ნინო ომანაძე
25.01.2017

 ამ რამდენიმე დღის წინ, გაგრის რაიონის სოფელ ალახაძის მკვიდრმა, ეთნიკურმა სომეხმა, 15 წლის გრაჩ სარუხანიანმა, სოციალური ქსელით ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც, მოზარდი, ჭაღზე დაკიდულ აფხაზურ დროშას, კარატეს ილეთით ძირს აგდებს და ფეხით თელავს.

ამ ვიდეოჩანაწერმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია აფხაზურ სოციალური ქსელებში და აფხაზეთის მოსახლეობაში, მათი უმეტესობა "წმინდა სიმბოლიკის" შეურაცხმყოფელის კანონით დასჯას მოითხოვს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს გაგრის რაიონის მე-3-ე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში შეხვედრა შედგა.

შეხვედრას გაგრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზაურ ბგანბა, აფხაზეთის "პარლამენტის" ვიცე-სპიკერი ვაგარშაკ კოსოიანი, აფხაზეთის ომის ვეტერანები, აფხაზი სამართალდამცავები, სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელები და 15 წლის მოზარდის მამა ესწრებოდნენ

როგორც აფხაზური მედია გამოცემა "აპსნი.რუ" იუწყება, შეხვედრაზე "პარლამენტის" ვიცე-სპიკერმა, აფხაზეთის "ომის გმირმა" ვაგარშაკ კოსოიანმა, ნაციონალური სიძულვილის ფაქტები დაგმო და განაცხადა: "20 წლის წინ, 15 წლის ბიჭები, ამ დროშით ხელში იბრძოდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის, ძნელი წარმოსადგენია, რა რეაგირება ექნებოდათ მათ, ამ კადრების ხილვისას."

მისივე განცხადებით, ამ ფაქტის შემდეგ, გაგრის რაიონის ყველა საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა სკოლის დირექციასთან და მასწავლებლებთან, მათ დაევალათ, პერიოდულად ჩაატარონ ღია გაკვეთილები და აუხსნან მოსწავლეებს სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობის შესახებ.

"აფხაზური დროშის" შეურაცხმყოფის ფაქტს ეხება გამოცემა "ეხო კავკაზაც". მედია-გამოცემის ინფორმაციით, 22 იანვრის შეხვედრაზე გრაჩ სარუხანიანის მამამ, აშოტ სარუხანიანმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ბოდიში მოიხადა

"სანამ აქ მოვიდოდი, ვესაუბრე ჩემ შვილს, მე ვუთხარი მას, რომ მისი საქციელის გამო, იძულებული ვარ სახალხოდ მოვიხადო ბოდიში, ვკითხე, რას იზამდა ის, რომ ჰქონოდა საშუალება დასწრებოდა ამ შეხვედრას, რაზეც მიპასუხა, რომ მუხლს მოიყრიდა თქვენ წინაშე. აქ მსხდომი ადამიანების უმეტესობა მიცნობს მე და ჩემ ოჯახს, ჩემმა ძმამ სისხლი დაღვარა აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში! მე გიხდით ბოდიშს ჩემი ოჯახის და შვილის სახელით, თუ შეძლებთ, იქნებ აპატიოთ!"

როგორც ჟურნალისტი ვალერი შარია აღწერს, აშოტ სარუხანიანმა მუხლი მოიყარა და ისე ითხოვა პატიება.

მოგვიანებით 15 წლის მოზარდმა ახალი ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც გრაჩ სარუხანიანი მუხლებზე მდგარი იხდის საჯარო ბოდიშს და იატაკზე დაფენილ "აფხაზურ დროშას" კოცნის.

"რაზონანსი" ესაუბრა აფხაზეთის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევის სამმართველოს თანამშრომელს გულიადა ჭკადუას, რომელმაც ამ ეტაპზე ეთნიკურ სომხებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირების არსებობა გამორიცხა.

გულიადა ჭკადუა: "აფხაზურ-სომხური თემა, ძალიან დელიკატურია, ბევრი მედია გამოცემა წერს აფხაზეთის სომხურ მოსახლეობასა და ეთნიკურ აფხაზებს შორის წარმოქმნილი დაპირისპირების შესახებ, თუმცა, იმ სივცეში, რომელზეც ჩვენ ხელი მიგვიწვდება, მსგავსი რამ არ აისახება. აფხაზეთის "პარლამენტის" სომეხი ეროვნების წევრებიც უარყოფენ ეთნიკური დაპირისპირების არსებობას.

"უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ორ ეთნოსს შორის დაპირისპირება არც ერთ მხარეს არ აწყობს, სომხური თემი ძალიან მრავალრიცხოვანი თემია აფხაზეთში, 2011 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებით სომხები აფხაზეთში 45.000 ადამიანს წარმოადგენენ, თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ აღწერის შედეგები გაყალბდა და უფრო მეტი არიან. აფხაზეთის ტერიტორიაზე არის 30-ზე მეტი სომხური სკოლა.

"მე მგონია, რომ დროშის შეურაცხყოფის ფაქტი ბავშვურ საქციელად უნდა ჩაითვალოს, მითუმეტეს, რომ ამ მოზარდის ოჯახმა და თვითონ მოზარდმაც ბოდიში საჯაროდ მოიხადა. თუ სომხებსა და აფხაზებს შორის რამე დაპირისპირება გაღვივდება, ეს იქნება მესამე ძალის სურვილით და მხარდაჭერით წარმოშობილი კონფლიქტი, სომხებიც საკმაოდ ფრთხილად იქცევიან," - განაცხადა გულიადა ჭკადუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×