ეკატერინე ბასილაია
26.01.2017

 "არ ველოდები, რომ აშშ-მა საქართველოსა და უკრაინას ხელი გაუშვას და რუსეთს ჩააბაროს. იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი ინვესტიციაა ჩადებული საქართველოსთან პარტნიორობაში. საქართველო აშშ-ს პრაქტიკულად ერთდერთი საიმედო პარტნიორია არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ პოსტ საბჭოთა სივრცეზე და უბრალოდ ტრამპს ვერ გაუგებს ამერიკული ისტებლიშმენტი, თუ ის თავის ასეთ პარტნიორს მოისვრის," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე, რომლის თქმითაც, აშშ-ს მხრიდან მოხდება ის, რომ რუსეთთან ინტერესები შეჯერდება და ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი აღარ იქნება.

"რეზონანსი": დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ მსოფლიოში დიდი გაუგებრობა გამოიწვია, საუბარია რომ ის იზოლაციონისტი იქნება. თუ ტრამპმა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები შეასრულა, შეცვლის თუ არა ის მსოფლიო პოლიტიკას და როგორ?

ზაალ ანჯაფარიძე: ვფიქრობ, რომ გარკვეული ტრანსფორმაცია ალბათ მოხდება, რადგან აშშ-ს პრეზიდენტები ყოველთვის ცდილობენ მათი წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულონ, რადგან ყველა პრეზიდენტს სურს ის მეორე ვადითაც აირჩიონ. ხოლო თუ დაპირებებს არ შეასრულებს, მას ამომრჩეველთა უნდობლობის ვოტუმი ელის.

ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ აშშ-ის პოლიტიკა შესაძლოა უფრო იზოლაციონისტური გახდეს და უფრო მეტად იყოს კონცენტრირებული ამერიკის შიდა პრობლემებზე. განსაკუთრებით ეს ეხება ეკონომიკას და რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს, ასევე ტრამპის ადმინისტრაცია შეიძლება ნაკლებად იყოს მიდრეკილი ისეთი ტიპის პროექტებისკენ, რომლებსაც ბუშის ან ობამას ადმინისტრაციების დროს ხორციელდებოდა და ითვალისწინებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაებში და ასეთი პროცესების წახალისებას, ანუ ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ადგილობრივი დემოკრატიული საზოგადოებების ბრძოლის, მათ შორის ფერადოვანი რევოლუციების- მხარდაჭერას.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ მოხდება რუსეთთან ინტერესების შეჯერება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყება. ის, თუ, რა დაიდება ვაჭრობის მაგიდაზე, დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში.

ვფიქრობ, რომ აშშ-სა და რუსეთის კონკურენცია პოსტსაბჭოთა სივრცეზე არ შემცირდება, თუმცა მას არ ექნება ისეთი მწვავე ხასიათი, როგორიც წინა ადმინისიტრაციების დროს ჰქონდა. უბრალოდ, ერთმანეთის ინტერესების მეტად გათვალისწინება მოხდება და არც ერთი მხარე ერთმანთს უსიამოვნო სიურპრიზებს არ მოუწყობს. კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაცია შეიძლება ნაკლებად აქტიური იყოს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის აქტივიზაციაში და რუსეთს მეტად გაუწიოს ანგარიში.

"რ": ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას მხოლოდ ხუთი ქვეყანა აფინანსებს, დანარჩენები კი გაზლუქებულები არიან იმით, რომ მათ უსაფრთხოებაში ფულს სხვა იხდის-ო. აშშ ნატო-ს დაფინანსებას შეამცირებს? და რას მოიტანს ის?

ზ.ა: ალბათ, ეს იქნება მოლაპარაკების საგანი ნატო-ს წევრ ქვეყნებსა და აშშ-ს შორის. იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც დღეს ევროპაში არსებობს, იგივე რუსეთის ქმედებების გამო, მე არ მგონია აშშ-მა თუნდაც ტრამპის ექსცენტრიულობიდან გამომდინარე ასე ერთი ხელის მოსმით ნატო-ს დაფინანსება ჩამოაჭრას. შეიძლება ნატო-ს წევრ მსხვილ ქვეყნებს თავიანთი შენატანების გაზრდა მოუწიოთ.

"რ": კეთდება პროგნოზები, რომ მსოფლიო ახალი გადანაწილება მოხდება. შესაძლოა თუ არა ნაწილობრივ "იალტა 2" განხორციელდეს და უკრაინა და საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს?

ზ.ა: ასეთი სცენარის განვითარებას არ ველოდები, რომ აშშ-მა საქართველოსა და უკრაინას ხელი გაუშვას და რუსეთს ჩააბაროს. იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი ინვესტიციაა ჩადებული საქართველოსთან პარტნიორობაში. საქართველო აშშ-ს პრაქტიკულად ერთდერთი საიმედო პარტნიორია არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ პოსტ საბჭოთა სივრცეზე და უბრალოდ ტრამპს ვერ გაუგებს ამერიკული ისტებლიშმენტი, თუ ის თავის ასეთ პარტნიორს მოისვრის. ჩემი აზრით, უბრალოდ პოლიტიკის გარკვეული კორექტირება მოხდება და საქართველოსთან მიმართებაში არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რაც კრემლის გაღიზიანებას და კონფრონტაციას გამოიწვევს. ამ კუთხით, ერთ-ერთი ცენტრალური თემა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაა და ვვარაუდობ, ამ მიმართულებით ტრამპის ადმინისტრაცია არ იქნება აქტიური. ინტეგრაციის პროცესი შემუხრუჭდება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ევროპაში ამ კუთხით სკეფსისი იზრდება. საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა რეალურმა კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა ახლახანს განაცხადა, რომ უკრაინის და საქართველოს ადგილი ნატო-ში არ არის.

"რ": წელს საფრანგეთშიც არის საპრეზიდენტო არჩევნები და ორ რეალურ კანდიდატზეა საუბარი, ფრანსუა ფიიონზე და მარი ლეპენზე. ლეპენი კი შოვინისტი და იზოლაციონისტია. თქვენი აზრით, საფრანგეთის არჩევნები ხომ არ გახდება მსოფლიოს კიდევ ერთი გაუგებრობა?

ზ.ა: ასე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ საფრანგეთში კარგად აპრობირებული დამაბალანსებელი და შემაკავებელი სისტემა არსებობს იმისათვის, რომ ქვეყნის ლიდერად ლეპენის მსგავსი პიროვნება არ მოიყვანონ. როდესაც წინა არჩევნებში ლეპენმა გარკვეულწილად მიაღწია ელექტორალურ მხარდაჭერას, ამის შემდეგ ამუშავდა შემაკავებელი მექანიზმი და მას ადგილი მიუჩინეს, სავარაუდოდ ახლაც ასე მოხდება.

"რ": ფიიონის გამარჯვების შემთხვევაში რამე შეიცვლება?

ზ.ა: ფიიონის გამარჯვების შემთხვევაში იქნება ის, რაზეც მან ღიად ისაუბრა. მან საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების კარტები გახსნა. თუ საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა დარჩა ისეთი, როგორიც ახლაა, არ მგონია საფრანგეთმა რადიკალურად შეიცვალოს პოლიტიკა.

"რ": აშშ-სა და ევროკავშირს ურთიერთობა რამდენად შეიცვლება?

ზ.ა: ეს ურთიერთობები მესახება რთულად და ეს გამოწვეულია თავად ტრამპის მიდგომებიდან ევროკავშირის მიმართ და კიდევ ძალიან ბევრი ეკონიმიკური და პოლიტიკური ფაქტორებიდან, რაზეც ახლა საუბარი შორს წაგვიყვანს. ცვლილებები, რა თქმა უნდა სერიოზული იქნება. ტრამპის თქმით, ის ზრუნავს იმაზე, რომ დაიცვას აშშ-ს ინტერესები და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის ევროპასთან სტრატეგიულ ურთიერთობების კორექტირების კუთხით. ერთ-ერთი განხეთქილების ვაშლი იქნება ნატო-ს დაფინანსებაში ევროკავშირის ქვეყნების წილი, რომლის გაზრდასაც ტრამპი ალბათ აქტიურად მოითხოვს.

"რ": ხელისუფლების ოპონენტები ხშირად საუბრობენ, რომ დასავლური რადარებიდან ქრება საქართველო, თქვენი აზრით ასეა?

ზ.ა: ვინ რა მნიშვნელობას დებს ამ ტერმინში, არ ვიცი. მე ასე სკეპტიკურად არ ვარ განწყობილი, შეიძლება საქართველოს მიმართ ყურადღება შესუსტდეს, თუ იგულისხმება ის, რომ საქართველო ისე ხშირად არ არის მოხსენიებული დასავლურ პრესაში, როგორც ადრე იყო წარმოჩენილი რუსეთთან დაპირისპირებულ ქვეყანად, არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. წინა ხელისუფლების დროს. დასავლეთის ე.წ. რადარებზე ვჩანდით სახელმწიფო, სადაც იყო აქტიური ტერიტორიული კონფლიქტები, ვიყავით კონფრონტაციაში რუსეთთან, ვიყავით მომატებული რისკის ქვეყანა და შესაბამისად ინვესტორებს სერიოზული ინვესტიციების ჩადება არ სურდათ. მე არ ვისურვებდი, რომ ამ კუთხით ვჩანდეთ დასავლეთი რადარებზე, პირიქით, უნდა ვჩანდეთ, როგორც მშვიდი და განვიტარების გზაზე მყოფი ქვეყანამ სადაც ნაკლები რისკებია და ინვესტიციების ჩადება მომგებიანია.

საქართველოს ხელისუფლების კრეატიულ აქტიურობაზეც არის დამოკიდებული, რამდენად და რა ჭრილში, როგორ გამოჩნდება ჩვენი ქვეყანა დასავლურ პოლიტიკურ რადარებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×