სალომე სარიშვილი
26.01.2017

 "ისეთ ანგარიჟერებულ და სახელგატეხილ პოლიტიკოსს, როგორიც მანანა კობახიძეა და რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, ქრთამის აღებაშიც კი ადანაშაულებდნენ, საკონსტიტუციო სასამართლომდე სამხრეთ კორეაში კი არც კი მიასუნინებდნენ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და იქვე უმატებს, რომ ვიდრე ევროპასთან ინტეგრაციის გზასა და ვიზალიბერალიზაციით მიღებულ შესაძლო სიკეთეზე ვისაუბრებთ, სჯობს ეს საკითხი ფართო ჭრილში განვიხილოთ და მეტი წინდახედულობა გამოვიჩინოთ.

პოლიტოლოგი ჩვენთას საუბრისას, საგარეო პოლიტიკის საკითხებს შეეხო და თქვა, რომ მთავრობასა და საზოგადოებაში ევროპასთან და მით უფრო, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არასწორი განწყობაა შექმნილი.

სოსო ცინცაძე: პროცედურული თვალსაზრისით, წესით ვიზალიბერალიზაციას აწი შეფერხება არ უნდა მოჰყვეს, მაგრამ მოდით, ეს ფართო ჭრილში განვიხილოთ. ეს არ გახლავთ მოწყვეტილი პროცესი, ეს ეხება გლობალურ პოლიტიკას და მათ შორის, ხვალინდელ საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელმაც გასაგებად თქვა, რომ უკრაინელებსა და ქართველებს ატყუებდნენ. მანვე აღნიშნა, რომ ჩვენ არც ევროკავშირში და არც ნატოში შესვლის შანსი არ გაგვაჩნია. ასე თუ ისე, შეიძლება ეს ცინიზმი იყოს, თუმცა არის მასში სიმართლეც.

რეალურად მართლაც გვატყუებდნენ. ამდენად, ახლა როცა ვიზალიბერალიზაციას ევროკავშითან მიახლოების ჭრილში განვიხილავთ, უნდა ვთქვათ, რომ ეს რეალობასთან ახლოს მდგარი მოსაზრება ვერ იქნება. სიმართლე გითხრათ, ამაზე ლაპარაკიც კი მომბეზრდა - ვიმეორებ ერთსა და იმავეს თუთიყუშივით. ფულიანი ხალხი იქ ისედაც დადიოდა, უფულო კი ვერც ვიზალიბერალიზაციის შემდეგაც ვერ წავა. ვიზალიბერალიზაცია არ ნიშნავს, რომ იქ ვინმეს უფულოდ ჩაგიყვანს ან რაიმე იაფი გვექნება, მგონი ამაზე ყველა ვთანხმდებით, არა?!

"რეზონანსი": თუმცა, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ვიზალიბერალიზაციით ევროპას ერთი ნაბიჯით ვუახლოვდებით, ამას მოწმობს ევროკომისრის განცხადებაც, რომელიც სულ ახლახანს გააკეთა. გარდა ამისა, მთავრობა ამ საკითხს მხოლოდ პოზიტიური კუთხით განიხილავს. თქვენ რა პრობლემებს ხედავთ პერსპექტივაში?

ს.ც: რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციის მიღებით ერთი ნაბიჯით ევროპას კიდევ ვუახლოვდებით, მაგრამ როგორც უწინ გითხრით, ვუახლოვდებით გეოგრაფიულად და არა ფასეულობებითა და ღირებულებებით. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, რად მინდა ვიყო ევროკავშირის წევრი და კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ნიშნავდნენ?! მირჩევნია არც ნატოს წევრი ვიყო და არც ევროკავშირის, ისე როგორც სამხრეთ კორეა, მაგრამ ისეთ ანგაჟირებულ და სახელგატეხილ პოლიტიკოსს, როგორიც მანანა კობახიძეა და რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, ქრთამის აღებაშიც კი ადანაშაულებდნენ, საკონსტიტუციო სასამართლომდე სამხერთ კორეაშიც არც კი მიასუნინდებდნენ.

ჩემთვის ესაა მნიშვნელოვანი და არა ნატო, ევროკავშირი. რა ჯანდაბად მინდა ევროკავშირი, თუკი მერი ნარმანია იქნება. კაცი, რომელმაც თბილისი თავის სოფლის დონეზე დაიყვანა. გზა გზად არ ვარგა, შუქი არაა, წყალი არაა, დანგრეული ინფრასტრუქტურა, საცობები. ევროპის ჩვენხელა ქალაქში ჩვენდენი მანქანებით ათჯერ ნაკლები საცობია. რატომ? - იმიტომ, რომ აქ ერთი ქუჩაც კი არაა მოწესრიგებული. ე.ი. გამოდის, რომ გეოგრაფიულად ვუახლოვდებით ევროპას თუ რა ჯანდაბაა?!

მე მინდა ჩვენ ევროპასთან ფასეულობებითა და ღირებულებებით ვიყოთ და არა გეოგრაფიულად დაახლოებულნი. ევროპაში ყველაზე მეტი უცხოელი დღეს ჩინელები არიან და თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი ფასეულობებით მოხვდნენ იქ?! იქაც კომუნისტური რეჟიმია. რა ფასი აქვს ამას, ვინმე გამაგებინებს?! თუ ახლა ჩვენი საზოგადოება ჩავა იქ და ეგრევე ლუვრსა და ვატიკანს მიაშურებს?! - ამის ილუზია არავის შეექმნას.

უბრალოდ მისვლა-მოსვლა ინტეგრაციის გზას გააუმჯობესებს, შესაძლოა ცოტა მეტი ადამიანი წავიდეს, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ჩვენი რეპუტაცია არც თუ ისე ბრწყინვალეა, შესაძლოა იქ ჩუმად დარჩენის მსურველები გამოჩნდნენ და ეს ჩვენს შერყეულ იმიჯს კიდევ უფრო დააზრალებს. ასეთ შემთხვევაში ყველა მეორეს ევროპიდან გამოყრა მოუწევს და ეს სერიოზული პრობლემაა. ეჭვი არ მეპარება, რომ ყოველი ათი ადამიანიდან 5 ევროპაში დარჩენასა და დასაქმებას მოინდომებს.

გახსოვთ შარშან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, ქართველებს ციხეებში ვეღარ ვატევო, ახლა უარესი ვითარება შეიქმნება. ამათ რა ჰგონიათ?! წავლენ ქართველები, 90 დღეს შეასრულებენ და მერე უკან დაბრუნდებიან?! - არა ბატონო ჩემო, ეს ასე ვერ იქნება. 80% იმ იმედით წავა, რომ იქ ჩუმად პატარა ქალაქებში გაიპარება და დარჩება, მაგრამ ახლა კონტროლი ტერორისტების შიშით ძალიან გამკაცრდა, ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა ყოველი მეორე დამნაშავიდან ქართველი მივიღოთ.

"რ": ზემოთ საფრანგეთის ყოფილი პრემიერისა და ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატის ფრანსუა ფიიონის განცხადება ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, ეს მისი პერსონალური პოზიციაა თუ გარკვეულწილად საფრანგეთის ნაწილის განწყობასაც ასახავს?

ს.ც: რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ მისი პერსონალური განცხადება, ასეთი განწობა ჰქონდა სარკოზის, ოლანდსა და სხვებსაც, მაგრამ ისინი გვატყუებდნენ. ახლა კი ვითარება შეიცვალა და ისეთი დრო დადგა, რომ ჭეშმარიტება და სიმართლე უნდა ითქვას.

"რ": ე.ი გამოდის, რომ ე.წ. სკეპტიკოს ქვეყნების ჩამონათვალიდან საფრანგეთის საქართველოსადმი დამოკიდებულება არ იცვლება. როგორ ფიქრობთ, რა მოჰყვება ამას შედეგად და რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ, რომ აზრის სხვაგვარად ფორმირებასა და განწყობაზე იმუშავოს?

ს.ც: რასაკვირველია, სკეპტიკოს ქვეყნებში მხოლოდ საფრანგეთი არ მოიზარება. მაგალითად, ბუქარესტის სამიტზე პირველი, ვინც ჩვენ ხელს საფრანგეთზე მეტად გვიშლიდა, გერმანია იყო. სააკაშვილის დროს ჩვენს წინააღმდეგ საფრანგეთი ისე არ აქტიურობდა, როგორც გერმანია და იტალია. რომ არაფერი ვთქვათ ჰოლანდიაზე, სადაც თვენახევარში არჩევნებია და მომავალი პრემიერი უკვე ამბობს, რომ ვინც წესრიგს დაარღვევს, მისი ფეხი ჰოლანდიაში ვერ იქნება.

ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა და შესაბამისად, ახლა ჩვენ სხვა ევროპის წინაშე ვართ. ჩვენი წარმოდგენა ევროპაზე სხვანაირი იყო, თუმცა ის დრო წავიდა და ახლა ვითარება შეიცვალა. დღეს თავად ევროპელებმა არ იციან, სად წავიდნენ და დაიმალნონ.

აგერ ინგლისი ნახეთ, რომელიც ევროპული დემოკრატიის აკვანია, იქიდან ებრალები გუდა-ნაბადს იხვევენ და ისრაელში გარბიან საცხოვრებლად, რადგან უკვე აღარც ინგლისში შეიძლება ცხოვრება. იქაც ქსენოფობია, ტერორიზმი და ათასი უბედურება ხდება.

ასეთ პირობებში ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციაზე უარი რომ ეთქვათ, თვითონ ევროჩინოვნიკების მხრიდანაც კი, რომლებისთვისაც სიტყვა მხოლოდ ცინიზმია, ზედმეტი იქნებოდა. ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ ვიზალიბერალიზაციას მოგვცემენ, მაგრამ რა ხეირი?! - ეს არც ცუდია და არც კარგი. სიმბოლურად რასაკვირველია სჯობს გვქონდეს, ვიდრე არა. ცხადია, სჯობს იყო მდიდარი და ჯანრთელი, ვიდრე ავადმყოფი და ღარიბი. ამით იმის თქმა მინდა, რომ განწყობაა არასწორი შექმნილი და ამას ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირი კი არა, შიდა პოლიტიკის დალაგება უნდა. აი მერე უნდა ვიფიქროთ, სკეპტიკოსი ქვეყნების განწყობასა და აზროვნებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×