ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის, შეხვედრის დროს, საქართველო-უკრაინაზე დიდი ვაჭრობა დაიწყება. ამიტომაც, მისი აზრით. ჩვენმა ქვეყანამ თავი იმ პროდუქტად უნდა შემქნას, რომლის გაყიდვა, ან დათმობა ამერიკამ ადვილად არ შეძლოს.
ხუხაშვილის თქმით, საქართველოს პრობლემას ის გარემოებაც წარმოადგენს, რომ ამ ორ დიდ ქვეყანას შორის ჩვენ უკრაინის ქეისში განხილულები ვიქნებით, რაც კიდევ უფრო დიდ რისკებს აჩენს.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ლობისტები და კარგი დიპლომატები ვეღარაფერს გახდებიან და ეს ხერხი აღარ გასჭრის.
"რეზონანსი": ამერიკის პრეზიდენტმა ინაუგურაციის დროს წარმოთქმულ სიტყვაში, საგარეო პოლიტიკა და პარტნიორი ქვეყნები, რომლებთანაც ის თანამშრომლობას აპირებს, ერთხელაც არ ახსენა. როგორ ფიქრობთ, ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში ხომ არ შეიცვლება?
გია ხუხაშვილი: ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ მსოფლიოში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. ის ლიბერალურ-გლობალისტური პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია და ადგილი იყო განსაზღვრული, სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.
შესაბამისად ცვლილებები ალბათ იქნება, როგორც ჩანს ტრამპი უფრო პრაგმატული პოლიტიკის მომხრეა. ის არის ბიზნესმენი, რომლისთვისაც არ არსებობს პროდუქტი, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება, თუ შესაბამისი ფასის გადახდა მოხდა.
ამ სავაჭრო დახლზე საქართველო როდის აღმოჩნდება და საერთოდ თუ აღმოჩნდება, ძნელი სათქმელია.
ვაშინგტონის დღევანდელი მიდგომა, რა თქმა უნდა, რისკების შემცველია. შესაბამისად ჩვენი დიპლომატია ფუნქციის ძებნას უნდა ჩამოშორდეს - ქვეყანა შიგნიდან უნდა გაძლიერდეს. საკუთარი ქვეყნის კაპიტალიზაცია მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. უნდა შევქმნათ ისეთი კაპიტალი, რომელიც ადვილი გასაყიდი და დასახურდავებელი არ იქნება.
"რ": რა სახის კაპიტალის შექმნას გულისხმობთ, რით შეიძლება ტრამპის დაინტერესება მოვახერხოთ?
გ.ხ: ცივილიზებულ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია არა როგორც გეოგრაფიულ დონეზე უნდა მოხდეს, არამედ ვიფიქროთ ფასეულობებზე, რომლის მეშვეობითაც ძნელად გასაყიდი გავხდებით.
"რ": რამდენიმე დღის წინ პუტინმა განცხადება გააკეთა, რომ ის ტრამპთან შესახვედრად მზად არის. რა მოლოდინი არსებობს და როგორ ფიქრობთ, ამერიკა საქართველოს და უკრაინასთან მიმართებაში რამდენად პრინციპულ პოზიციას დაიკავებს?
გ.ხ: ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციების, საგარეო კონცეფციიდან გამომდინარე, საქართველო და უკრაინა ყოველთვის როგორც გეოპოლიტიკური კოზირი, ისე იყო გამოყენებული. ამ კუთხით ტრამპის პოზიცია შესუსტებული იქნება.
ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებში საქართველო რომ ერთ-ერთი თემა იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. სამწუხაროდ ჩვენ უკრაინასთან ერთად განხილული ვიქნებით - ეს კი კარგი არ არის.
საქართველოს საგარეო პოლიტიკაში თავისი დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს. ახლა ეს რისკები ერთი ათად იზრდება, რადგანაც უკრაინა რუსეთისთვის ძალიან პრინციპული საკითხია და ამერიკა-რუსეთს შორის რამე ტიპის მოლაპარაკებები თუ შედგა, ბუნებრივია რომ უკრაინის თემა, როგორც სტრატეგიული გავლენის თემა, მუდმივად აქტუალური იქნება.
ჩვენ ქვეყანა კი ამ საკითხში ბონუსის სახით იქნება წარმოდგენილი. აჯობებდა, რომ საქართველოს საკითხის განხილვა ექსკლუზიურად მომხდარიყო.
"რ": ამერიკის ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებს, თუმცა სახელმწიფო მდივნის დანიშვნას უნდა დაველოდოთ და დასკვნების გამოტანას მას შემდეგ უფრო მკაფიოდ შევძლებთო...
გ.ხ: საქმე იმაშია, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციაში ლობისტებს დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება და ისინი დიდად ვერაფრით ვეღარ დაგვეხმარებიან. დიპლომატებს და ლობისტებს აზრი წინა ადმინისტრაციების დროს ჰქონდა.
დიდი ვაჭრობა როდესაც დაიწყება, საქართველო ისეთი პროდუქცია უნდა იყოს, რომელიც ადვილად დასახურდავებელი არ იქნება. ამას როგორ მოვახერხებთ, ვერ გეტყვით.
რამდენადაც ვიცით, სახელმწიფო მდივნად დიდი ალბათობით, ტილერსონი დაინიშნება. ისიც ბიზნესიდან მოდის და რეალური პოლიტიკის მომხრე იქნება. ამერიკის ელჩის განცხადებების დამაჯერებლობა მაღალი არ არის. ის ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ შეიძლება ერთს ამბობდეს და საწინააღმდეგოს ფიქრობდეს.