შესაძლოა დღეს, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე უკრაინის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლოს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი ავცელებს. მისი თქმით, უკრანის გენერალურ პროკურორს რამდენჯერმე ესაუბრა, რომელმაც აღნიშულის შესახებ პირადად განუცხადა.
ამასთან, გია ცერცვაძის მეუღლე ტატიანა მესხი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციისთვის მისი მეუღლის გადაცემის საკითხი არ განიხილება და ის უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ.
"კიევში მივემგზავრები, ჩემ მეუღლეს სასამართლოზე შევხდები და უშუალოდ მისი ადვოკატისგან შევიტყობ ყველა ინფორმაციას. ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რაიმე განცხადებას მაინც გააკეთებდნენ გია ცერცვაძესთან დაკავშირებით, თუმცა არანაირი განცხადება არ ყოფილა, რის გამოც გული ძალიან მწყდება," - განაცხადა ტატიანა მესხმა.
აღნიშნულ საქმეზე ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის დაპირისპირება კი ისევ გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს, მმართველი ძალა კი აცხადებს, რომ ოპოზიცია ამ საქმით მანიპულირებას ცდილობს.
"აქ კითხვები საერთოდ არ უნდა იყოს. ორი დღეა ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ყოველწუთიერ კონტაქტზეა უკრაინის გენერალურ პროკურორთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთისთვის," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელიც ოპოზიციის კრიტიკასაც გამოეხმაურა.
"ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლების რეჟიმში. მათ აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და უნდათ, ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევარნი. ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ათწლეულობით პერიოდის განმავლობაში დაზიანებაში, რომელმაც ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციას - რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო. უფრო მეტიც, ისინი ჩვენ ბრალს გვდებენ სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში, გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან; უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს; კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და შემდეგ კიდევ ერთხელ დახვრიტეს. ეს ადამიანები დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, კარგად დაფიქრდნენ იმ ადამიანების შიგთავსსა და წარსულზე, რომლებმაც დღეს ჩვენ ქვეყნის სიყვარულის ნაკლებობასა და ლამის მოღალატეობაში დაგვდეს ბრალი; კარგად დაუკვირდნენ, ვინ ვინ არის, ვინ რას აკეთებს ამ ქვეყნისთვის და ვის სურს ამ ქვეყნისთვის მართლა კარგი," - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
პრემიერის განცხადება უპასუხოდ არც საპარლამენტო ოპოზიციას დაუტოვებია, სადაც აცხადებენ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა, "რომელიც გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებდა, ისეთი სამარცხვინო განცხადება გააკეთა, რომ სჯობდა საერთოდ არ ამოეღო ხმა.:
"ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ იმ ხელისუფლების კრიტიკას, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთის აგენტები პოლიტიკური პატიმრის მანტიით შემოსა. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც დაანგრია კონტრდაზვერვა და დაიჭირა კონტრდაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ," - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა.
თავის მხრივ, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს შსს და მთავარი პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძის უფლებები დაცული იყოს.