"რეალური გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სააკაშვილსა და მის თანამზრახველებს, თუ "გასულებს" თუ "დარჩენილებს" არა აქვთ" - აცხადებს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
"რეზონანსი": "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რომელიც გიგა ბოკერიასთან და გიგი უგულავასთან ერთად ბრიუსელში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ევროპულ პოლიტიკურ ოჯახში უამრავი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ჰყავთ და იმედი აქვთ, რომ ახლო მომავალში მხარდაჭერა ყველა დონეზე ექნებათ. თქვენი აზრით, "ნაცმოძრაობის" ამ ორ ფრას შორის, რომელს უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება, როგორც შინ, ისე გარეთ?
პეტრე მამრაძე: დავიწყოთ იმით, რომ "ნაცმოძრაობის" ორი ფრთა არ არსებობს, ვინაიდან ამ 59 ადამიანის გასვლით ბოკერია- უგულავას ჯგუფს რომ უწოდებენ, "ნაცმოძრაობას" არაფერი დააკლდა. აქტიურ ამომრჩეველთა 10% ისევ რჩებათ მობილიზებული, ვინაიდან ეს არის პირადად სააკაშვილის ელექტორატი. ბოკერია-უგულავას ფრთას მხარდამჭერები არ ჰყავთ. ეს არის ზუსტად "გირჩის" ვითარების განმეორება, მათი წასვლითაც "ნაცმოძრაობას" არც არაფერი დააკლდა და არც შეემატა, ხოლო "გირჩი" ბურჭულაძის კატასტროფაში მოჰყვა. რა თქმა უნდა, ბოკერია-უგულავას ჰყავთ რამდენიმე ასეული მხარდამჭერი, მაგრამ პოლიტიკურად ეს სტატისტიკური ნულია, მაგრამ სააკაშვილის მხარდამჭერების რაოდენობაც ვერ გაიზრდება და საბოლოოდ ნულამდე დავა.
სხვა ვითარებაა პარლამენტში, თანაფარდობა აქ საპირისპიროა. სააკაშვილს დარჩა სულ 6 კაცი, ბოკერიას უფრო მეტი. აქედან გამომდინარე, საზოგადოების თვალში და დასავლეთის ზოგიერთ წრეში ბოკერია-უგულავა ცოტა ხნით მაინც დაიკავებენ ოპოზიციურ ნიშას, ვინაიდან მათ აქვთ პარლამენტარის სტატუსი, მათ ხელშია პარლამენტის ტრიბუნა და ისინი მაქსიმალურად გამოიყენებენ თავიანთ ძველ კავშირებს დასავლეთთან. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილს დასავლეთში პირადად აქვს გაცილებით მეტი წონა და კავშირები, ვიდრე ბოკერია-უგულავას ჯგუფს ერთად აღებულს. თუმცა, რეალურ დახმარებას ვერც სააკაშვილი და ვერც ბოკერია-უგულავას ჯგუფი ვერ მიიღებს დასავლეთიდან, მაქსიმუმ სულ რამდენიმე ადამიანმა დროდადრო შეიძლება გააკეთოს განცხადებები ოპოზიციის საჭიროებაზე.
"რ": ანუ "ნაცმოძრაობა" ოპოზიცუარ ნიშას დიდი ხნით ვეღარ დაიკავებს, ასე ფიქრობთ?
პ.მ: იხმაურებენ, ეკრანზე იქნებიან ეს ოთხი წელიწადი მომავალ არჩევნებამდე. იქით სააკაშვილი იხმაურებს რაც კი შეუძლია, რა თქმა უნდა, აქაურ მხარდამჭერებს გამოიყენებს ამისათვის, მაგრამ რეალური გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სააკაშვილს და მის თანამზრახველებს თუ "გასულებს" თუ "დარჩენილებს" არა აქვთ.
"რ": თუმცა არის საკითხები, სადაც ისინი ერთიანი პოზიციით გამოდიან, მაგალითად,გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში და ითხოვენ ამ ხელშეკრულების გასაჯაროვებას...
პ.მ: რაც შეეხება გაზპრომის გარიგებას, "ქოცებმა" ნამდვილად დაიმსახურეს, რომ დღეს "ნაცები" არიან ამ გარიგების დუჟმორეული კრიტიკოსები. ეს ცინიზმის კულმინაცია... სააკაშვილმა არ გააფორმა 2008 წლის ბოლოს საიდუმლო ხელშეკრულება რუსეთთან (პირსისხლიან ოკუპანტთან) ენგურჰესთან დაკავშირებით? საიდუმლო ქართველი ხალხისთვის, თორემ ოკუპანტებმა, ცხადია, იცოდნენ, რას აწერდნენ ხელს. 2009 წლის იანვრის დასაწყისში სწორედ რუსეთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ამ ხელშეკრულებაზე.
სწორედ "ნაცების" დროს არ გადასცა სააკაშვილმა რუსეთს ყველა ღირებული ენერგეტიკული ობიექტი და სხვა მრავალი? მერე უნდოდა რუსეთისთვის მიეყიდა რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით მიმავალი გაზსადენი და საქართველოს რკინიგზა; ორივე შემთხვევაში დიდი სკანდალი ატყდა და ეს ვეღარ შეძლო. "ნაცები" კი ხმას არ იღებდნენ, პირიქით, სააკაშვილის ყველა ქმედებას ამართლებდნენ, როგორც ბრძნულს, ერისთვის საჭიროს და ა.შ. ახლა კი ბედავენ გაზპრომთან ხელშეკრულებაზე ლაპარაკს.
ახაია "ქოცებზე" - იმიტომ, რომ მათ დღემდე არ გამოიძიეს "ნაცების" მრავალი მძიმე დანაშაული, არ აღადგინეს სამართლიანობა, ხოლო ენერგეტიკის მინისტრად დანიშნეს ფეხბურთელი, რომელიც დანიშვნის მომენტში, როგორც ბიზნესმენი ფლობდა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტებს, და მხოლოდ დიდი სკანდალის შემდეგ განაცხადა, რომ გაყიდა, თუმცა მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბრალოდ სხვაზე გადააფორმა, როგორც სააკაშვილმა ყარამანაშვილებზე. ის, რომ ხელშეკრულება ისევ საიდუმლოა და ყველა ფიქრობს, რომ საიდუმლოა, ნოყიერ ნიადაგს ქმნის, რომელსაც ასე ცინიკურად იყენებენ სააკაშვილის "წასული" და "დარჩენილი" თანამზრახველები.
"რ": რადგან ყარამანიშვილები ახსენეთ, ამ გაყოფის დროს რა პოზიციას დაიკავებენ ისინი? ან ისინი, ვინც ფინანსური ინტერესებით არის დაკავშირებული "ნაცმოძრაობასთან", მაგალითად თუნდაც იგივე კეზერაშვილი?
პ.მ: ყარამანაშვილები, ცრუმაგიური პირები არიან და სააკაშვილმა მათზე გადააფორმა "რუსთავი 2". შეგახსენებთ, სწორედ ძმები ყარამანაშვილები ხვდებოდნენ და აცილებდნენ სააკაშვილს კიევის აეროპორტში, როდესაც "ვარდების რევოლუციის" წინ დადიოდა მოსკოვში კიევის გავლით, იმისთვის, რომ მერე ეთქვა, რომ კიევში იყო და მოსკოვი საერთოდ არ ეხსენებინა. ეს ვიცი ჩემი კიეველი ქართველი ნაცნობებისგან, რომლებიც ამ სცენას რამდენჯერმე შეესწრნენ.
ბოკერია-უგულავას "რუსთავი 2"-დან ნამდვილად არაფერი ერგებათ. თუ ხალვაში მოიგებს სასამართლოს (რომელიც ასევე ცრუმაგიური პირი იყო) და ოქრუაშვილმა მართლაც გამოაჩინა რაღაც საბუთები, როგორც დაგვპირდა, მაშინ რა იქნება, ჩემთვის უცნობია. რაც შეეხება კეზერაშვილს, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით იგი ვერაფერს ვერ იზამს, ვინაიდან სასამართლომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ ოფიციალური საბუთების საფუძველზე; ასეთ საბუთში კი კეზერაშვილი, რამდენადაც ვიცი, არ ჩანს.
სამაგიეროდ კეზერაშვილმა შეიძლება თავისი როლი შეასრულოს როგორც არაფორმალურმა დამფინანსებელმა. შეგახსენებთ, რომ სამფრანგეთში მისი დაკავების დროს, სააკაშვილმა მიმართა საფრანგეთის ხელისუფლებას მისი განთავისუფლების თაობაზე, ამ წერილში კეზერაშვილი სწორედ პარტიის მთავარ დამფინანსებლად მოიხსენია. რაც შეეხება კეზერაშვილის ფულს, ეს არის ის ფული, რაც სააკაშვილმა გააკეთებინა, როცა თავდაცვის მინისტრობის შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში კეზერაშვილი გავლენიან მულტიმილიონერ თუ მილიარდერ ბიზნესმენად მოგვევლინა. ჩემთვის ძნელი სათქმელია, რა პოზიციას დაიკავებს ამჯერად კეზერაშვილი, მაგრამ კარგად ვიცი, რომ იგი თავიდანვე პირადად მიშას კაცი იყო და ბოლომდე დარჩა იმ ერთ-ერთ ადამიანად, ვინც სააკაშვილს მერაბიშვილისა და ადეიშვილის კონტროლის გარეშე უკავშირდებოდა.
ამ დაყოფის დროს ფინანსურ ინეტერესებს დიდი მნიშვნელობა აქვს - ამაზე ვრცლად ისაუბრა "ნაცების" ვეტერანმა ოთარაშვილმა, რომელიც დაგვპირდა, რომ ორ თვეში ისეთი სკანდალური ინფორმაცია გასკდება, რაც მოხდა, მხოლოდ ჟურნალად მოგეჩვენებათო. მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლებში "ნაცმოძრაობის" ელიტა იმდენად გათავხედდა, რომ მხოლოდ საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრობდნენ, ყველას ესმოდა, რომ მიშას საქმე წასულია და გამალებით ცდილობდნენ მაქსიმალურად გამდიდრებულიყვნენ. დღეს "ნაცმოძრაობის" "ელიტა" "გასულებიც" და "დარჩენილებიც" მილიონერები არიან, მაგრამ პოლიტიკის გულისათვის თავის ქონებიდან კაპიკსაც არ გაიღებენ, თუ არ ექნებათ გარანტია, რომ ასეთი ინვესტირებით კიდევ უფრო მეტ ფულს იშოვიან.