საქართველოში ბიზნესის განვითარებას საგადასახადო სისტემა და კოდექსი ხელს უშლის. მაღალი გადასახადები და მოუწესრიგებელი გარემო პრობლემას უქმნის როგორც მცირე საწარმოების განვითარებას, ასევე მსხვილი ბიზნესის გამართულ მოქმედებას. საგადასახადო კოდექსის მთელი რიგი მუხლები განსაკუთრები აზარალებს მცირე ბიზნესს. წლიდან წლამდე ვითარება უცვლელია, რის გამოც საწარმოებით ვერ უძლებენ უთანასწორო კონკურენციას და ხშირ შემთხვევაში საქმიანობას წყვეტენ.
საგადასახადო კოდექსის სირთულისა და მეწარმეებისთვის მაღალი გადასახადების დაწესების გამო, წლების განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 15-20%-ს ვერ ასცდა. ბიზნესის განუვითარებლობას სპეციალისტები სხვადასხვა მიზეზით ხსნიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია საგადასახადო სისტემის შეცვლა, შედარებით დაბალი გადასახადების დაწესება ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
საგადასახადო სფეროს ექსპერტი ირაკლი შავიშვილი "რეზონანსთან" საგადასახადო კოდექსის სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ამ მხრივ ბიზნესს თითქმის არ აქვს ხელშეწყობა. სპეციალისტმა ისიც აღნიშნა, რომ ანგარიშგება საკმაოდ გაძნელებულია და გადამხდელს, ერთის ნაცვლად, რამდენიმე დეკლარციის შევსება უწევს, თუმცა არც ისაა ბოლომდე მკაფიო და გარკვეულ კითხვებს აჩენს.
"ქვეყანაში ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების საკითხი საკმაოდ რთულადაა. ბევრი გაურკვეველი რამაა საგადასახადო სისტემაში, რასაც ჩვენ ვაწყდებით. ეს განსაკუთრებით ესტონურ მოდელს ეხება, სადაც ძალიან ბევრი კითხვაა, რომელიც პასუხგაუცემელია. ანგარიშგება გართულებულია. გადამხდელებს ერთის ნაცვლად, 12-ჯერ უწევთ დეკლარფციის შევსება. ეს დეკლარაციაც არ არის ბოლომდე გამჭვირვალე და ბევრი ლაქაა, რომელიც გაურკვეველ სიტუაციას ქმნის. რაც მთავარია, გადასახადის განაკვეთი ძალიან მაღალია.
საქართველო არის ღარიბი ქვეყანა, ასეთი მაღალი გადასახადები, უბრალოდ, არ უნდა წესდებოდეს. ეს ნებისმიერი საქმის განვითარებას უშლის ხელს. იმისათვის, რომ ადამიანს წამოწყებული საქმიდან რაღაც შემოსავალი ჰქონდეს, აუცილებელია გადასახადები იყოს დაბალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტი შეჩერებული და განუვითარებელი ბიზნესი გვექნება ქვეყანაში, ვიდრე აქამდე გვქონია.
იმისათვის, რომ შედეგი დაინახოს როგორც ბიზნესის მწარმოებელმა, ასევე ქვეყანამ, საჭიროა გადასახადების მკვეთრი შემცირება. საეჭვოა ესტონური მოდელის მექანიზმიც, მგონია, ეს ვერ იმუშავებს საქართველოში. სასამართლო სისტემაში დავის გადაწყვეტის წესები და ნორმები უნდა დალაგდეს. დავის გადაწყვეტა უნდა გამოვიდეს ფინანსთა სამინისტროს ჭრილიდან", - განუცხადა "რეზონანსს" შავიშვილმა.
"თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში მოქმედი საგადასახადო კოდექსი უვარგისია, რაც ხელს უშლის როგორც ბიზნესის წამოწყებას, ასევე მის შემდგომ განვითარებას. სპეციალისტი 6 წლის წინანდელ სტატისტიკას იშველიებს, როდესაც საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით არც თუ კარგი შედეგი აჩვენა საგადასახადო სისტემის კუთხით და აცხადებს, რომ მას შემდეგ სიტუაცია უცვლელია.
"ქვეყანაში მოქმედებს ძალიან ცუდი საგადასახადო კოდექსი და საუბარი, რომ ეს სფერო მოწესრიგებულია, არის "ბლეფი". იმის მტკიცებით, რომ კარგი საგადასახადო სისტემა გვაქვს, ვიტყუებთ თავს და ვატყუებთ იმ ხალხს, ვისაც ბიზნესი აქვს ან ახლა იწყებს. ამის უტყუარი დასაბუთებაა 6 წლის წინანდელი განცხადება, როდესაც კვლევა ჩატარდა, გადასახადების კუთხით რომელშ ქვეყანა ლიდერობდა. 147 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველო 92-ე ადგილზე გავიდა. ეს საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია და ამის შემდეგ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. საგადასახადო სისტემის მხრივ 145-ე ადგილზე აღმოვჩნდით. იმდენად რთული სისტემა გვაქვს, ბოლო ადგილი დავიკავეთ.
სასწრაფოდ შესაცვლელია კოდექსი, ამას უკვე 20 წელია ვამბობ და დღემდე არ მოუყვანიათ სიუსრულეში. მისი შეცვლის დღიდან საქართველოში ბიზნესისთვის "შავი წლები" დასრულდება, განსაკუთრებით სამრეწველო ბიზნესისათვის.
დღევანდელი კოდექსი მცირე და მსხვილ მეწარმეებს ერთნაირად ბეგრავს, რაც არ არის სწორი. აქედან გამომდინარე, მცირე მეწარმეობისა და მრეწველობის სფეროს ფეხზე დადგომა გამორიცხულია. ვითარება თუ არ შეიცვალა, ისინი შეწყვეტენ საქმიანობას და გადავლენ ჩრდილში", - განუცხადა "რეზონანსს" საკანდელიძემ.
სპეციალისტმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, თუ როგორ შეიძლება გამოსწორდეს სიტუაცია საგადასახადო სისტემის მხრივ და რა აუცილებელი ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ.
"არ ვიცი რატომ აწყობს ქვეყანას ამდენი დაზარალებული. მთელ მსოფლიოში არსებობს ამ ვითარებიდან გამოსვლის ორი წესი - ან სუბსიდირება გაუკეთონ მცირე მეწარმეობას, კონკურენტუნარიანობა არ დაკარგონ, ან დაუწესონ ფიქსირებული გადასახადი. როგორც წესი, სუბსიდირების გზას მდიდარი ქვეყნები მიჰყვებიან. როდესაც არც ერთს არ აკეთებენ, მათ შორის, არც ფიქსირებული გადასახადების შემოღების მხრივ არ მიმდინარეობს მუშაობა, იქ უკვე მცირე მეწარმეები განდევნილნი არიან სამეწარმეო სფეროდან.
ზოგადად პოლიტიკას არღვევს ცუდი საარჩევნო კოდექსი, ხოლო წარმოებას ცუდი საგადასახადო კოდექსი. საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავენ და ამას მედიაც აქცევს ყურადღებას, საგადასახადო კოდექსს კი დროს არასდროს უთმობენ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საკანდელიძემ.