გუშინ თაბუკაშვილის ქუჩაზე გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამა ძმასთან ერთად დააკავეს. ამის შესახებ ინფრომაცია ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ გაავრცელა, რაც მოგვიანებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას თავად სოსო რობაქიძემაც დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ ის ძმასთან ერთად ნამდვილად დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტო კი მომხდარს უარყოფს და აცხადებს, რომ ძმები რობაქიძეები განყოფილებაში არ გადაუყვანიათ და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში, საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ მას ინფორმაცია მეგობარმა ჟურნალისტმა მიაწოდა.
"სოსო რობაქიძე ახლახან პოლიციამ დააკავა! ნაცების მიერ სადისტურად მოკლული ბუტა რობაქიძის მამა და ბიძა, სოსო და ვასიკო რობაქიძეები რამდენიმე წუთის წინ პატრულმა დააკავა და ახლა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.. ეს ამბავი დიტო ჩუბინიძემ გადმომცა, რომელთანაც ვასიკო რობაქიძეს მოუხერხებია დაკავშირება," - წერს დავითაია.როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ მისი დაკავების ფაქტს მოგვიანებით ტელევიზიის მეშვეობით დაადასტურა და დასძინა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ის და მისი ძმა განყოფილებიდან გამოუშვეს.
"დაკავებული ვიყავი ნამდვილად, ახლა გამომიშვეს პოლიციიდან. მიზეზი არ ვიცი ჯერ. ბუნებრივია, შსს ამ ფაქტს არ დაადასტურებს, თვითონაც არ იციან, რა გააკეთეს", - აცხადებს სოსო რობაქიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
რობაქიძეების შესაძლო დაკავების ფაქტზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში არც "რეზონანსს" დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ მსგავსი რამ გუშინ არ მომხდარა.