"იმის მაგიერ, რომ კერძო სექტორი წაახალისონ, იღებენ ფულს ბიუჯეტიდან და უცხოურ კომპანიას აძლევენ"
მარი ჩიტაია
27.01.2017

 უალკოჰოლო სასმელების მარკირების დაფინანსება მთავრობის მხრიდან ზედმეტი ხარჯია, რომელიც ბიუჯეტიდან უცხოური კომპანიის სასარგებლოდ იფლანგება. ვერც ბიზნესმენები გარკვეულან, ვერც ექსპერტები და მით უმეტეს, ვერც საზოგადოება, თუ რა მიზნით ეწევა ამ ხარჯს სახელმწიფო და საბოლოოდ რას ემსახურება ამით.

უწყება, რომელიც, პასუხისმგებელია საზოგადოების კითხვებს პასუხი გასცეს, არაფერს ამბობს. ქვეყნიდან კი ყოველწლიურად დამატებით რამდენიმე მილიონი გადის, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ლარს კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აგდებს. ასეთია იმ სპეციალისტების მოსაზრება, რომლებიც უალკოჰოლო სასმელების მარკირების გადაწვეტილებას ბიზნესისსა და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.

ფინანსთა სამინისტროში "რეზონანსის" კითხვებს არ პასუხობენ. შემოსავლების სამსახურის უფროსი კი აცხადებს, რომ არაალკოჰოლური სასმელების მარკირება ისევე როგორც შარშან, წელსაც გაგრძელდება. გიორგი თაბუაშვილი კომპანიების წარმომადგენლების ბრალდებას გამოეხმაურა, რომლებიც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მათ მარკირების დაფინანსება შეუწყდეთ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ აქციზის აპარატები შეფერხებით მუშაობს.

"ბიზნესს არასდროს უჭირდა კომუნიკაცია არც მთავრობასთან, არც ნებისმიერ სამინისტროსთან. ჩვენ მზად ვართ შევხდეთ, მოვუსმინოთ, ვიმსჯელოთ. მარკირების აპარატების მუშაობას რაც შეეხება, კონკრეტული ფაქტებით მოგვმართონ, ვიმსჯელებთ. ჩვენ გავაგრძელებთ დაფინასებას ისე როგორც შარშან", - განაცხადა თაბუაშვილმა.

"რეზონანსი" ამაოდ ცდილობდა გარკვევას, რატომ გახდა აუცილებელი ზედმეტი ხარჯის გაწევა სახელმწიფოსა და გნებავთ კერძო ბიზნესისათვის? რას წარმოადგენს უცხოური კომპანია, რომელიც აღნიშნულ მომსახურებას ეწევა და რომლის სასარგებლოდაც ქვეყნიდან რამდენიმე მილიონი ევრო გადის?

ამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ აქტუალურ კითხვებს არ უპასუხა. სამაგიეროდ, ამ საკითხზე ვრცლად საუბრობენ სპეციალისტები, რომელთაც, მთავრობის წევრებისგან განსხვავებით, გაცნობიერებული აქვთ საფრთხე, რომელიც ლარის კურსისა და ქვეყნის ეკონომიკის საზიანოდაა მიმართული.

საგადასახადო სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი სავალდებულო მარკირების შემოღების უახლოეს ისტორიასაც იხსენებს.

"სააკაშვილის ხელისუფლებამ გააფორმა და მოინდომა თავის დროზე მიეღო რეგულაცია "უალკოჰოლო სასმელების წარმოების მარკირების შესახებ". რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აღრიცხვიანობის გაკეთება დაევალა ერთ-ერთ შვეიცარიულ კომპანიას, რომელსაც ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მარკირების მომსახურებასთან დაკავშირებით. თანხას მას საქართველოს მთავრობა ბიუჯეტიდან უხდის.

შეიძლება ითქვას, რომ ახალ მთავრობას დახვდა ეს ხელშეკრულება, მაგრამ ეს არ არის გამართლება იმისა, რასაც ამჟამად აკეთებს. გამოდის, რომ უცხოური ბიზნესი ფინანსდება საქართველოს მოსახლეობისგან გადახდილი გადასახადების ხარჯზე. აღნიშნული დაფინანსება 6 მლნ ლარის ფარგლებშია. ხელშეკრულება ძალაშია მომდევნო წელსაც.

ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ირიბი და ახალი გადასახადის შემოღებასთან, რომელიც არანაირ კავშირში არ არის და არსებითად შეუთავსებელია დღევანდელ ქართულ სამართლებრივ-საგადამხდელო სივრცესთან. ახალი გადასახადის შემოღებას საქართველოს კანონდმებლობით, სჭირდება რეფერენდუმი", - განმარტავს ჩარგეიშვილი და დასძენს, რომ ზედმეტი ხარჯის გაწევა ბიუჯეტისა და საქართველოს მოსახლეობისთვისაც საზიანოა.

"როდესაც ეს საკითხი დაიძრა (2012-13 წლებში) და დაიწყო მსჯელობა, ითქვა, რომ თანხა, რომელსაც შვეიცარული კომპანია მიიღებს, უნდა იყოს ევრო-ცენტებში. შესაბამისად, 1000 ბოთლის ჩამოსხმის შემთხვევაში, როცა კურსი პირობითად იყო 1 ევრო - 1,8 ლართან, ამ შემთხვევაში მისი ჩამოსხმა და საბოლოო ტარიფი ჯდებოდა 0,8 თეთრი. ახლა, დევალვაციიდან გამომდინარე, ხარჯი 1,5 თეთრამდეა გაზრდილი. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი გვეუბნება, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში კონკურენციას და სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, თუმცა უალკოჰოლო სასმელების მარკირება არანაირად არ ემსახურება ბიზნესის განვითარებას.

რეალურად საქართველოში საგადასახადო სისტემა იმდენად ნორმალურად გვაქვს მოწესრიგებული, რომ არანაირი დამატებითი სააღრიცხვო მექანიზმი ჩვენ არ გვჭირდება. გამოდის, რომ მოსახლეობას ვუძვირებთ პროდუქტს, მათგან ამოგვაქვს ეს ფული და შემდეგ მთავრობა მას აძლევს კერძო კომპანიას. საბოლოოდ, ფინანსური სახსრები გადის ქვეყნიდან, რაც ურტყამს ეკონომიკას, ლარის კურსს და ისევ საბიუჯეტო პრობლემას ქმნის. განვითარებასა და ხელშეწყობაზე, ეკონომიკურ მდგრადობაზე საუბარი აქ წარმოუდგენელია. იმის მაგიერ, რომ კერძო სექტორი წაახალისონ, იღებენ ფულს ბიუჯეტიდან და კერძო უცხოურ კომპანიას აძლევენ", - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი.

როგორც აღმოჩნდა, უკმაყოფილოა ბიზნესიც, მიუხედავად იმისა, რომ თანხას სახელმწიფო სწორედ მის ნაცვლად იხდის. ბიზნესმენი თემურ ჭყონია ფიქრობს, რომ მთავრობას სხვა გამოსავალი არ აქვს და ხელშეკრულების გაგრძელება იძულებით უწევს.

"ეს არის დიდი ხნის ისტორია. თავის დროზე ისეთი კაბალური ხელშეკრულებაა დადებული, რომ დღევანდელი მთავრობა იოლად ვერ წყვეტს. ის, რაც აზიანებს სახელმწიფოს, არ შეიძლება ბიზნესისთვის სასარგებლო იყოს. ჩემთვის მიუღებელია, რომ მარკირებისთვის ფულს მთავრობა იხდის. კატეგორიულად არ მჯერა, რომ კომპანეიბი, რომლებსაც მარკირების მექანიზმი შეეხო, მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყვნენ. შვეიცარული კომპანიისთვის ამ უპირატესობის მინიჭება შეცდომა იყო. ამით ბიუჯეტს ზედმეტი ხარჯი დააწვა", - აცხადებს ჭყონია.

ამგვარად ფიქრობს კომპანია "ნატახტარის" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილიც, რომლის თქმითაც, სხვა, უფრო ეფექტური მექანიზმი უნდა შემუშავდეს.

"მთავრობასთან დადებული პირობა ერთდროულად დამაკმაყოფილებელია და არადამაკმაყოფილებელიც. ერთი მხრივ, კომპანიები თავისი ბიუჯეტიდან არ იხდიან ამ გადასახადს და ეს დადებითი ფაქტია. მეორე მხრივ, ხარჯი აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს. ჩვენი აზრით, მარკირებისთვის ასეთი ხარჯის გაღება სახელმწიფოსთვის ძვირი ფუფუნებაა, როდესაც არსებობს სხვა ნაკლებ ბიუჯეტიანი ალტერნატივებიც. კომპანიები და მთავრობა დიალოგის პროცესში ვართ. იმედს ვიტოვებ, ასეც გაგრძელდება. ჩვენ ვეცდებით დავარწმუნოთ მთავრობა, რათა დანერგონ მეთოდები, რომლებიც ეფექტური და უფრო იაფი იქნება", - აცხადებს ხუნძაკიშვილი.

სამწუხაროდ, კომპანია "აიდიეს ბორჯომში" "რეზონანსის" კითხვებს არ უპასუხეს და მათი პოზიციაც უალკოჰოლო სასმელების მარკირებასთან დაკავშირებით უცნობი დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×