"ეს უკავშირდება ლარის დევალვაციას, თუმცა უფრო მეტად მაინც მარაგის ამოწურვის პრობლემაა"
მარი ჩიტაია
26.01.2017

 სამომხმარებლო ბაზარზე საკვები პროდუქტის ფასი მაღლა-მაღლა მიიაწევს. იმპორტირებული სურსათის პარალელურად, ადგილობრივი პროდუქტიც ძვირდება, რასაც სპეციალისტები ლარის გაუფასურების გარდა, მარაგის ამოწურვასაც უკავშირებენ. ხალხი შიშობს, რომ უკვე გაძვირებული საქონელი, სამომავლოდ, ლარის კურსის გამყარების შემთხვევაშიც, შეიძლება აღარ გაიაფდეს.

რაც შეეხება ფასებს, ერთადერთი, რაც აგრარულ ბაზრებში შედარებით იაფი ღირს, კარტოფილია - 1 კგ-ის ფასი, საშუალოდ, 0,60-0,80 ლარია. ამავე რაოდენობის 1 კგ ხახვის ფასი 1 ლარის ფარგლებშია, ხოლო ნივრის ღირებულება 8-9 ლარს აჭარბებს. ხილი 1 ლარზე ნაკლები აღარსადაა, ლობიოს ფასმა თითქმის 5 ლარს მიუკაკუნა, ხოლო 1 კგ ყველი 8-9 ლარის ნიშნულს არ სცილდება. სოფლის კვერცხი 45-50 თეთრამდე გაძვირდა. ფასმა თითქმის ყველა დასახელების თევზზე მოიმატა, ქართული კალმახი საერთოდაც 12 ლარამდე ღირს.

აგროსასურსათო დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქართული პროდუქტი დახლებზე უკვე "უმცირესობაშია", მომხმარებლებს მათი "პოვნა" უფრო და უფრო უჭირთ. აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის ინფორმაციით, ზედიზედ 4-5 წელია, რაც მარაგის მხრივ სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში და ქართული პროდუქტის რაოდენობა ლამის ერთ კვარტალში იწურება.

"სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტი ერთიანად გაძვირდა. ეს უკავშირდება ლარის დევალვაციას, თუმცა უფრო მეტად მაინც მარაგის ამოწურვის პრობლემაა. ამ ეტაპზე ადგილობრივი თითქმის აღარაფერი შემოგვრჩა, მცირე ოდენობით კარტოფილის და ციტრუსის გარდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. იმის გამო, რომ ადგილობრივი პროდუქტი იწურება 3-4 თვეში, თავიდან ბოლომდე იმპორტზე ვართ დამოკიდებული", - ამბობს კოღუაშვილი და დასძენს, რომ ბოლო რამდენიმე წელია, რაც იმპორტის მოჭარბებაა ქვეყანაში.

"საჭიროა ქართული წარმოებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, რასაც სახელმწიფო ვერ ახერხებს. ვერ ქმნიან იმ სტიმულს, რაც წარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს. აგრარული შრომის "ავტორიტეტი" დაეცა, რის გამოც სოფლად ცხოვრება აუტანელი გახდა. დონორების მიერ გაკეთებულ კოოპერატივებს თუ არ ჩავთვლით, პრაქტიკულად, არაფერი ხდება და ვითარება რთულია. ეს უნდა გაიგოს სახელმწიფომ და სოფლის მეურნეობის რეალურ განვითარებას შეუწყოს ხელი", - აცხადებს კოღუაშვილი.

მოვაჭრეების თქმით, სურსათის გაძვირება დეკემბრის ბოლოდან დაიწყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე მზია ყაველაშვილი ვარაუდობს, რომ საკვები მომდევნო თვეების განმავლობაში არ გაიაფდება, პირიქით, შესაძლოა, გაძვირების ტენდენცია გაგრძელდეს.

"სამომხმარებლო ბაზარზე მარცვლეულით ვვაჭრობ. მთელი შემოდგომა ვიმუშავეთ ისე, რომ ფასი არ შეგვიცვლია, ამ მხრივ მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარება იყო. გაძვირება წინასაახალწლოდ დაიწყო. ცხადია, ხალხი უკმაყოფილოა, რაც გაყიდვის მაჩვენებელზზეც აისახა. ხალხს საზამთროდ პროდუქტის მომარაგება არც უცდია, მიზერული რაოდენობითაც კი უჭირთ ყიდვა", - ამბობს მზია ყაველაშვილი.

ამავე ბაზრის კვერცხის სექციის მოვაჭრის, ლარისა შაქარაშვილის თქმით, ფერმის კვერცხი 23-დან 30 თეთრამდე გაძვირდა, ხოლო სოფლის ნაწარმი 50 თეთრი გახდა.

"ორიოდე თვის წინ კვერცხი 20 თეთრიც კი ღირდა, ხოლო სოფლის კვერცხი 35 თეთრად და უფრო იაფადაც იყო. იანვრიდან დაიწყო გაძვირება, თუმცა, სიიაფის გამო, უფრო ფერმის კვერცხს ყიდულობენ. პრობლემა მომარაგების მხრივ არ გვაქვს, მთავარია, მყიდველი არ მოგვაკლდეს", - ამბობს მოვაჭრე.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყოველდღიური მოხმარების საქონლის მცირედით გაძვირებაც სოციალურად გაჭირვებულ ფენას დიდ ზიანს მიაყენებს. მით უმეტეს, ბოლო პერიოდში ლარის კურსმა სერიოზული ცვლილება განიცადა და უხვი თვეების დადგომამდეც საკმაოდ შორია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×