თიკო ოსმანოვა
25.01.2017

 რუსეთის ციხეებიდან შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება გრძელდება. თუმცა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ამჟამად მეზობელი ქვეყნის საპყრობილეში, ამ ბრალდებით რამდენიმე ქართველიღა იხდის სასჯელს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და რამაც, შესაძლოა მათი გათავისუფლების საკითხი ეჭვქვეშ დააყენოს.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქეს, ოქსანა სევასტიდის 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. გადაწყვეტილების მიზეზი მის მიერ 2008 წელს საქართველოსთან ომის დაწყებამდე გაგზავნილი რამდენიმე ესემეს შეტყობინება გახდა. სევასტიდი თავის ნაცნობს საქართველოში, წერდა, რომ სოჭში შეამჩნია აფხაზეთში მიმავალი მატარებელი, რომელიც დატვირთული იყო სამხედრო ტექნიკით. კრასნოდარის საოლქო სასამართლომ განაჩენი ჯერ კოდევ გასული წლის მარტში გამოიტანა, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ ცნობილი მხოლოდ დეკემბერში გახდა.

შეგახსენებთ, შპიონაჟის ბრალდებით საქათველოს სასარგებლოდ 2014 წ. სოჭში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ეკატერინე ხარებავას. მანაც ესემესი გაუგზავნა მეგობარს დაფიქსირებული სამხედრო გადაადგილების შესახებ.

ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ინტესიური მუშაობის შედეგად მოახერხა 7 ადამიანის გათავისუფლება. ახლა დარჩენილია რამდენიმე რუსეთის მოქალაქე, მაგრამ გათავისუფლების და ექსტრადირების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"ჩვენი მოქალაქეები სულ ყველა გავათავისუფლეთ - 7 კაცზეა საუბარი. ახლა რამდენიმე ქართველია დარჩენილი ოღონდ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, ამიტომ მათი გადმოცემის პრობლემა არის. ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ რუსეთის კანონმდებლობით მათი მოქალაქის გადაცემა სხვა ქვეყნისთვის აკრძალულია. ამიტომ ეს უკვე სხვა შემთხვევებია მაგრამ გავაგრძელებთ და ვნახოთ რა გამოვა ჩვენ ყველანაირად ვეცდებით.

"ძალიან ბევრი სამუშაო და შრომა დაგვჭირდა ამისთვის, რომ მიგვეღწია წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ მრავალი წელი მოუწევდათ საპყრობილეში ყოფნა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას აბაშიძე.

ა/ო სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის - საქართველოს ცენტრის თავმჯდომარე ბესო ალადაშვილის თქმით კი, თავის დროზე, 2008 აგვისტოს ომამდე რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ "შპიონაჟში" ბრალდებული დაახლოებით 10 პირი დააკავა, თუმცა სულ რამდენი ადამიანის გათავისუფლება მოხდა და რამდენი რჩება მეზობელი ქვეყნის საპყრობილეში, არ იცის. ამბობს, რომ ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და მისი ზუსტი სტატიკა არ რასებობს.

"რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, მათი გათავისუფლების საკითხი ნამდვილად რთულია. რუსეთი ზოგადად ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ძალიან სენსიტიური საკითხია და მისი ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

"2008 წლის ივნისის დასაწყისში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ვლადიკავკაზში და ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე ქალაქში დააკავა ქართველი ეროვნების რამდენიმე სამხედრო მოხელე, ერთ-ერთი იყო იმერლიშვილი და სხვები. ძირითადად ესენი იყვნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არც თუ ისე დიდ თანამდებობას იკავებდნენ სამხედრო ნაწილებში. ამათ გარდა ოდნავ მოგვიანებით დააკავეს ერთი საქართველოს მოქალაქე ზაზა ხერკილაძე. როგორც რუსული მხარე ამტკიცებდა, იგი იყო საქართველოს საგარეო დაზვერვის ოფიცერი და გარკვეული ოპერატიული დავალება ჰქონდა ვლადიკავკაზში.

"დაახლოებით თვენახევარში რუსეთის კონდაზვერვის სამსახურმა 10 პირის დაკავება, ძირითადად ეთნიკური ქართველების, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი აგვისტოს ომისთვის ემზადებოდა.

"ამავე ბრალდებით ერთი წლის შემდეგ დააკავეს დედა-შვილი ალიევები. შვილი იყო ჩრდილო კავკასის სამხედრო ოლქის ოფიცერი. დედა კი დააკავეს, როგორც მეკავშირე, ვითომ დედამისს გადაჰქონდა ეს ინფორმაცია უკრაიანის ტერიტორიაზე.

"ე.წ. "ქართველ მზვერავებს" რუსეთის სასამართლომ სასჯელის მაქსიმუმი მისცა, თანაც მშვიდობიან პერიოდში - აგვისტოს ომი ჯერ დაწყებული არ იყო.

"დაკავებულებიდან ერთ-ერთი იყო ტაქსის მძღოლი, რომელიც თბილისი-ვლადიკავკაზის მარშურტზე მუშაობდა. მას ბრალად დასდეს, რომ მანქანაში დამონტაჟებული ჰქონდა ვიდეოკამერა და იღებდა როკის გვირაბს და თან გადაჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობა," - გვითხრა ალადაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია აგვისტოს ომის შემდეგ გახმოვანდა.

"რაც შეეხება მტკიცებულებებს, ზოგადად ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანების დაკავება გასამართლება და მტკიცებულებების მოპოვება ურთულესი საქმეა. რუსეთსის ფე-ეს-ბემ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები კი დამაჯარებელი არ არის," - გვითხრა ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×