საქართველოს საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უცილობელ გადაწყვეტას მოითხოვს, არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში პროკურატურის ადგილის განსაზღვრა. პროკურატურის ინსტიტუციური მოწყობის პრობლემებთან დაკავშირებით "რეზონანსი" ყოფილ გენერალურ პროკურორს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გია მეფარიშვილს ესაუბრა.
"რეზონანსი": ალბათ, პროგნოზის გაკეთება ნაადრევია, რადგან კომისიას ჯერ საბოლოო ვერდიქტი არ გამოუტანია, მაგრამ თქვენ, როგორც საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის წევრს, პროკურატურის შესახებ კანონის ერთ-ერთ ავტორს, გარკვეული წარმოდგენა ალბათ უკვე შეგექმნათ.
გია მეფარიშვილი: მე არ ვიცი, რას საუბრობენ საკონსტიტუციო კომისიაში, რაზე ბჭობენ ჩემი კოლეგები. მე მხოლოდ შევეხები იმ გამონათქვამებს, რომელიც ვრცელდება ბეჭდური და ელექტრონული მედიით. მინდა მოგახსენოთ, რომ არაფერი ახალი ამ მიმართულებით არ მოხდება. ყველაფერი საკმაოდ გულმოდგინედ იქნა გაანალიზებული თავის დროზე, მაშინ როდესაც მუშავდებოდა 1995 წლის აგვისტოს კონსტიტუციის ტექსტი. ეს საკითხი მაშინაც ძალიან აქტიურად იყო განხილული და მაშინაც აზრთა სხვადასხვაობა იყო.
საქართველოს კონსტიტუცია, ახლანდელიც და მომავალიც, აუცილებლად იქნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე აგებული (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო); ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პირველი მოთხოვნაა და გარკვეული ვალდებულებებს აკისრებს სახელმწიფოებს, რომლებიც აღიარებენ საერთაშორისო სამართლის ნორმების პრიმატს ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებით. ასე იყო საქართველოში და ასე იქნება მომავალშიც.
მთავარია, გაეცეს პასუხი კითხვას, რატომ არ ვარგოდა 1995 წლის მოდელი, რომლის მიხედვით პროკურატურა შედიოდა სასამართლო ხელისუფლების სისტემაში და ითვლებოდა დამოუკიდებელ ინსტიტუტად, და რით იყო უკეთესი 2004-2012 წლებში საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული უამრავი ცვლილება - ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და ყოველგვარ ლოგიკურ დასაბუთებას მოკლებული გადაწყვეტილებები.
სწორედ იმ პერიოდში, სასამართლო ხელისუფლების სისტემიდან გამოდის პროკურატურა და შედის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ხდება იუსტიციის სამინისტროს სამთავრობო დაწესებულება. მაშინაც ვწერდი და ახლაც ვიმეორებ, რომ მაშინ მოხდა სრული აღრევა და ეს აუცილებლად მიგვიყვანდა კრიზისამდე. პროკურატურის პოლიტიზირება უფრო სწრაფად მოხდებოდა და მას ექნებოდა მეტად გაურკვეველი, ბუნდოვანი ადგილი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში.
მთავარი პროკურორი, რომელიც ხელმძღვანელობს პროკურატურის ორგანოებს, იუსტიციის მინისტრის მოადგილედაც არ ითვლება. ამავე დროს, მოქმედი კანონმდებლობით პროკურატურის ორგანოებს ეკისრებათ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია. ეს გულისხმობს მთავარი პროკურორის მეშვეობით ისეთი გადაწყვტილებების მიღებას, რომლებიც კანონიერების და მართლწესრიგის შემდგომი განმტკიცების სტრატეგიულ მიმართულებებს ეხება. ამ კომისიების მუშაობაში ჩართულები არიან შს მინისტრი, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი, იუსტიციის მინისტრი დ ა.შ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ყოველივე ეს? ჩემი აზრით, არავითარი დასაბუთება მას არ გააჩნია. გარდა ამისა, ამიტომაც არის ჩამკვდარი საკოორდინაციო საქმიანობა, რაც საწყენია.
დამიჯერეთ, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია, რომელიც სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს. ჩვენ კი რა ვქენით? დალაგებული სისტემა ავურიეთ და ამ ყველაფრის მიზეზი გახლდათ ერთი კაცის ინტერესები, რომელმაც პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანების სურვილი გამოთქვა.
დალაგებული სისტემა ავურიეთ და ამ ყველაფრის მიზეზი გახლდათ ერთი კაცის ინტერესები, რომელმაც გამოთქვა სურვილი პროკურატურის და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანებაზე. მეფემაც თავის ერთგულ ვეზირს არ აწყენინა და უბოძა ხალათი...
"რ": ანუ, იზიარებთ არასამთავრობო ორგანიზაციების აზრს, რომ პროკურატურა პოლიტიზირებულია? თუ პროკურატურას სათავეში უდგას იუსტიციის მინისტრი და საერთო ხელმძღვანელობას ის ახორციელებს, იუსტიციის მინისტრი კი გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიერ არის გამწესებული ამ თანამდებობაზე და პოლიტიკური მოტივაციით მოდის, ამ დროს რამდენად რეალურია, რომ იუსტიციის მინისტრმა უხელმძღვანელოს პროკურატურის ორგანოებს? ამ სისტემით ჩვენ თვითონ ხომ არ გავწირეთ პროკურატურა პოლიტიზირებისათვის?
გ.მ: ბევრ ქვეყანაში, სადაც მსგავსი სისტემებია, იუსტიციის მინისტრი გენერალური პროკურორიცაა (აშშ, გერმანია, საფრანგთი და ა.შ.) სწორედ იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს პროკურატურის ორგანოებს. ჩვენ ვფიქრობდით თავის დროზე პროკურატურის გადმოტანას სასამართლო ხელისუფლების სისტემაში. მინდა ხაზი გავუსვა, სახელმწიფო დაწესებულებების (ინსტიტუციის) სტატუსით მეტ დამოუკიდებლობს მიანიჭებდა პროკურატურას და მაქსიმალურად დაუახლოვდებოდა საერთო სასამართლოების სისტემას. კერძოდ, გაჩნდებოდა ერთიანი კრიტერიუმი მოსამართლის და პროკურორის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით და ა.შ. სამწუხაროდ "ვარდების ხელმძღვანელობამ" სხვა ვარიანტი აირჩია და შეიხის მიერ ნაბოძები ძვირფასი ხალათი მხოლოდ ერთ კაცს - ზურაბ ადეიშვილს მოარგო. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნად დაიხვეწა კანონმდებლობა, მაგრამ ძალაში რჩება კონსტიტუციური დებულება, რომლის მიხედვით პროკურატურა იუსტიციის სამინისტროშია გაერთიანებული.