გვანცა ღვედაშვილი
27.01.2017

 საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა გუშინ რამდენიმე ინიციატივა განიხილეს, რომელთა შორისაც უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვის ინიციატივაზე მსჯელობდა. საკითხმა კომისიის წევრებს შორის აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია.

აღნიშნულ საკითხზე ინიციატივა ჰქონდათ წარდგენილი "დემოკრატიულ მოძრაობსა" და "პატრიოტთა ალიანსს", ორივე მათგანი უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვის მომხრეა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძეც. თუმცა აღნიშნავს, რომ საკითხი საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილვის საგანია და საბოლოო ფორმულირება, თუ როგორი ჩანაწერი შეიძლება გაკეთდეს კონსტიტუციაში, ჯერ შეჯერებული არ არის.

"ვფიქრობ, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე უკონტროლოდ, აბსოლუტურად ყოველგვარი რეგულაციის გარეშე გასხვისების დაშვება, საფრთხის შემცველია.

"კომისიაში გამოიკვეთა პოზიცია, რომ კონსტიტუციაში პრინციპის დონეზე ჩანაწერის არსებობა მიზანშეწონილი იქნება, თუმცა ის თუ რა ფორმით ჩამოყალიბდება, მსჯელობა უნდა გაგრძელდეს - კონკრეტულ ფორმულირებაზე შეჯერება არ მომხდარა.

"ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა გარკვეული რეგულაცია, რომელიც კონსტიტუციის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობაში იქნება, თუმცა პრობლემა, რომელიც უცხოელებზე მიწების გასხვისების აბსოლუტურად შეუზღუდავ სივრცეს უკავშირდება, კონსტიტუციის დონეზე შებოჭილი იქნება," - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვი" წევრი ოთარ კახიძე კი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან საშიში გზავნილი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის.

"უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა არის ძალიან საშიში გზავნილი ჩვენი ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან, ვინაიდან ამგვარი შეზღუდვების და აკრძალვების დაწესება პირდაპირ დაარტყამს ლარის კურსს," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი დო კომისიის წევრი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ რეგულაციები აუცილებელია, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სამეურნეო მიწის საკუთრებაში გაცემის სრული აკრძალვის მომხრე არ არის.

"ჩვენ თავის დროზე ვმუშაობდით ამ საკითხზე და მომზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია შეტანილი.

"ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის რეგულაციები დაწესებული და მე ვემხრობი ამ მიდგომას. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი რეგულირებული უნდა იყოს სხვადასხვა თვალსაზრისით. მათ შორის, ოდენობის და გარკვეული გეოგრაფიული ტერიტორიების გათვალისწინებით. მაგალითად კონფლიქტურ ზონებთან უნდა იყოს შეზღუდული უცხოელებისთვის სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება და ა.შ. თუმცა, სრულ აკრძალვას არ ვეთანხმები, რადგან ვფიქრობ, ეს საკმაოდ მკვეთრი გადაწყვეტილება იქნება. ამასათან, რეგულაციების დაწესება საკმარისი იქნება, რომ ამ საკითხში ჩვენი ინტერესები დავიცვათ," - გვითხრა ტუღუშმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×