"ვიმედოვნებ, რომ მომავალ კვირას ჩვენ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის რეალური ლიბერალიზაცია გვექნება, საქართველომ ეს დაიმსახურა," - ამის შესახებ განცხადება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი შემდეგ კვირას საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებს.
ეს განცხადება იოჰანეს ჰანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და იქვე აღნიშნა, რომ რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის მისაღებდ აქტიურად მუშაობდა. ევროკომისარი მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდება. "ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველომ 2015 წლიდან აიღო, შესრულებულია," - აღნიშნა მან.
მივუახლოვდებით თუ არა ევროპას ვიზალიბერალიზაციის მიღებით? - ამ კითხვაზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვპასუხობს, რომ ეს ასეც იქნება, თუმცა არა ფასეულობებითა და ღირებულებებით, არამედ გეოგრაფიულად. ცინცაძე ამის მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ სჯობს ჯერ შიდა პოლიტიკას მივხედოთ და შემდგომ ვიზალიბერალიზაციის სიკეთეზე ვისაუბროთ.
"თუ ჩვენ ვიზალიბერალიზაციას განვიხილავთ იმ ჭრილში, რომ ამით ევროკავშირს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით, ეს ზღაპარია. ცხადია, ევროპას ნამდვილად მივუახლოვდებით, თუმცა არა ფასეულობებით, არამედ გეოგრაფიულად. ფულიანი ხალხი იქ ისედაც დადიოდა, ვიზალიბერალიზაცია კი არ ნიშნავს იმას, რომ იქ ადამიანს უფულოდ ჩაიყვანენ. ჩვენ ევროპასათან ღირებულებებით უნდა ვიყოთ და არა გეოგრაფიულად. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ქართველები ვიზალიბერალიზაციის მიღებისთანავე ლუვრისკენ მიეშურებიან," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი.
მიუხედავად ამ განწობისა, იგი ფიქრობს, ვიზალიბერალიზაციის მიღებას ახლა წინ აღარაფერი უდგას და უნდა მივიღოთ კიდეც. ამავდროულად პოლიტოლოგი ევროპაში არსებულ კრიზისსა და პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.
"სიმართლე გითხრათ, უფრო გახარებული ვიქნებოდი, ეს მაშინ მიგვეღო, როცა ევროპა მართლაც ევროპა იყო. დღევანდელ ევროპაში კი ვიზალიერალიზაციის მიღებას ის ხიბლი აღარ აქვს, რაც უწინ ჰქონდა. ევროპაში, სადაც მილიონნახევარი მუსლიმია და მათ შორის, შესაძლოა ათეულობით ათასი შეგზავნილი ტერორისტი სეირნობს, იქ წასვლის ხალისი პირადად მე აღარ მაქვს.
"არის კიდევ ერთი პრობლემა, კერძოდ ის, რომ ევროპაში წასული ყოველი მეხუთე ქართველიდან შესაძლოა, 2-მა ჩუმად დარჩენა მოინდომოს და ეს ჩვენს შერყეულ რეპუტაციას კიდევ უფრო დააზარალებს. ასე რომ ჯერ სჯობს შიდა პოლიტიკასა და ღირებულებებს მივხედოთ და მერე ვიფიქროთ ვიზალიბერალიზაციის სიკეთეზე," - დასძენს სოსო ცინცაძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმის მისაღებად გასავლელი მხოლოდ 2 პროცედურა დარჩა -კენჭისყრა მინისტრთა საბჭოში და ევროპის პარლამენტში. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა 2 თებერვალსაა ჩანიშნული.
ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ უვიზო რეჟიმი მარტის ბოლოს, ან არაუგვიანეს აპრილის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა და თქვა, რომ უვიზო მიმოსვლა მალე ამოქმედდება.