საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინაში ქართველი ოფიცრის, გია ცერცვაძის დაკავების საკითხზე ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ბრალს დებენ ხელისუფლებას სამხედროების უპატივცემულობაში.
„ბატონი ცერცვაძის საქმეზე გაკეთდა ძალიან ნათელი განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მითუმეტეს ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე. აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს. ორი დღეა, ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ყოველწუთიერ კონტაქტზეა უკრაინის გენერალურ პროკურორთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთისთვის. თუმცა, მთავარი აქ სულ სხვა რამ არის - ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლების რეჟიმში. მათ აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და უნდათ, ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევარნი"-განაცხადა კვირიკაშვილმა