საქართველოს მთავრობა: ალტერნატიული გზა მხოლოდ შავ ზღვაზე გადის
მარი ჩიტაია
28.01.2017

 სომხეთი რუსეთში ტვირთების გატანის ალტერნატიულ მარშრუტს ეძებს. ასეთი საჭიროება, როგორც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე არსებულმა კლიმატურმა პრობლემამ წარმოშვა. სომხებს თვალი ე.წ. სამხერთ ოსეთისკენ უჭირავთ, მაგრამ საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ სომხური ტვირთებისთვის ალტერნატიული გზა მხოლოდ შავ ზღვაზე გადის.

მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა დაავალა ტრანსპორტის მინისტრს, რომ ეს საკითხი ქართულ და რუსულ მხარესთან ერთად განიხილოს და სატრანსპორტო გადაზიდვის ალტერნატიული მარშრუტებით განხორციელების შესახებ წინადადება პირველ მარტამდე წარადგინოს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ოფიციალურ ერევანს საქართველოსთვის ჯერ არ მიუმართავს. როგორც სააგენტო "პირველს" განუცხადეს, მომართვის შემთხვევაში ქართული მხარე ქვეყნის კანონმდებლობისა და ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.

"სომხური მხრიდან აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში შარშან ივლისში, მეწყრის ჩამოწოლის გამო ლარსის გამშვები პუნქტის დაკეტვის დროსაც დადგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა ტვირთების დროებით გატარება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შესაბამისად, რომელიც ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნეიტრალური სტატუსით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტვირთის გატარებას ითვალისწინებს. თუმცა, რუსეთის პოზიციის გამო, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსს შეეხებოდა, ტვირთების გადასატანად არჩევანი საზღვაო მარშრუტზე შეჩერდა.

რაც შეეხება მასმედიით გავრცელებულ ბოლო ინფორმაციას, გაცნობებთ, რომ სომხურ მხარეს საქართველოსთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ მოუმართავს. მიმართვის შემთხვევაში, მთავრობა შეისწავლის, კონკრეტულად რომელ ალტერნატიულ მარშრუტებზეა საუბარი და იმოქმედებს ქვეყნის კანონმდებლობისა და ინტერესების შესაბამისად", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში და დასძენენ, რომ მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი სატრანსპორტო-სატრანზიტო ნაკადს შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში.

სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ გავითვალისწინებთ, ალტერნატიული გზის ძიების პროცესში არჩევანი ტვირთების ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით გადაზიდვაზე კეთდება, ნაწილობრივ კი საჰაერო და სარკინიგზო ხაზიც მოიაზრება.

სომხეთის ტრანსპორტის მინისტრ ვაან მარტიროსიანის განცხადებით, ეს საკითხი მუდმივად ხელისუფლების ყურადღების ცენტრში იქნება.

"სამხრეთ ოსეთის" მარშრუტთან დაკავშირებით ჩვენ ვატარებთ ინტენსიურ მოლაპარაკებას რუსეთთან და საქართველოსთან. ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მხარეები შეთანხმდნენ ამ საკითხზე. იხილება სხვადასხვა ვარიანტი. მაგალითად, ზემო ლარსის გამტარუნარიანობის ზრდა, ასევე ალტერნატივად მიიჩნევა "სამხრეთ ოსეთის" ვარიანტი და საქართველოს მიერ ახალი გზებისა და ხიდების მშენებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა განიხილება რუსეთს, საქართველოს და სომხეთს შორის, რადგანაც ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის მუდმივად იზრდება", - აღნიშნა კარენ კარაპეტიანმა.

შეგახსენებთ, რომ ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მეშვეობით საქართველო და რუსეთი უკავშირდებიან ერთმანეთს. სწორედ აღნიშნული გამშვები პუნქტით სარგებლობს სომხეთი თავისი ტვირთების გადასაზიდად, რომელსაც რუსეთთად სახმელეთო კომუნიკაციის ერთადერთი გზა საქართველოს გავლით აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×