მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების ცალსახა პოზიცია პარტიაში განვითარებული მოვლენების შესახებ ჯერ კიდევ უცნობია, "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, რომ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერად დიდი ალბათობით კვლავ რჩება თავდაცვის ექსმინისტრი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია. ხოლო რაც შეეხება ყოფილ შს მინისტრს, რომელიც ასევე პატიმრობაშია, ის შესაძლოა პოლიტიკას საერთოდ გამოეთიშოს და შესაბამისად, არც "ნაცმოძრაობაში" დარჩეს და არც "ევროპულ საქართველოში" გადაინაცვლოს.
2 დღის წინ კი ისიც ცნობილი გახდა, რომ ექს შს მინისტრსა და პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს "ნაცმოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება აღარ სურს. ამის შესახებ მან მატროსოვის ციხეში მასთან შესახვედრად მისულ ნიკა მელიას უთხრა. როგორც მელიამ საპყრობილის დატოვების შემდგომ განაცხადა, პარტიის ახალი გენერალური მდივნის არჩევის საკითხზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს.
მელიამ იქვე ისიც დაამატა, რომ მერაბიშვილს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვრცლად საუბარი სურს, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ექსმინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის, ის ამ თემაზე ჯერჯერობით არ საუბრობს.
პოლიტიკურ პროცესებზე განცხადებას კი, როგორც "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, მერაბიშვილი მხოლოდ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდგომ გააკეთებს.
მანამდე კი "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, რომ მერაბიშვილს ცალსახა მხარდაჭერა არც "ნაცმოძრაობისთვის" გამოუცხადებია და არც მათგან წასული "ევროპული საქართველოს" გუნდზე უთქვამს რაიმე.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მას პარტიის დატოვების შესახებ მელიასთვის გადაჭრით არაფერი უთქვამს და შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ ვანო მერაბიშვილი უახლოეს მომავალში პოლიტიკას საერთოდ გამოეთიშოს.
თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მერაბიშვილი სულ ახლახანს (სანამ "ნაცმოძრაობა" გაიყოფოდა) პოლიტსაბჭოს ჩატარების მომხრე იყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი ბოკერიას ფრთის პოზიციას ჯერ კიდევ მაშინვე იზიარებდა. სწორედ მას შემდეგ გაჩნდა მედიაში მოსაზრება, რომ იგი ბოკერიას ფრთას შეუერთდებოდა.
"ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი რომელიღაც პარტიაში გადადის. ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებ, პოლიტიკური საბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება ცენტრალურ ოფისში და გადაწყვეტილებას იქ მივიღებთ," - განაცხადა ნიკა მელიამ ვანო მერაბიშვილის პოზიციაზე საუბრისას.
"ნაცმოძრაობის" კიდევ ერთი წევრისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით კი, მერაბიშვილი თავისი პოზიციით არა პარტიის, არამედ საკუთარ მომავალს განსაზღვრავს და შესაბამისად, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას, რომელიც ასევე პატიმრობაში იმყოფება, "ნაცმოძრაობაში" განვითარებული მოვლენების შემდგომ მან სააკშვილს სოციალურ ქსელში მხარდაჭერა გამოუცხადა და ამით საკუთარი ერთგულება "ნაცმოძრაობისადმი" გამოხატა.
გარდა ამისა, ახალაიას პოზიციას მისი მეუღლის, ანი ნადარეიშვილის მხარდაჭერაც მოწმობს, რომელიც სულ ახლახან, "ნაცმოძრაობის" 20 იანვრის ყრილობაზე იმყოფებოდა და გუნდს მხარდაჭერას უცხადებდა.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაია ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში, როგორც პარტიის წევრი არ ირიცხება, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, იგი გუნდის მხარდამჭერად ისევ რჩება, ისევე როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოდან წასული ასევე ექსთავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ბოკერია-ბაქრაძის ფრთას შეუერთდა, თუმცა თავად "ევროპულ საქართველოში" ამ საკითხზე, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილსა და ძმებ ახალაიებზე, საერთოდ არ საუბრობენ.
ორი კვირის წინ კი უკრაინულ "ვიკილიქსზე" ყოფილი პრეზიდენტისა და "ნაცმოძრაობის" დეპუტატის კობა ნაყოფიას სავარაუდო ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სააკაშვილი მას პარტიში მიმდინარე მოვლენებსა და ბოკერიას ფრთის გეგმებზე საუბრობს. ამასთანავე მწვავედ აკრიტიკებს დავით კეზერაშვილს და თავადვე ამბობს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ბოკერიას ფრთას "შეეკრა".