დადასტურდა ინფორმაცია, რომ კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან თანხებს არასწორად იღებდნენ. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამ ყველაფრის მკაცრად გაკონტროლებას აპირებს. დარგის სპეციალისტებს გახმაურებული შემთხვევები უცნაურად არ ეჩვენებათ, რადგან მთავრობას ამის შესახებ კარგა ხანია აფრთხილებდნენ.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, 2017 წლის დასაწყისიდან ჯანდაცვის სამინისტრომ მთელი რიგი რეფორმების დაწყების შესახებ გამოაცხადა, "რომელიც შეიძლება გამოიხატოს პაციენტის უსაფრთხოების და მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარების მიღების კონცეფციაში".
მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, სანამ სასამართლო მიიღებს საბოლოო შედეგს, იქამდე ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლებამოსილება, რომ არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლა გააკეთოს, ანუ დაქვითოს შემდგომი თვის ანაზღაურებებიდან.
"სტატისტიკური ინფორმაციით, ასეთ საკითხებზე სასამართლო დავების 95%-ზე მეტი ჯანდაცვის სამინისტროს მოგებული აქვს. მაგალითად, მასშტაბებზე რომ შევიქმნათ წარმოდგენა, მიმდინარეობს დავა 21-ზე მეტ კლინიკასთან 100-ზე მეტ შემთხვევაზე, ჯამში 8 მილიონ ლარზე. ვფიქრობ, ეს ცვლილებები, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სფეროში თანხების აქტიურ ფინანსურ მიმოქცევას, მეორე მხრივ კი, უფრო მოქნილს გახდის თანხების ადმინისტრირებას.
გასაგებია, რომ კლინიკების ნაწილს ეს არ მოეწონება. გამოიკვეთა კიდეც კლინიკები, რომლებიც უსასრულოდ აგრძელებენ სასამართლო დავას. ამ დადგენილებით ჩვენ საშუალება მოგვეცემა, მაქსიმალურად ეფექტურად და პირველ რიგში, პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით განვახორციელოთ ეს ცვლილებები", - განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი ვახტანგ მეგრელიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, როგორც დამფინანსებელმა არ უნდა შეითავსოს მოსამართლის როლი. თუმცა იმასაც უსვამს ხაზს, რომ დღევანდელი შედეგი სამინისტროს არასწორი პოლიტიკის ბრალია, რაც სამომავლოდ უნდა გამოსწორდეს, რადგან თავიდან აირიდონ კორუფციის საფრთხე.
"ნებისმიერი სადაზღვევო კომპანიასა და კლინიკას შორის მსგავსი დავა არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. ზუსტად ასეთი შემთხვევების შემდეგ ხდება მათ შორის ურთიერთობის მოწესრიგება. ამგვარი დავა სამართლიანად წყდება სასამართლოში. მე პირადად არასწრორად მიმაჩნია, რომ სამინისტრო თავად ითავსებს მოსამართლის ფუნქციას, რადგან ეს უწყება არის თავად დამფინანსებელი.
არ მესმის რატომ გადაწყვიტეს ერთპიროვნულად, რომ ეს კლინიკები მართლები არ არიან. როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო, ფაქტობრივად, ეს ფუნქცია წაართვა კერძო სექტორს. ჩემი აზრით, სანამ პირობები არ გათანაბრდება, ამ სფეროში არაფერი შეიცვლება და კიდევ უარეს მდგომარეობას მივიღებთ.
თუკი ჯანდაცვის სამინისტრო ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიმე კლინიკას ამოიღებს პროგრამიდან, ეს იქნება კორუფციის საფრთხის შემცველი. სამინისტრომ ვერ მოახერხა იმ ხარჯების ადმინისტრირება, რომლის გადაფარვასაც ახდენდა და პასუხისმგებლობა გადაიტანა სამედიცინო სექტორზე.
გასაგებია, რომ, თავის მხრივ, კლინიკები ზედმეტი თანხის აღებას ეცდებოდნენ, მაგრამ აქ მთავრი ისაა, თუ რამ გამოიწვია ეს. რასაკვირველია, ეს იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში გაატარა მთავრობამ", - განუცხადა "რეზონანსს" მეგრელიშვილმა.