ნინო ქეთელაური
26.01.2017

 "შეუძლებელი იქნება ავტომობილით გადაადგილება, მოხდება სტაგნაცია, არ გვექნება მწვანე სივრცეები და ჟანგბადი," - ასე აფასებს არიქტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე იმ შესაძლო შედეგს, რაც დედაქალაქში მიმდინარე ინტენსიური მშენებლობების გაგრძელებას მოჰყვება.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, კანონში ცვლილებებია შესატანი, უნდა მოხდეს ურბანისტების მოსმენა, რომელთაც პასუხი ყველა კითხვაზე მომზადებული აქვთ.

ლადო ვარდოსანიძე: თუ დროზე არ მოვეგებით გონს, ქალაქი დაემსგავსება ბეტონის ჯუნგლებს, შეუძლებელი იქნება ავტომობილით გადაადგილება, მოხდება სტაგნაცია, არ გვექნება მწვანე სივრცეები და ჟანგბადი. სხვათაშორის, ამ საქმეს უნდა ემსახურებოდეს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს მხოლოდ დოკუმენტის სახით, რომელიც თაროზე შემოიდება. უნდა მოხდეს იმ დებულებების გათვალისწინება, რომელიც ამ მიწათსარგებლობის გეგმაში ჩაიდება. მე ვიტყოდი, რომ ის განახლებული გეგმა, რომელიც ახლა მზადდება, ამ მიზანს ემსახურება კიდეც.

"რეზონანსი": უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც გენ-გეგმის განახლების პროცესი მიმდინარეობს, რატომ არ ხდება მისი ამოქმედება?

ლ.ვ: მისი ამოქმედება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც განიხილება და დამტკიცდება. ეს არ არის დოკუმენტი, რომლის შედგენაც 2 კვირაშია შესაძლებელი. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, რასაკვირველია, არის სირთულეებიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვიცნობ ამ სამუშაოს და რამდენიმე თემის მონაწილეც ვარ. ამიტომ, მჯერა და მწამს, რომ ის გუნდი, რომელიც გენერალურ გეგმაზე მუშაობს, პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. აქ ყველაზე მთავარი ის არის, როგორ მოხდება ამის განხილვა, შეთანხმება და შემდეგ უკვე დამტკიცება.

"რ": მშენებლობებზე ნებართვის გაცემას კანონი უნდა არეგულირებდეს თუ არა მკაცრად? ამ მხრივ კანონმდებლობა შესაცვლელია?

ლ.ვ: რა თქმა უნდა, ცვლილებები შესატანია. ჯერ ერთი, მე არა მგონია, რომ თავის დროზე ჩადებული ნორმა, რომელიც კოეფიციენტების მომატებას ეხებოდა, გამართლებული იყო. ეს ყოვლად დაუშვებელია და საერთოდაც, ზოგიერთი რამ, საბჭოთა პერიოდის ქალაქმშენებლობიდან უნდა გავიხსენოთ. ის, რაც კარგი იყო. მაგალითად, განაშენიანების სიმჭიდროვის საკითხი, არა ცალკეულ მონაკვეთზე, არამედ მთელს უბანზე და ქალაქის რაიონებზე უნდა იყოს გათვალისწინებული.

რაც მთავარია, ქალაქის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომელიც საერთოდ დაივიწყეს. არის გამონაკლისებიც, მაგრამ ძირითად შემთხვევაში, ვაზროვნებთ ერთი ცალკე აღებული ნაკვეთის განვითარების ფილოსოფიით და არა ქალაქგეგმარების პრინციპებიდან და იმ ტრადიციებიდან გამომდინარე, რომელიც საერთოდ მსოფლიო ქლაქ მშენებლობას და თბილისის ქალაქგეგმარებას ჰქონდა.

"რ": როგორ ფიქრობთ, ქალაქის ცენტრში ამ ინტენსივობით მშენებლობა დასაშვებია?

ლ.ვ: საერთოდ, თანამედროვე ქალაქ მშენებლობა უფრო მისდევს განაშენიანების ინტენსიფიკაციას, მაგრამ ეს იქ, სადაც შესაძლებელია. თბილისის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სწორედ ცენტრი წარმოადგენს. რაც თავის მხრივ, უფრო მთავარ პრობლემას, რკინიგზის გადატანის საკითხს უკავშირდება. ამის შედეგად, 70 ჰექტარზე მეტი თავისუფლდება და ალბათ, დიდუბის რკინიგზის ზონა იქნება ცენტრის განვითარებისთვის ახალი ლოკაცია. ეს კი, თავისთავად, დეველოპერების ინტერესების რეორიენტაციას მოახდენს.

დღეს ყველა ცდილობს, რომ შენობა თბილისის ისტორიულ ცენტრში ჩატენოს. ადმინისტრაციულ შენობებზე მაქვს საუბარი. ამიტომ, როდესაც დიდუბის მიმართულებით, განვითრების ასეთი სტიმულირება გვექნება, ეს თბილისის ცენტრიდან რაღაც ფუნქციებს თავისკენ მიიზიდავს.

რაც შეეხება საცხოვრებელ უბნებს, მე არ ვფიქრობ, რომ ქალაქის ძალიან დიდი ტერიტორიული განვითრება უნდა მოხდეს. თუნდაც იმიტომ, რომ რა მშენებლობებიც მიმდინარეობს, ჯერ აქაც არ არის ხალხი ბოლომდე შესახელებული და არამგონია, რომ განვითარებისთვის ახალი ტერიტორიების ძიება საჭიროა.

"რ": რა არის გამოსავალი?

ლ.ვ: გამოსავალი არის პროფესიონალიზმის აღიარება. ანუ, ქალაქ გეგმარების, ურბანისტიკის, როგორც დარგის ემანსიპირება. დღეს ის უკანა პლანზეა გადაწეული. მე ვფიქრობ, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, თორემ ჩვენ, არქიტექტორებს და ურბანისტებს ყველაფერზე გვაქვს პასუხები მომზადებული. მხოლოდ მოსმენა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×