სომხეთში 1 კოლოფი სიგარეტი საქართველოსთან შედარებით 1 ლარით იაფი ღირს
ნათია ლომიძე
25.01.2017

 თამბაქოს ნაწარმზე აქციზის მკვეთრად გაძვირების გამო, საქართველოში სიგარეტის არალეგალურად შემოტანის შემთხვევებმა ერთბაშად მოიმატა. მარტო ერთ კვირაში არადეკლარირებული პროდუქტის შემოტანის 3 მცდელობა გამოვლინდა. გადასახადის მატებასთან ერთად, თამბაქოს იმპორტიორები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ქვეყანაში კონტრაბანდის გაზრდის საშიშროება გაიზრდებოდა და ეს დადასტურდა კიდეც.

22 იანვარს შემოსავლების სამსახურის მიერ, 40 940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო" დიდი ოდენობით, 22 340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი საქართველოში სომხეთის მოქალაქეს, გ.ს-ს კუთვნილ ავტომანქანაში, სავარძლების ქვეშ, ძარის კონსტრუქციაში, სათადარიგო საბურავის შესანახ ადგილას, ასევე მანქანის იატაკის ქვეშ მოწყობილი სპეციალური სამალავებით შემოჰქონდა. ამავე დღეს, ასევე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი - 18 600 ღერი, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში - "ნინოწმინდა" - აღმოაჩინეს. საქონელი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის, კ.მ-ს კუთვნილ ავტომობილში მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული.

14 იანვარს კი შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 1760 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს, საბაჟო გამშვებ პუნქტში - "სადახლო-საავტომობილო". ყველა მოქალაქეს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისმა ორგანიზაციამ არაერთხელ გააფრთხილა მთავრობა კონტრაბანდის გამო. მსგავსი ფაქტების მატება სამომავლოდაც არ არის გამორიცული.

"კონტრაბანდა პირდაპირ კავშირშია აქციზის გადასახადის მატებასთან. როდესაც აქციზის გაზრდა დაანონსდა, სპეციალისტები აქტიურად ვურჩევდით მთავრობას, რომ გამკაცრებულიყო კონტროლი ამ მიმართულებით. საერთაშორსო და ადგილობრივი პრაქტიკაც გვაჩვენებს (საკმარისია 2005 წლის მაგალითით, როდესაც კონტრაბანდული საქონლის ისეთი ზრდა იყო, რომ ლეგალურ ბიზნესს შეუქმნა დიდი საფრთხეს) - როდესაც ქვეყანაში მაღალია გადასახადი და მეზობელ ქვეყანაში ერთ კოლოფ სიგარეტზე გაქვს 1 ლარის სხვაობა (მაგალითად, "ვინსტონი" სომხეთში 1 ლარით უფრო იაფი ღირს), ეს ყოველთვის აჩენს კონტრაბანდული ტვირთების გადმოზიდვის საფრთხეს.

ამის შესახებ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ შეიძლება მიგვეღო უარყოფითი შედეგი, მაგრამ არ მოგვისმინეს. ახლა ჩვენ ვართ სერიოზული რისკის წინაშე, რომ კონტრაბანდული ბაზარი ისევ გაცოცხლდეს საქართველოში და ისევ მივუბრუნდეთ იმ ბნელ წლებს, როდესაც ამ შავ ბაზარს ეკავა თითქმის 50%", - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

თამბაქოს იმპორტიორმა ილია ჟღენტმა "რეზონანსს" განუცხადა, რომ კონდრაბანდის მომძლავრების საშიშროებას აქციზის გადასახადის გაძვირების დღიდან ხედავდა. მისი ინფორმაციით, "შავ ბაზრის მუშაკები" სამომავლოდაც შეეცდებიან უკანონო გზით საქართველოში თამბაქოს შემოტანას.

"იმის გამო, რომ მეზობელ ქვეყნებში შედარებით იაფია სიგარეტის ღირებულება, კოტრაბანდის საფრთხე მატულობს. რაც უფრო ძვირდება ჩვენთან სიგარეტი, მით უფრო მომხიბვლელი იქნება არალეგალური საქმიანობის განხორციელება. "შავი ბაზარი" თანდათან ამუშავდა. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მსგავსი ფაქტები, ალბათ, კიდევ მოიმატებს", - განაცხადა ილია ჟღენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×