საქართველოს ხელისუფლებამ და შესაბამისმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გიორგი ცერცვაძე რუსეთის ფედერაციის სამართალდამცველ ორგანოებს არ გადაეცეს - ამ მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის ოჯახის წევრებმა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია გაიმართეს, რასაც გზის გადაკეტვა და სამართალდამცავებთან დაპირსპირება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ერთი კვირის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს ჩადენილი შესაძლო დანაშაულისთვის ინტერპოლის საშუალებით ეძებდა. მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს დაიწყო და მას მკვლელობას ედავებიან.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ცერცვაძე ბოლო ერთ წლის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
ვიცე-პოლკოვნიკის მეუღლე, ტატიანა ცერცვაძე აცხადებს, რომ მის ქმარს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და 16 იანვარს თხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, რომ გიორგი ცერცვაცძე რუსეთის ფედერაციას არ გადასცენ, რადგან მისი სიცოცხლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება. თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიუღია.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, განცხადებები, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ რიგი უწყებების მხრიდან კეთდებოდა, არსებული გამოწვევების არაადეკვატურია. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გააკეთოს ყველაფერი, რათა გია ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთის ფედერაციას, რადგან ეს როგორც კონკრეტული პირის უსაფრთხოების, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საზიანო შეიძლება იყოს.
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელის გეორგი ნაზაროვის განცხადებით, გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინის საელჩოსთვის არ მიუმართავს.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც გეორგი ნაზაროვს თავდებობის წერილი და თხოვნა გადასცეს, რომ არ მოხდეს გიორგი ცერცვაძის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში.
"სამწუხაროდ, საელჩო ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, რამდენადაც ვიცი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ამ დროისთვის საქმე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ორგანოების დაქვემდებარებაშია," - განაცხადა გეორგი ნაზაროვმა.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განაცხადებით კი საქართველომ უკრაინასთან უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძის ინტერესები უკრაინის ტერიტორიაზე დაცული იყოს.
"ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ისე, რომ სხვათაშორის, ხმამაღლა მყვირალი ზოგიერთი ადამიანის მოწოდება არ გვჭირდება ამისთვის, უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქის, ბატონი ცერცვაძის ინტერესები იქნას უკრაინის ტერიტორიაზე დაცული. ეს არის ის, რაც ამ წუთში მე შემიძლია გითხრათ ისევ და ისევ მოქალაქე ცერცვაძის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი და მთავრობის, მთელი სამართალდამცავი ბლოკის უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, რომ რაც შეიძლება თავი შევიკავოთ აჟიოტაჟისგან ამ თემის გარშემო, რადგან ეს არ ემსახურება თვითონ მოქალაქე ცერცვაძის სასიცოცხლო ინტერესებს. თანამშრომლობა მიმდინარეობს უკრაიანასთან და დაველოდოთ შედეგებს," - განაცხადა თეა წულუკიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის უწყებაში ყველა ადამიანის პირადი მონაცემი დაცულია.
"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში თითოეული ადამიანის, მათ შორის მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები არის მკაცრად დაცული, მასზე ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა. შესაბამისად, არც ერთ პირად მონაცემზე, რომელიც შეიძლება ჩვენს სისტემაში ინახებოდეს, მითუმეტეს ხელი არ მიუწვდება ოკუპანტ ქვეყანას," - განაცხადა წულუკიანმა.
გიორგი ცერცვაძის საქმეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტ პოროშენკოს მოუწოდა, რომ "ქართველი ოფიცრის რუსეთისთვის გადაცემით თავი არ შეირცხვინოს."
"გია ბევრ საიდუმლო ოპერაციაში მონაწილეობდა დონბასში, მოგვიანებით კი უკრაინული სპეცრაზმის ინსტრუქტორი გახდა. რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან არ უყვარს უკრაინისთვის მებრძოლი სამხედროები, ბევრ მათგანზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსეთს ცერცვაძის პირადი მონაცემები გადასცეს, რამაც რუსებს საშუალება მისცა, ის დაედანაშაულებინათ ფაბრიკაციულ საქმეში და ძებნა გამოეცხადებინათ. ეს მოსკოვის მხრიდან ჩვეულებრივი პრაქტიკაა და მას კარგად იცნობენ უკრაინაში," - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.