ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე სამართლებრივი დავა, შესაძლოა კიდევ რამდენიმე თვე გაჭიანურდეს. როგორც მხარეები აცხადებენ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა საქმის განსახილველად ჯერაც არ დაკომპელექტებულა. რაც შეეხება მოლოდინს, ქიბარ ხალვაში გამარჯვებას მესამე ინსტაცინაშიც ელოდება, "რუსთავი 2"-ის ადვოკატ თამთა მურადაშვილს კი პროგნოზის გაკეთება უჭირს.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია (60% ქიბარ ხალვაშს 40% მისი კუთვნილი კომპანიის), თუმცა აღსრულების მუხლის შეჩერების გამო ტელევიზიის მართვას ვერ ახერხებს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოება. რის შემდეგადაც გამარჯვების შემთხვევაში, შეძლებს არხზე სადავეების აღებას.
უზენაეს სასამართლოს საქმის განსახილველად კანონით განსაზღვრული 6-თვიანი ვადა აქვს, რომელიც 25 იანვარს ამოიწურა. საქმის არსებითი განხილვა 21 ნოემბერს დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქმის სირთულის გამო ტელეკომპანიის ბედს 3-ის ნაცვლად 9 მოსამართლე გადაწყვეტს. სასამართლოს კოლეგია ჯერ არ დაკომპლექტებულა. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ საქმის განხილვა გაჭიანურდება.
"სასამართლოს კანონით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადა ახლა ამოიწურა, თუმცა როგორც წესი ეს ვადები ხშირად ირღვევა. უზენაეს სასამართლოს გაცილებით მეტი დრო სჭირდება საქმის განხილვისთვის. პრაქტიკაში ხშირად ხდება, რომ ვადები ზოგჯერ რამდენიმე დღით ზოგჯერ თვებით ირღვევა," - გვითხრა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.
იგი დარწმუნებულია, რომ როგორც წინა ინსტანციებში ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იქნება გამოტანილი.
"იმედი გვაქვს, რომ საქმე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. გავეცანი უზენაესი სასამართლოს კოლეგიის განჩინებას დიდ პალატისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. გარკვეული ნიუნასებია, რომელსაც ნაწილობრივ ვეთანხმებით, ნაწილობრივ არა. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ჩვენი პოზიცია, რომელიც წარდგენილი იყო სამივე ინსტანციაში, დასაბუთებულია და წესით ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ უნდა დასრულდეს ეს დავაც. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც სასამართლომ უნდა მიიღოს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სალია.
ის, რომ საქმეს 3 მოსამართლის ნაცვლად დიდი პალატა იხილავს, გარკვეულ იმედს აძლევს "რუსთავი 2"-ის დაცვის მხარეს, თუმცა პროგნოზის გაკეთება ადვოკატ თამთა მურადაშვილს მაინც უჭირს.
"ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. გუშინ დავრეკე და მითხრეს, რომ დიდი პალატა ჯერაც არ დაკომპლექტებულა. ასე რომ ალბათ ამ ყველაფერს რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება, იმიტომ, რომ ჯერ პროცესი უნდა დაინიშნოს მერე შუამდგომლობები უნდა დავაყენოთ. ასე რომ, ძალიან ბევრი საქმეა.
"არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, ფაქტია, რომ სამმა მოსამართლემ ვერ შეძლო "რუსთავი 2"-ის საწინააღმდეგოდ გადაეწყვიტა საქმე. ეს ერთის მხრივ კარგია, თუმცა, როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი.
"სასამართლოში ვადა გადაცილება ჩვეულებრივი მოვლენაა. ერთადერთი ჩვენი საქმე იყო გამონაკლისი, როცა პირველ და მეორემ ინსტანციამ განსაკუთრებული სისრწაფით გამოიტანეს გადაწყვეტილებები.
"დიდ პალატას რომ გადაეცა, თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ სასამართლოს კოლეგიის შემადგენლობამ არ აიღო თავის თავზე ის უარყოფითი გადაწყვეტილება, რომელიც იყო დაგეგმილი. ეს კარგის ნიშანია იმ კუთხით, რომ არ იქნა მიღებული სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ახლა კი რამე თუ იქნება მთლიანად სასამართლოს მოუწევს ამაზე პასუხისმგებლობის აღება.
"იმის მოლოდინი, რომ სასამართლომ უკან დაიხოს, არ გვაქვს, უბრალოდ ვნახოთ მოსამართლეები რამდენად გაუძლებენ ზეწოლას", - უთხრა "რეზონანსს" მურადაშვილმა.