"საქმე საქმეზე რომ მივა, პოლიცია ვანო მერაბიშვილის მხარეს იქნება"
თიკო ოსმანოვა
24.01.2017

 ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი უგულავასა და სააკაშვილს შორის არჩევანზე უარს აცხადებს და საპატიმროს დატოვებამდე პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, - მან ამის შესახებ ახლა უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას თავად უთხრა, რომელიც საპყრობილეში მის სანახავად გუშინ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს "ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-7 ყრილობა გაიმართა და პარტიის გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დატოვეს. ვიდრე პატიმრობაში იქნება, მის უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებს.

თუმცა, ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით ვანო მერაბიშვილი გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განუცხადებია და თანამდებობაზე დარჩენაზე უარი განაცხადა

"მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია", - დაწერა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მაშინ ვანო მერაბიშვილმა.

გუშინ კი ამ თანამდებობაზე ოფიციალურად უარი თავად ნიკა მელიასაც უთხრა. მელიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილის პოზიციაა, რომ იგი არ დარჩეს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

რაც შეეხება პარტიაში დარჩენის, ან პარტიიდან გასვლის საკითხს, მისი თქმით, ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას თავად ვანო მერაბიშვილი გააკეთებს.

"ის ამჟამად ელოდება სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომას, სადაც მისი საქმე განიხილება. გადაწყვეტილების შემდეგ ვანო მერაბიშვილი თავად გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას", - განაცხადა მელიამ.

მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი რომელიღაც პარტიაში გადადის.

მელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მერაბიშვილი ამ ეტაპზე არანაირ პოლიტიკურ განცხადებას არ აკეთებს.

"ვანო მერაბიშვილს აქვს სურვილი, რომ ძალიან ვრცლად ისაუბროს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ არა ახლა. ის ელოდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც აპირებს პოლიტიკური განცხადების გაკეთებას", - განაცხადა მელიამ.

აღსანიშნავია, რომ მერაბიშვილთან საპატიმროში გასულ კვირას იმყოფებოდა მისი ყოფილი ადვოკატი, უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენელი ოთარ კახიძე, რომელმაც ანალოგიური ინფორმაცია გამოიტანა.

ქვეყნის ყოფილი ხერხემალის გადაბირებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის დაწყებული "შერკინება" არ გაკვირვებიათ პოლიტოლოგებს და ამას მერაბიშვილის ავტორიტეტით ხსნიან.

"მერაბიშვილის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი - ერთადერთი, რაზეც ამან შეიძლება იმოქმედოს, არის ის ელექტოროტი, რომლის რაღაც წილი ვანო მერაბიშვილზეც მოდის. მეორეს მხრივ არ ვიცი, შიდაპარტიულ რესურსებში ვანო მერაბიშვილი, როგორც ადამიანური, რა ფასს ფლობს. და მეგონი უკვე მომავალში იგი უგულავას ფრთას აირჩევს", - გვითხრა ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, მასზე ჭიდილი, იმიტომ დაიწყეს, რომ მერაბიშვილს სამართალდამაცვების მხარდაჭერა აქვს. მისივე თქმით, საქმე საქმეზე რომ მივიდეს, პოლიცია იქნება იქ, სადაც ვანო მერაბიშვილია.

"მერაბიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" და მის ელექტორატში აღიქმება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ლიდერად. მას სამართალდამცავებში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. პოლიციელები პატივს სცემდნენ, ამიტომ "ნაციონალების" ორივე ფრთისთვის მნიშვნელოვანია, ვის მხარეს დადგება იგი.

"ეს ნიშნავს, რომ მერაბიშვილი თავის ყოფილ პოსტს გამოიყენებს არამარტო მოქალაქეების მხარდაჭერისთვის, არამედ პოლიციელების მხარდაჭერისთვისაც. საქმე საქმეზე, რომ მივა, პოლიცია იქნება ვანო მერაბიშვილის მხარეს. სწორედ ამიტომაც მიდის ჭიდილი მის მიმართ.

"500 ათასი ამომრჩევლისთვის, რა თქმა უნდა, მერაბიშვილი არის ორიენტირი, შესაბამისად თუ იგი უგულავას ფრათაში გადავიდა, "ნაციონალური მოძრაობა" დაკარგავს იმ მხარდამჭერებს, რომელიც წლების განმავლობაში ჰყავდა", - გვითხრა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×