"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ არჩევნების "ქართული ოცნება" მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებს. როგორც "რეზონანსთან" ინტერვიუში განაცხადა, "ოცნებას" რომ ამის სურვილი ჰქონოდა, წინა მოწვევის პარლამენტში კანონის მიღების შესაძლებლობა არსებობდა და მას გამოიყენებდა.
თამარ კორძაია: გეტყვით, რომ საკონსტიტცუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2016 წელს ჩვეულებრივი სისტემით არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებდა, ხოლო 2020 წლიდან რეგიონულ-პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, "ქართული ოცნების" უმრავლესობამ თავის დროზე ხელი მოაწერა.
თქვენ იცით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება შეუძლებელია 76 პირის ხელმოწერის გარეშე, აქედან გამომდინარე ეს პროექტი ინიცირებულია. თავის დროზე მას დაეთანხმა "ოცნება", მაგრამ შემდგომ გადაიფიქრეს და ეს პროექტი დღემდე გაჭედილია პარლამენტში, რადგან კენჭს არ უყრიან.
"ქართულმა ოცნებამ" 2012 წელს, როცა ის კოალიციის წევრი იყო, გაიზიარა "რესპუბლიკური პარტიის" პოზიციები, მისი ხედვა საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლასთან და მრავალპარტიულობასთან დაკავშირებით, ხოლო შემდგომ ყველა ამ იდეას უღალატა და სწორედ პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ის, რომ ამ კანონპროექტს კენჭი არ ეყაროს.
დღესაც იგივე ვითარება გვაქვს, როდესაც "რესპუბლიკელები" ისევ მოითხოვენ, რომ რეგიონულ-პროპორციული სისტემით არჩევნებით უზრუნველყოფილი იყოს მრავალპარტიული წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, "ოცნება" კი თვლის, რომ ეს არ არის კარგი, რადგან 48%-ით პარლამენტში 73% მიღება უნდა და ის მხარს სწორედ ამ უსამართლო სისტემას უჭერს, ისევე როგორც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობა" უჭერდა ამას მხარს.
ხოლო პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ვამბობთ, რომ აუცილებელია რეგიონულ-პროპორციული სიები, ვთვლით, რომ პარლამენტში მრავალფეროვანი წარმომადგენლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ერთი კონკრეტული პარტიის სურვილი, მუდმივად იყოს ხელისუფლებაში.
"რეზონანსი": საკონსტიტუციო კომისიაში ახლა აქტიურად წამოიჭრა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი. რამდენად ელოდებით, რომ ამ ფორმატის საშუალებით მაინც მოხდება აღნიშნული სისტემის გაუქმება?
თ.კ.: არ ვიცი, მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. ამის სურვილი რომ ჰქონოდათ, შესაძლებლობა უკვე ჰქონდათ 2008 წლის პარლამენტში, რადგან ამ ინიციატივას თავის დროზე "ნაცმოძრაობაც" უჭერდა მხარს.
შემდგომ გერმანული მოდელიც კი შევთავაზეთ, რომელიც უფრო კომპრომისული ვარიანტი იყო და მთელი საქართველო უჭერდა მხარს, მაგრამ "ქართული ოცნება" ერთადერთი პოლიტიკურ სუბიექტი იყო, რომელმაც ეს არ დაიჯერა. ახლა რატომ უნდა მჯეროდეს, რომ გაუნათდებათ მომავლის ხედვის კუთხით გონება და მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას?!
"რ": ანუ, აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობამ შესაძლოა, შედეგი არ გამოიღოს?
თ.კ.: არ ვიცი, ასეთი ტიპის კომენტარს ვერ გავაკეთებ. უბრალოდ წარსულის კონტექსტის გათვალისწინებით, არსებული კომისია არ იძლევა ოპტიმისტურად განწყობის საშუალებას.
იქნებ სასწაული მოხდეს და მიიღონ ეს პროექტი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ "ქართული ოცნების" პოზიციებს - თუ როგორ ღალატობდა ნელ-ნელა თავის დანაპირებს, რომელიც 2012 წელს მისცა ამომრჩეველს და ეტაპობრივად ყველაფერზე უარი თქვა, ახლა რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ მაინცდამაინც ეს საკონსტიტუციო კომისია შეცვლის რაიმეს, როცა აქვთ აბსოლუტური უმრავლესობა?!
კი, დღეს ხალხს ალაპარაკებენ და ბოლოს იტყვიან, რომ ეს არის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება, დანარჩენზე ვერ შევთანხმდითო და მიიღებენ იმას, რაც უნდათ.
ვნახოთ, მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ამ პროცესს ოპტიმისტურად ვერ ვუყურებ.
"რ": კომისიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგიონულ-პროპორციული სისტემა არაფერს შეცვლის და აუცილებელია ერთიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა...
თ.კ.: პარტიების უმეტესობა მიიჩნევს, რომ რეგიონულ-პროპორციული სისტემა უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივ პროპორციული. რადგან რეგიონლური სისტემის შემთხვევაში რეგიონულებიდან წარმოდგენილი კანდიდატებიც იქნებიან და არა ერთიანი სიით წარმოდგენილნი.