხს ერთმანეთს ვერ დავუკავშირებთ", - გვითხრა ჩხიკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×