თიკო ოსმანოვა
27.01.2017

 ფულის გაფლანგვიდან სამსახრეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამდე - კაბელების საქმის ეპოპეა დასასრულს უახლოვდება. თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი საპატიმროს მარტში დატოვებს. მანამდე კი საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების და დაცვის მხარეც უზენაესში გასაჩივრებს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ თანამშრომელს - გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, ნუგზარ კაიშაურს და დავით წიფურიას - სააპელაციო სასამართლომ 7 წლის ნაცვლად სასჯელის სახით ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საიდანაც 1 წელი და 4 თვე უკვე მოხდილი აქვთ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის საფუძველზეც მოხდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის ვადის შემცირება.

მსჯავრდებულების ადვოკატის, ლევან სამუშიას განცხადებით, სასამართლოს მხრიდან ბრალდების გადაკვალიფიცრება თეორიულად შესაძლებელია, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი ამ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და საქმეს მაღალ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

"ამ გადაწყვეტილებას სამართლიანად ვერანაირად ვერ შევაფასებ. ეს იყო მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილება. უბრალოდ, სააპელაციომ მოძებნა შუალედი და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - ტყვეებს ბრალი შეუმცირა. თუ აქამდე ტყვეობაში კიდევ 5 წელი უნდა ყოფილყვნენ, ახლა თვესა და 20 დღეს დაჰყოფენ.

"ჩვენ, ბუნებრივია, ამას გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში და თუ საჭირო იქნება, ევროპის სასამართლოშიც, სადაც, დარწმუნებული ვარ, სიმართლეს ვიპოვით.

"თეორიულად სასამართლოს ბრალის გადაკვალიფიცირების უფლება აქვს, მაგრამ ნიშანდობლივია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს გაკეთებული განცხადება, სადაც ის საუბრობს, რომ აუცილებელია მსაჯვრდებულმა პირმა იცოდეს თუ რას ედავებიან მას და მოიპოვის შესაბამისი მტკიცებულებები.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით გაფლანგვაზე, რომელიც არ არსებობს და ამის დამტკიცებას ვცდილობდით, ამ დროს კი თურმე სასამართლო ბრალდებას ცვლის და საუბრობს სასმსახურეობრივ ბოროტად გამოყენებაზე. შესაბამისად არანაირი შესაძლებლობა არ მოგცემია რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში ჩვენი პოზიცია წარვედგინა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სამუშია.

საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ბრალდების მხარეც, ამიტომ პროკურატურაც ამას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

"სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული და რომ მათ მიმართ გამოყენებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით იყო ადეკვატური. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, ამ ნაწილში ვერ დავეთანხმებით, რადგან ვფიქრობთ, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მტკიცებულებებით და არა საქმის შედეგით დაინტერესებული პირების სუბიექტური განწყობით. თუმცა, ჩვენ კოლეგა ადვოკატებს არ დავემსგავსებით და ვერ გავაკეთებთ ისტერიულ განცხადებებს. ვრჩებით სამართლებრივი რეგულაციების ფარგლებში და საქმის განხილვას უზენაეს სასამართლოში გავაგრძელებთ," - განაცხადა საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა.

სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით შეეცადა არც მწვადი დაეწვა და არც შამპური - ასე აფასებს კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე.

"ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიეღო დამოუკიდებელ სასამართლოს, იყო ამ ადამიანების გამართლება და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება. უდანაშაულო ადამიანებს 7 წელს მიუსჯი და მერე 2 წელს, ამის მადლობელი უნდა ვიყოთ?! უბრალოდ სასამართლო შეეცადა არც მწვადი დაეწვა და არც შამპური. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო პოლიტიკური სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და არავითარი კავშირი დამოუკიდებელ სასამართლოსთან არ აქვს", - გვითხრა გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებოდათ. თუმცა დაკავებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. მაშინ მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.

2016 წლის 16 მაისს კი თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რის შედეგადაც ისინი სასამართლოს დარბაზიშვე დააპატიმრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×