ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პროკურატურამ სამი სამართალდამცველი დააკავა. "იბერიის" ინფორმაციით, ესენი არიან: მიხეილ ხუციშვილი; ბორის გოგიჩაიშვილი და პაატა კვინიკაძე. გუშინ საღამოს გავრცელებული ცნობებით, პოლიციელები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. განცხადება თავად ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმაც გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ სამართალდამცველები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.
"პროკურატურამ ამ საქმისთვის საჭირო ყველა მტკიცებულება შეაგროვა, დაწყებული ექსპერტიზის დასკვნებით და დასრულებული ყველა მოწმით, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებდა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პროკურატურამ სამართალდამცველების ამოსაცნობად დამიბარა, თუმცა ამაზე უარი თავად განუცხადებიათ. რამდენადაც ამიხსნეს, ამის უფლება გააჩნიათ კიდევაც, მაგრამ რომც არ ჰქონდეთ, ისედაც ყველაფერი ნათელია.
"მათი უარი კი ისევ თავიანთ საქციელზე მეტყველებს, რადგან იციან, რომ გაშიფრულები არიან და ეს ვიდეო-კადრებზეც ძალიან კარგად ჩანს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სასამართლომ ეს ადამიანები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, რადგან არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებს თავს უმიზეზოდ ესხმოდნენ, თანაც სამართალდამცველები. მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს, იმედი მაქვს ეს ასეც იქნება," - განაცხადა "იბერიის" ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა.
ცნობისთვის, გიორგი გასვიანი გასული წლის 18 დეკემბერს ბორჯომში სცემეს. მისი მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები თავს უმიზეზოდ დაესხნენ და იარაღის მუქარით მოთხოვეს მომხდარის შესახებ არაფერი ეთქვა.
აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პროკურატურამ საქმის მსვლელობისას გასვიანი ოფიციალურად დაზარალებულად სცნო. შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიციელები უმკაცრესად დაისჯებიან.