სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობის" დაშლა თავიდანვე პროგნოზირებადი იყო. მისი თქმით, ბოკერიას ფრთას პარტიის მთლიანად გაკონტროლება უნდოდა, რაც არ გამოუვიდა და სწორედ ამიტომ მოხდა პარტიიდან მათი გასვლა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებზე და ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებაზე "რეზონანსი" გიორგი ვაშაძეს ესაუბრა.
გიორგი ვაშაძე: "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა თავიდავნე პროგნოზირებადი იყო და ამაზე ჯერ კიდევ გასული წლის მაისში ჩემს განცხადებაში ვსაუბრობდი.
"რეზონანსი": და მაშინ რა გაძლევდათ ამის თქმის საფუძველს, მაშინაც იყო შიდა დაპირისპირება?
გ.ვ: ჯგუფს, რომელიც ახლა გავიდა "ნაციონალური მოძრაობიდან" ე.წ. ბოკერიას ფრთას, თავიდან ბოლომდე უნდოდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელში აღება. ეს ვერ შეძლეს, სხვა გზა აღარ ჰქონდათ დარჩენილი და გავიდნენ.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას, ერთი რაც მენიშნა, ეს იყო პროექტულ მართვაზე გადასვლა, რაზეც 3 წელია ვმუშაობდი. განცხადება კარგია, დანარჩენს პრაქტიკა გვაჩვენებს.
"რ": თქვენი აზრით, ვინ გახდება მთავარი ოპოზიციური ძალა?
გ.ვ: ვფიქრობ, ორივე დასუსტებულია, თუმცა ამ შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" უფრო მეტი შანსი აქვს საზოგადოების მხარდაჭერის, ანუ მათ, ვინც დარჩა პარტიაში და არ გადავიდა "ევროპულ საქარველოში".
"რ": თუმცა გიგი უგულავას ხომ ჰქონდა თავის დროზე რეიტინგი?
გ.ვ: დრო გვიჩვენებს. ის ელექტორატი, რომელიც ჰყავდა "ნაციონალურ მოძრაობას", იყო პარტიის და არა ცალკე პერსონალიების.
"რ": რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
გ.ვ: არ ვიცი. ადამიანი ციხეშია და გააკეთა განცხადება. რაც თქვენ იცით, ის ვიცი მეც.
"რ": და მაინც საბოლოოდ, თქვენი აზრით, გადავა თუ არა ბოკერია-უგულავს ფრთაში?
გ.ვ: არ ვიცი. ნაკლებად მაინტერესებს.
"რ": მაგრამ თქვენ მას პირადად იცნობდი და იცით მისი დამოკიდებულება ამა თუ იმ ადამიანების მიმართ...
გ.ვ: არ ვიცი, რომელ ფრთას აირჩევს ვანო მერაბიშვილი. ეს არ არის ნომერ პირველი საკითხი.
"რ": ანუ მისი არჩევანი ამა თუ იმ მხარისთვის გადამწყვეტი არ იქნება?
გ.ვ: არა მგონია.
"რ": რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს პარტიას, რა გეგმები გაქვთ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით?
გ.ვ: ჯერჯერობით ცალკე, დამოუკიდებლად ვაპირებთ გასვლას.
"რ": ანუ, დაანონსებულ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას არ შეურთდებით?
გ.ვ: ჯერჯერობით ამ თემას ჩვენ არ ვეხებით.