"ტრამპის 100 დღე ჩვენ ბევრ რამეს გვიჩვენებს და ყველას დაანახვებს, რა გზით წავა მსოფლიო"
ეკატერინე ბასილაია
25.01.2017

 2017 წელს მსოფლიო პოლიტიკაში დიდი ცვლილებების მოლოდინია. უპირველესი გაუგებრობა და ცვლილების მოლოდინია აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის გამო და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებში ერთგვარი შიშით შეჰყურებენ, რა ნაბიჯებს გადადგას აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი - აქცევს თუ არა ის რეალობად საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ყველა იმ იდეას, რასაც წინასაარჩევნოდ აცხადებდა და გახდება თუ არა აშშ იზოლაციონისტური.

ტრამპის პრეზიდენტობის გარდა კი ასევე დიდი ინტერესი და ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა ასევე "კიდევ ერთი გაუგებრობა" გახდეს მსოფლიოსთვის.

პოლიტოლოგები მსოფლიოში დიდი ცვლილებებსა და მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესსაც აანონსებენ.

"აშშ-სა და მსოფლიოს დიდი ცვლილებების დრო დაიწყო. ძალიან საინტერესო მოვლენები გველოდება," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა: "დღეს დგას კანონზომიერება, აშშ-ში ტრამპი აუცილებლად უნდა მოსულიყო და შეცვლილიყო. ვხედავთ, რომ ლიბერალური იდეები დამარცხდა და ეროვნულმა პოზიციებმა დაიწყეს წინ წამოწევა და გამარჯვება."

მის თქმით, რა გზით წავა მსოფლიო, ეს გაირკვევა "ტრამპის 100 დღის" შემედეგ.

"ტრამპის 100 დღე ჩვენ ბევრ რამეს გვიჩვენებს და ყველას დაანახებს, რა გზით წავა მსოფლიო. ჩემ აზრით მსოფლიო სხვა, ახალი გზით წავა, ხოლო მოუტანს თუ არა ეს ტრამპს გამარჯვებას, ან დარჩება თუ არა ის ბოლომდე პრეზიდენტად თუ მას იმპიჩმენტი დაემუქრება, ეს სხვა საკითხია," - აღნიშნავს კვესელავა, რომელსაც ტრამპის გაპრეზიდენტება კანონზომიერად მიაჩნია, ევროპაში კი პრორუსული ძალებს მოსვლას და "დიდ გაუგებრობას" ელოდება."საფრანგეთის არჩევნები ყველა შემთხვევაში იქნება "გაუგებრობა". შეხედეთ მოლდოვაში რუსული პოზიციები როგორ განმტკიცდა, ასევ ევროპაში მტკიცდება რუსული პოზიციები. საფრანგეთში მთავარი პრეზიდენტობის პრეტედენტები, ფრანსუა ფიიონი და მარინ ლეპენი რუსეთთან ცუდ ურთიერთობაში არ არიან და რუსეთისათვის ორივე მისაღებია.

"გარდა ამის არჩევნები ელოდება გერმანიასაც, სადაც მერკელის საკითხი უნდა გადაწყდეს. ამდენად, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ მოვა ბებერი ევროპის დიდი ქვეყნების სათავეში, რა ურთიერთობა ექნებათ მათ რუსეთთან და რა - აშშ-სთან. პოლიტიკური წრე იკვრება, საინტერესო მოვლენების მნახველები ვიქნებით. ჩვენი ამოცანაა, სერიოზული, ბრძნული ურთიერთობა რუსეთთან, აშშ-სთან და ევროპასთან. ჩვენი დიპლომატიით უნდა მოვიგოთ," - აცხადებს კვესელავა.

მისი თქმით, ტრამპის ერთგვარი იზოლაციონისტური სურვილების მიუხედავად, მსოფლიოში გავლენებისთვის ბრძოლას აშშ არ შეწყვეტს, სულ მალე ვნახავთ აშშ-რუსეთის პირველი პირების შეხვედრას და ეს შეხვედრა ბევრ რამეს გადაწყვეტს.

 "გამორიცხული არ არის რუსეთი და აშშ, ეს ორი ზესახელმწიფო დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მსოფლოს ახალი გადანაწილება დაიწყება," - აღნიშნავს კვესელავა და ამბობს იმასაც, რომ ამ გადანაწილებისას საუბარი აუცილებლად იქნება სირიაზე, ერაყზე, ავღანეთზე და უკრაინაზე.

"საქართველოზე იქნება თუ არა საუბარი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. საქართველოზე აშშ-მა მილიარდები დაახარჯა და ეს იმ მიზნით, რომ საქართველო ამიერკავკასიაში უნდა გაძლიერებულიყო და სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ, აშშ-ს ამიერკავკასიაზე დიდი ნდობა არ აქვს," - აღნიშნავს კვესელავა.

კვესელავას თქმით, დღეს მსოფლიოს პოლიტიკოსი არ ჰყავს, ტრამპიც არ არის პოლიტიკოსი, ის ბიზნესიდან მოვიდა და ის განსხვავებულ პოლიტიკას გაატარებს.

მისი თქმით, ტრამპი სწორია, როდესაც გაეროსა და ნატო-ს აკრიტიკებს.

"რა გადაუწყვეტია გაეროს მსოფლიო მასშტაბით, იმ ვითარებაში, როდესაც ამ ორგანიზაციის მთავარი დაფინანსებები აშშ-ია. ან მსოფლიოს სჭირდება თუ არა ნატო-ს ასეთი გაფართოება და ჩვენ ვხედავთ როდესაც ევროპაში გაძლიერებული შეიარაღება მილიარდობით თანხა ჯდება და ამის დაფინანსებაც აშშ-დან ხდება? ამიტომ აცხადებს ტრამპი, რომ საჭიროა არა ქვეყნის გარეთ ამხელა თანხის ხარჯვა, არამედ ის, რომ აშშ-ში ცხოვრების დონე, მოსახლეობის ცხოვრების დონე ამაღლდეს," - მიიჩნევს კვესელავა, თუმცა პროგნოზირებს, რომ ტრაპის ამ იდეებს აშშ-ის კონგრესიდან და სენატიდან დიდი წინააღმდეგობა დახვდება.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, როდესაც აშშ-ს ახალი პრეზიდენტი აანონსებს, რომ თურმე აშშ საკუთარ ჰეგემონიაზე ამბობს უარს, ეს იმის მანიშნებელია, რომ 2017 წელს სიმშვიდე არ იქნება და კატაკლიზმები გველოდება.

ამბობს, რომ ტრამპი ახალბედა პოლიტიკოსია, რომელიც სახელმწიფოს მართვას ბიზნესის წესებით დაიწყებს და დიდი დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ბიზნესმენობიდან პოლიტიკოსობამდე გზა გაიაროს.

მისივე თქმით, ტრამპის ლოზუნგი, ამერიკა უპირველეს ყოვლისა, ეს წინასაარჩევნო პერიოდში კარგად მუშაობს, მაგრამ რამდენად იმუშავებს ეს არჩევნების შემდეგ, ამაზე საუბარი უჭირს, რადგან მსოფლიოს ზესახელმწიფო იზოლაციონისტური ვერ გახდება.

"პოლიტიკა არ არის მარტივი. ტრამპის მიერ აჩემებული იდეაა, რომ აშშ-სა და მექსიკას შორის კედელი აღმართოს, ამას მექსიკის ხელისუფლების მხრიდან ნეგატიური განწყობა შექმნა. თუ ტრამპი ასე გააგრძელებს, მის მიმართ ნეგატიურად განწყობილ პოლიტიკოსებსა და მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილს მეტი არგუმენტი ექნება, რომ მაინცდამაინც ბედნიერად ვერ იგრძნოს თავი ბატონმა პრეზიდენტმა. უნდა დაველოდოთ ტრამპის პირველ სერიოზულ შეხვედრას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტთან, რომელიც არ მალავს, რომ შეხვედრას გარკვეული უთანხმოებების აჩრდილიც ახლდეს," - ამბობს ცისკარიშვილი.

მისი თქმით, დიდი დრო არ არის დარჩენილი და მალე დავრწმუნდებით, რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი პრეზიდენტი.

"თუ ამერიკა იქნება მხოლოდ ამერიკელთათვის და თუ ნაკლები ამერიკა იქნება მის ფარგლებს გარეთ, მაშინ შესაბამისი უკუქმედება არის მოსალოდნელი ევროპიდანაც და აზიიდანაც და ასეთი რეალობა აშშ-ის ავტორიტეტსა და ცხოვრების დონესაც დაბლა დაიწევს. არ მგონია, რომ აშშ იმ ავტორიტეტს შეელევა, რასაც ათეული წლები აგროვებდა. თუ ეს ასე მოხდება, მსოფლიო ძლიერ ქვეყნებს საშუალება მიეცემა ჩაანაცვლონ აშშ მის მიერ გასუფთავებულ სივრცეში. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩინეთს თავისი მზარდი ამბიციებით, მაინცდამაინც არ დაანაღვლიანებს, თუ მის მიმართ აშშ-ს ნაკლები ინტერესი ექნება და ევროპაც უფრო კონსოლიდირებული იქნება, რადგან მეორეხარისხოვან პოლიტიკურ სივრცედ ის თავს ვერ წარმოიდგენს, რაც არ უნდა ისაუბროს საფრანგეთის ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქალბატონმა," - მიიჩნევს ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგის თქმით, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება და ჯერ გარკვეული არ არის იმეგობრებენ თუ მტრად გადაეკიდებიან ერთმანეთს პუტინი და ტრამპი, თუმცა თვლის, რომ რეალობა ყოველთვის სადღაც შუაშია და საქართველო დაყურადებული უნდა იყოს.

მისი პროგნოზით, აშშ საქართველოს ზურგს არ აქცევს.

"აშშ-ში უზარმაზარი გამოცდილების შესაბამისი ინსტიტუტები არსებობს და ამინდის შეცვლა პრეზიდენტსაც არ შეუძლია, სტრატეგიული პარტნიორობა რომელიმე ერთი პარტიის ახირებას არ ნიშნავს," - აღნიშნავს ცისკარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×