უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი რუსეთში ექსტრადირების მოლოდინშია
თიკო ოსმანოვა
24.01.2017

 ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, მოსკოვის მოთხოვნით უკრაინაში დააკავეს და ახლა ექსტრადირების მოლოდინშია. საქართველოს ხელისუფლება უძლურია, თუმცა მისი დაცვის პირობას მაინც დებს.

გია ცერცვაძე ერთი კვირის წინ უკრაინაში აიყვანეს. მას რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა. რუსეთის მიერ უკრაინაში გადაგზავნილ საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებენ.

მისი უკრაინელი ადვოკატი "რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობს, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის მონაწილეებზე ნადირობის ახალი სეზონი გამოაცხადა და ამ პროცესის მთავარი მოკავშირეები ქართველი მაღალჩინოსნები არიან.

ჯარისკაცი გია ცერცვაძე უკვე ერთი წელია რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს ეხმარება. 15 იანვარს ცერცვაძე უკან, უკრაინაში დაბრუნდა, როდესაც ის კიევის აეროპორტში დააკავეს. ოჯახის მტკიცებით, კრიმინალურ ისტორიაში მონაწილეობა რუსეთში მასზე შურისძიების მიზნით გამოიგონეს.

საქმის მასალებს შორის, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გადააგზავნა, არის გია ცერცვაძის დეტალური პერსონალური მონაცემები, რომელიც საქართველოს მთავრობის გარდა სხვაგან არსად ინახებოდა.

ირკვევა, რომ საქართველოს იუსტიციის, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან მოსკოვის ხელში აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის ყველა პასპორტის მონაცემი, რაც კი მის სახელზე საქართველოში გაცემულა, ასევე სრული ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ, სადაც გია ცერცვაძეს საზღვარი გადაუკვეთავს.

"რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებითა და ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საზღვარზე გაშვებით, მთავრობამ ის დაპატიმრებისთვის გაიმეტა, - ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და განათლების ექს-მინისტრმა ხატია დეკანოიძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მან საქართველოს ხელისუფლება "მოღალატეობრივ პოზიციაში" დაადანაშაულა.

"ვინაიდან საერთაშორისო პრინციპებიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეს ვერ გადასცემდა, შსს-მ განზრახ გაატარა გიორგი ცერცვაძე საზღვარზე, რათა სხვა სახელმწიფოს მისი რუსეთისთვის გადაცემის საშუალება ჰქონოდა. ეს არ არის სახელმწიფო ინტერესების შებღალვის პირველი მაგალითი", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ხელისუფლება კი ცერცვაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს. ამბობს, რომ რუსეთის არცერთ ორგანიზაციასთან არ თანამშრმლობს, შესაბამისად, ცერცვაძის პირადი ინფორმაცია საქართველოდან რუსეთში ვერ მოხვდებოდა.

რაც შეეხება მისი ექსტრადირების საკითხს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეს ორი ქვეყნის გადასაწყვეტია და საქართველო ამ საკითხში უძლურია.

"რამდენადაც ძებნილი საქართველოს მოქალაქეა, ჩვენს მესაზღვრეს მისი დაკავების და გადაცემის უფლება ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მომთხოვნი მხარე გამოაგზავნიდა შესაბამის საქმეს - რამდენადაც საქართველოს არანაირი თანამშრომლობა არ აქვს რუსეთის პოლიციურ სამსახურებთან და მათ არაფერი გადმოუციათ.

"შესაბამისად, ჩვენ მესაზღვრეს არ ჰქონდა ვალდებულება მისი დაკავების, მეტიც - არც იმის შეტყობინების ვალდებულება აქვს, რომ იგი ძებნილია. მესაზღვრე მოქმედებდა ჩვენი კანონმდებლობის ინტერპოლთან გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში და ის არ დააკავეს და მისცეს საზღვრის გადაკვეთის საშუალება", - გვითხრა სესიაშვილმა და დასძინა, რომ რუსეთისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

"რაც შეეხება იმ ცრუ ბარლდებებს, რომ თითქოს ჩვენ რუსეთს მივაწოდეთ პირადი ინფორმაცია, ეს არის სრული აბსურდი, თავხედობა. ჩვენ რუსეთის არცერთ შესაბამის სამსახურთან არ გვაქვს ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა.

"რაც შეეხება ინტერპოლს, მასთან მიმართებაში გვაქვს ვალდებულება, რომ თუკი ძებნილ პირზე რამე ინფორმაცის გვთხოვს, მივაწოდოთ. შესაბამისად, თუ რამე ინფორმაცია გავიდა ჩვენგან, ეს გავიდა ინტერპოლში და არა რუსეთში.

"უკრაინულ მხარეს ჰქონდა ვალდებულება პირი დაეკავებინა, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული პირი იყო სხვა ქვეყნის მოქალაქე. უკარაინამ ახლა უნდა მოითხოვოს მისი სისხლის სამართლის საქმე და გადაწყვიტოს მისი გადაცემა-არგადაცემის საკითხი. ქართულ მხარეს ამ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს, ამას არეგულირებს ინტერპოლის კონსტიტუცია და ქვეყნებს შორის შეთანხმება.

"ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია, არის პოლიტიკურად მოტივირებული და მეტი არაფერი. ის, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეს დავიცავთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს მიუხედავად იმისა, თუ რა დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი", - გვითხრა სესიაშვილმა.

ცერცვაძესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს შს სამინისტროში და როგორც "რეზონანსს" მღებრიშვილის უწყებაში განუცხადეს - "ქართულ მხარეს არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც არავითარი მოტივი არ ჰქონდა პირის დაკავებისთვის ან მისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვისთვის.

"საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის პირდაპირი საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. შესაბამისად, არ ხდება არანაირი ინფორმაციის მიმოცვლა. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია.

"სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ" ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის თანახმად, ძებნის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიმართოს შუამდგომლობით იმ ქვეყნის კომპეტენურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის ძებნილი პიროვნება და მოითხოვოს საქმის განხილვა.

"შესაბამისად, ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე დასაკავებლად, იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დანაშაულის ჩადენა, უნდა გადმოეგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები საქართველოს შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული კომუნიკაცია არ შემდგარა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. ამდენად, ქართულ მხარეს არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც არავითარი მოტივი არ ჰქონდა ზემოთ აღნიშნული პირის დაკავებისთვის ან მისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვისთვის.

"აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, მესაზღვრის ან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავის მოვალეობას ასრულებს, ვალდებულებაა, შეამოწმოს საზღვრის გადაკვეთისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები, მათი ვადები, კანონიერება და რამდენად უფლებამოსილია პირი, გადაკვეთოს საზღვარი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

"შესაბამისად, თუ დოკუმენტაციაში რამე სახის დარღვევა არ იკვეთება, ამავე დროს, პირი არ არის ძებნილი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მესაზღვრე ან საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი ვალდებულია, შეუფერხებლად გაატაროს იგი", - განუცხადეს "რეზონანსს" სამინისტროშ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×