"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ოპოზიციურ გაერთიანებსთან დაკავშირებით ინტესიური კონსულტაციები თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყება. იგი მზადაა ყველასთან ითანამშრომლოს, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა".
"ყველა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიასთან მეტ-ნაკლები დოზით თანამშრომლობა შესაძლებელი გახლვათ", - უთხრა "რეზონანსს" ბურჯანაძემ, თუმცა ამ საკითხზე უფრო კონკრეტულ საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
ნინო ბურჯანაძე: ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბარი ნაადრევია. არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა, თუმცა გამორიცხული არ არის. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რა კონფიგურაცია იქნება, მაგრამ ვთვლი, რომ როგორც მინიმუმ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს პოზიციების დაახლოების მიზნით, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ოპოზიციის, რათა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილბები არ გატარდეს, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს შეუშლის. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს.
რამდენიმე დღის წინ გამოვედი ინიციატივით უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ერთადერთი, ვინც ამ ინიციატივას გამოეხმაურა, არის "პატრიოტთა ალიანსი" და მნიშვნელოვანია, რომ სრულიად ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს ჩვენს ამ იდიას, რათა აიკრძალოს უცხოელებისთვის მიწის გაყიდვა. აი, ასეთ თემებზე თუ ოპოზიცია ერთიანობას მოახერხებს, სერიოზულ ძალად იქცევა და ხელისუფლებას ძალიან რთულ მდგომარეობაში მოუწევს თავისი გადაწყვეტილებების მიღება.
"რეზონანსი": თუმცა რამდენიმე თვის წინ გუბაზ სანიკიძე თქვენს პარტიას იმიტომ შეურთდა, რომ სათავეში ჩადგომოდა დიდ ოპოზიციურ ერთობას თვითმმართველობის არჩევნებისთვის...
ნ.ბ: ეს არ იყო მთავარი ამოცანა. გუბაზს ნამდვილად ჰქონდა ამის სურვილი; იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი ოპოზიციური გაერთიანება შემდგარიყო. თუმცა ჩვენს პარტიაში შემოსვლის მიზეზი ის იყო, რომ მან ნათლად დაიანახა, - ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ძალიან თანმიმდევრულად იბრძვის.
თუ ოპოზიციური გაერთიანება რეალური იქნება, ჩვენ არასოდეს ამისთვის ხელი არ შეგვიშლია და არც შევუშლით. ჯერჯერობით თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ არის მთელი რიგი უმნოშვნელოვანესი საკითხები, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ერთმანეთის პოზიციას მხარი დაუჭიროს და გაამაგროს პოზიციები.
"რ": და მაინც ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით დაიწყო თუ არა კონსულტაციები?
ნ.ბ: გაერთიანებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არა. რაც შეეხება ცალკეულ თემებს, მათ შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ასეთი კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობს.
მიწის თემაზე კონსულტაცია არ ყოფილა, თუმცა პრაქტიკულად ამას გამოეხმაურა მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი". კარგია თუ ისინი ამ საკითხს დააყენებენ პლენარულ სხდომაზე, იმიტომ, რომ ერთმნიშვნელოვნად გავაკეთე განცხადება - თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს ამ წინადადებას და არ მიიღებს კონსტიტუციურ აკრძალვას მე და ჩემი თანაპარტიელები რეფერენდუმის მოთხოვნისთვის დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას.
"რ": და მაინც ვისთან ითანამშრმლებს და ვისთანა არა "დემოკრატიული მოძრაობა"?
ნ.ბ: "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრმლობას გამოვრიცხავ და არც ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებები სულ უნდა ვაკეთო. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, მეტ-ნაკლები დოზით თანამშრომლობა შესაძლებელი გახლვათ.
"რ": რაც შეეხება ბოკერია უგულავას ფრთას?
ნ.ბ: ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს "ნაციონალური მოძრაობის" რომელი ფრთა იქნება - მარჯვენა თუ მარცხენა. ეს პარტია ჩემთვის არის დამნაშავე ორგანიზაცია, რომელსაც პასუხი უნდა ეგო.
არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია, ნამდვილად არ ვიყავი ბედნიერი და კმაყოფილი უგულავას ციხეში ჯდომით, მაგრამ ის, რომ მან ციხეში რაღაც პერიოდი გაატარა, არ ნიშნავს იმას, რომ გმირად შეირაცხოს. მითუმეტეს ბოკერია, რომელიც თავი და თავი იყო ყველა იმ უკანონობისა, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა. სააკაშვილი არ არის მარტო დამნაშავე იმაში, რაც მოხდა. ის, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილზე ცდილობს ყველაფერზე ხელის შეწმენდას და ბოკერიასთან მოლაპარაკებებზე წავიდა, ეს არის შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, საზოგადოების მოტყუება და ძალიან აღმაშფოთებელი ფაქტი.
"რ": თებერვლის ბოლოს დავით უსუფაშვილი აპირებს პარტიის ჩამოყალიბებას?
ნ.ბ: ამას მხოლოდ მივესალმები. ბატონ დავითს ძალიან დიდ პატივს ვცემ, დიდი ხანია ვიცნობ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩვენი პოლიტიკური ხედვები რადიკალურად განსხვადებოდა, ყოველთვის ვახერხებდით ელემენტარულ, თუნდაც კონსულტაციების დონეზე საუბარს. ის ნამდვილად გონიერი ადამიანია და მივესალმები თუ შეძლებს სერიოზული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. ეს მხოლოდ წაადგება ქართულ პოლიტიკურ პროცესს.
"რ": და მაინც, თქვენი აზრით პარტიებს შორის არსებული იდეოლოგიური სხვაობა გახდება თუ არა გაერთიანების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი?ძ
ნ.ბ: მე არ ვიცი, რა არის პრორუსული ან პროევროპული ძალა და საერთოდ არ ვიცი, რატომ აღვიქმები პრორუსულ ძალად. ეს არის კლიშე. მე არ ვთვლი ჩემს თავს პრორუსულ ძალად. რუსეთთან თანამშრმლობაზე თუ ვლაპარაკობთ, ამაზე მთელი მსოფლიო საუბრობს, ვისაც ჭკუა აქვს.
"რ": თუმცა რესპუბლიკურმა პარტიამ ფაქტიურად უკვე უარი განაცხადა თქვენთან გაერთიანებზე?
ნ.ბ: რესპუბლიკური პარტია საერთოდ არ მაინტერესებს. პიროვნულად ბევრი მათგანი ჩემთვის საინტერესოა, მაგრამ როგორც პარტია არც არასოდეს აღიქმებოდა მოსახლეობის მხრიდან და ძალიან ნუ ინერვიულებენ, არ ვთავაზობ თანამშრომლობას.
"რ": მაშინ ვის სთავაზობთ?
ნ.ბ: ვნახოთ. მე არავის არ ვთავაზობ თანამშრომლობას. ვისაც აქვს მსგავსი ხედვა ქვეყნის განვითარების ცალკეულ საკითხებზე, თუნდაც ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით და ვისაც მართლა უნდა ამ ქვეყნის გადარჩენა და არა საკუთარი თავის და პარტიის პიარი, ყველა ასეთ ძალასთან ვითანამშრომლებ, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა".
"რ": და მაინც როდისთვის აპირებთ კონსულტაციების დაწყებას?
ნ.ბ: ვერ გეტყვით, გამოჩდება. პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება. რაც შეხება ინტესიურ კონტაქტებს, ველოდები, რომ სადღაც თებერვლის შუა რიცხვებიდან გაქტიურდება ეს კონსულტაციები.