პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის "მესამე ტალღასთან" დაკავშირებულ პაკეტს ვეტო იმ იმედით დაადო, რომ პარლამენტი მის მოტივირებულ შენიშვნებსა და ვენეციის კომისიის მოსაზრებებს გაითვალისწინებს. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, შენიშვნების განხილვა პარლამენტს თებერვალში მოუწევს და ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის სრულიად გაუგებარია. მათი თქმით, კანონპროექტის მიღების ისედაც დროში გაწილილ პროცესს, პრეზიდენტის ვეტო კიდევ უფრო შეაფერხებს.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების "მესამე ტალღის" შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო და ხელმოსაწერად პრეზიდენტს 10 იანვარს გადაეგზავნა.
საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი სიახლე სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების წესის შემოღებაა. კანონში კონკრეტდება, თუ რა პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების მატარებელი უნდა იყოს პირი, რომ ის მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნოს. მიღებული ცვლილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 16 წევრით განისაზღვრება, ნაცვლად პლენუმის მიერ რაოდენობის განსაზღვრისა. ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღება; იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა და სხვა.
კანონპროექტის მიღებას იურისტების ნაწილი აპროტესტებს. მათი თქმით, მიღებული ცვლილებით, სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის საბჭო ნიშნავს, მას კი მოსამართლეები უნდა ირჩევდნენ. მათივე განცხადებით, განსაზღვრული არ არის ვადა, რომლითაც სასამართლოს თავმჯდომარე ინიშნება და ასევე, გაუგებარია, ვინ უნდა იყოს ინსპექტორი, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო დანიშნავს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატთა ასოციიაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რომ კანონპროეტისთვის ვეტო დაედო, ვინაიდან ის სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას გამოიწვევდა.
მოთხოვნის ფარგლებში, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იურისტებს და საკითხით დაინტერესებულ რამდენიმე ჯგუფს შეხვდა, რათა რეკომენდაციები მიეღო და პრეზიდენტს შესაბამისი გადაწვეტილება მიეღო.
"ჩვენ ყველა მხარესთან მიმდინარე სამუშაო რეჟიმში ვართ და ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. დღეს უკვე გადავაგზავნით ჩვენს მოტივირებულ შენიშვნებს, რის შემდეგაც მისი საპარლამნტო განხილვა იქნება. კანონმდებლობით, ეს ვადა არის სესიის დაწყებიდან 2 კვირაში, ანუ მისი განხილვა თებერვალში მოხდება," - აცხადებს ანა დოლიძე და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ შენიშვნებს პარლამენტი გაიზიარებს.
"ბუნებრივია, ეს საკითხები დღის წესრიგიდან არ გაქრება. იმიტომ, რომ არსებობს ვენეციის კომისიის მოსაზრებები, რომელსაც არაერთხელ აქვს მითითებული ის საკითხები, რაც ჩვენ შენიშვნის სახით აღვნიშნეთ. ამიტომ, მაგალითად, მოსამართლის არჩევის სამწლიანი ვადა იმის მიუხედავად იქნება, ჩვენს შენიშნას პარლამენტი გაიზიარებს თუ არა. მაინც იმედი გვაქვს, რომ შენიშვნებს გაიზიარებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში, სასამართლო სისტემა უკეთეს მდგომარეობაში გვექნება," - აცხადებს ანა დოლიძე "რეზონანსთან" საუბრისას.
პრეზიდენტი კი თავის მხრივ, საკუთარ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ასე განმარტავს,
"ჩვენი ამოცანაა სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაცია, სასამართლოს თვითმმართველობის განმტკიცება და მოსამართლეთა კონტროლის ბერკეტების მაქსიმალურად შემცირება. ამიტომ მე გადავწყვიტე საქართველოს პარლამენტს გადავუგზავნო მოტივირებული შენიშვნები ე.წ. მესამე ტალღის კანონპროექტზე. ჩვენი შენიშვნები სრულიად იზიარებს ვენეციის კომისიის პოზიციას იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მოსამართლეთა მეტი თავისუფლება, გამოვრიცხოთ სასამართლოს სისტემის შიგნით გაუმართლებელი მაკონტროლებელი სტრუქტურებისა და თანამდებობების შექმნა, უფრო დემოკრატიული გავხადოთ სისტემის შიგნით გადაწყვეტილებების მიღების მექნიზმი.
"პარლამენტს ვთავაზობთ შემდეგს - შემოთავაზებული წინადადებებით:
1. მოხდება სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა მოსამართლეების მიერ და არა დანიშვნა იუსტიციის საბჭოს მიერ; ყველა სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება თავად აირჩიოს თავმჯდომარე, რაც უზრუნველყოფს სასამართოს მეტ დამოუკიდებლობას და მოსამართლეთა თვითმმართველობის განმტკიცებას, როგორც ეს მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში.
2. ერთი და იგივე პირს აღარ ექნება საშუალება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამვე დროს პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე.
3. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება აღარ მოხდება შემდგომ დანიშვნებზე.
4. კანონით დაზუსტდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა.
5. იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებს ექნება საშუალება წარდგენილი იყვნენ უფრო მძლავრად, რადგან სასამართლოს თავმჯდომარეებს აღარ ექნებათ საშუალება იყვნენ საბჭოს წევრები.
6. დაზუსტდება კონკურსის დროს კანდიდატზე ინფორმაციის მოგროვებისა და გავრცელების წესები."
პრეზიდენტის შენიშვნები გაუგებარია მმართველი ძალისთვის, სადაც აცხადებენ, რომ კანონპროექტის მიღება ისედაც გაჭიანურდა და ახლა ვეტოს დადება, პროცესს კიდევ უფრო შეაფერხებს. თუმცა, აღნიშავენ, რომ მათი თვითმიზანი ვეტოს დაძლევა არ არის.
"ქათული ოცნების" დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, ვიდრე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს არ გადაეგზავნება, მის შინაარსზე ვერ ისაუბრებს.
რაც შეეხება იმას, პარლამენტი დაძლევს თუ არა ვეტოს, დეპუტატის თქმით, ეს კომიტეტში შინაარსობრივი განხილვის შემდეგ გადაწყდება.