"სამსუნგი" რატომ არ შეიძლება, ქართულად დაიწეროს, არ მესმის..."
მარი ჩიტაია
26.01.2017

 ბიზნესომბუდსმენის აპარატი და ბიზნესმენთა ნაწილი ქართულ წარწერებს უპირისპირდება. მათ მიაჩნიათ, რომ აბრებზე სასაქონლო ნიშნის ქართულ ენაზე დაწერის ვალდებულება ბიზნესს პრობლემებს უქმნის. იმის ნაცვლად, რომ საქართველოში მშობლიურ ენას პატივი სცენ და ეს განწყობა ქართული აბრევიაციით გამოხატონ, ბიზნესმენებს კანონით ნაკისრი ვალდებულების "სიმძიმე" აშფოთებთ.

როგორც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი ამბობს, რეკლამის შესახებ კანონში შესული ცვლილება 2013 წლიდან მოქმედებს, თუმცა ბიზნესისთვის დღესაც პრობლემურია სასაქონლო ნიშნების ტრანსლიტერაციის ვალდებულება. ბიზნესომბუდსმენის აპარატი კიდევ ერთხელ აპირებს ეს საკითხი ქვეყნის კონომიკური გუნდის წინაშე დასვას, რათა ამ მიმართულებით გარკვეული გამონაკლისი დაწესდეს.

"აბრებზე წარწერის ქართულ ენაზე შესრულების ვალდებულებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორებიცაა "სამსუნგი", "ჰოლიდეი ინი" და ა.შ. მათ უწევთ აღნიშნული ლოგოტიპის ქართული ასოებით გადმოცემა, რაც მარკეტინგული თვალსაზრისით გაუმართლებელია. დღემდე სვამენ ამ საკითხს კომპანიები და ჩვენ გვინდა ეს საკითხი კიდევ ერთხელ გავააქტიუროთ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წინაშე. იქნებ გამონაკლისები დადგინდეს ამ წესში", - აცხადებს ძნელაშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას.

ომბუდსმენის აპარატის მხრიდან ქართული ენისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე საუბარი აბსოლუტურად გაუმართლებელია და საერთოდ აღარ უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს ენისა და ქვეყნისთვის პრესტიჟის საქმეა.

"ჩვენ თავად უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ მშობლიური ენა დავიცვათ და მისი პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ქართული მარტო ენა კი არ არის, ეს ეროვნული სიმბოლიკაა, რომელიც ასოცირებულია სახელმწიფოსთან. თუ პრინციპულად არ დავიცავთ მას, ცხადია, ვერც უცხოელს დავაინტერესებთ. მიმაჩნია, რომ საქართველოში ნებისმიერ პროდუქციაზე აუცილებლად ქართული ეტიკეტი უნდა იყოს", - აცხადებს სილაგაძე და დასძენს, რომ არცკი უნდა დავუშვათ ისეთი წარწერა, რომელიც მშობლიურ ენაზე არ იქნება.

"იმედია გაითვალისწინებენ, რომ ასეთი განცხადებები აღარ გააკეთონ. წარმოიდგინეთ, ჩვენი სპორტსმენი, რომელიც იგებს ასპარეზს უცხოეთში და კვარცხლბეკზე ქართული დროშის გარეშე აღმოჩნდეს! დაახლოებით იგივე სიუაციაა. ამას ქვეყნის პრესტიჟისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი აზრით, მსგავსი განცხადებები აღარ უნდა განმეორდეს. რაც ითქვა, აბსოლუტურად გაუმართლებელია, მით უმეტეს, როცა საქართველოს ტერიტორიაზეა საუბარი. სიმართლე გითხრათ, ბიზნესომბუდსმენის აპარატის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას არ ველოდი, გაკვირვებული დავრჩი", - დასძენს ავთო სილაგაძე.

აზრს, რომ ბიზნესმენმა ქართულ ენას პატივი უნდა სცეს და დაიცვას, ცნობილი ენათმეცნიერი, პროფესორი შუქია აფრიდონიძეც ეთანხმება. ის არ გამორიცხავს, რომ იშვიათი გამონაკლისიც დაიშვას, თუნდაც ბრენდის ორენოვანი აბრევიაცია.

"ერთი შეხედვით, მარტივი საკითხია, მაგრამ ღრმა დაკვირვებას მოითხოვს. არის ისეთი აბრევიაცია, რომელსაც ვერაფერს მოუხერხებ. დიფერენცირებულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, თუმცა "სამსუნგი" რატომ არ შეიძლება, ქართულად დაიწეროს, არ მესმის.

ბიზნესს მოეთხოვება პატივი სცეს ქართულ ენას, მაგრამ ამავე დროს დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქციას და ბაზარს. საერთაშორისო ბრენდის მიმართ ცოტა სხვა დამოკიდებულებაა. უცხოელი სტუმრისთვის ქართული წარწერა ადვილად აღსაქმელი არ არის, გარკვევა გაუჭირდება. ამიტომ უფრო სწორი გამოსავალია, წარწერა ორენოვანი იყოს.

ქართულ ენას საკმაოდ მკაცრად ვიცავთ და ყოველთვის იქნება ასე, თუმცა როცა საქმე საერთაშორისო ბრენდს, მარკეტინგს ეხება, გამონაკლისის დაშვებას არ გამოვირცხავ", - აცხადებს შუქია აფრიდონიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×