უახლოეს პერიოდში პურის ფასი არ მოიმატებს. როგორც მწარმოებლები განმარტავენ, პროდუქტის გაძვირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ თუკი ლარი გაუფასურებას გააგრძელებს, გარკვეულ გავლენას პურის ფასზეც მოახდენს. მწარმოებლების ინფორმაციით, თუ სავალუტო ბაზარზე მდგომარეობა არ გართულდება, პურპროდუქტებზე ფასი შენარჩუნდება.
როგორც მეპურეთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე აცხადებს, პურზე დღევანდელი ფასი ჯერჯერობით არ შეიცვლება.
"პურის მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია, რადგან სოციალური პროდუქტია და მისი გაძვირებით ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდება. გაძვირებაზე საუბარი არ არის, თუმცა გრძელვადიან პერიოდში რამდენად შევძლებთ შენარჩუნებას, სხვა საკითხია. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი ლარი გაუფასურებას გააგრძელებს და ამ პროცესს ფასის მორიგი ცვლილება მოჰყვება. ცხადია, ამ შემთხვევაში სხვა რეალობის წინ აღმოვჩნდებით და ადეკვატური ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს. დღესდღეობით ასეთი საჭიროების წინ არ ვართ.
სიმართლე გითხრათ, წარმოდგენაც არ მინდა იმაზე, რაც შეიძლება პურის გაძვირებას მოჰყვეს. ფქვილის ღირებულება, სამწუხაროდ, გაიზარდა, 2-3 ლარის ფარგლებშია მომატებული. ეს არ ნიშნავს, რომ პურსაც გავაძვირებთ, ამაზე საუბარი არ არის. რა მოხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამას წინასწარ ვერ ვივარაუდებთ", - განუცხადა დოლიძემ "რეზონანსს".
მეწარმეების ინფორმაციით, ჯერჯერობით ყველა პირობაა იმისათვის, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს. შპს "იფქლის" გენერალური დირექტორის მოადგილეს ბაქარ ბაკურაძეს უჭირს სამომავლოდ პროგნოზის გაკეთება. მისი თქმით, საფასო პოლიტიკა საბოლოოდ ლარის კურსზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ეს ფაქტორი ჯერჯერობით ფასზე გავლენას ვერ მოახდენს.
"ჩვენ განვაცხადეთ, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ფასის შენარჩუნებას, რასაც სხვა ინტერპრეტაცია მიეცა. თუ ლარი კვლავ გაუფასურდება, იძულებული გავხდებით, პურიც გავაძვიროთ. ჯერ ასეთი რეალობა არ გვაქვს. ამიტომ არსებული სიტუაცია თუ შენარჩუნდება, ჩვენც ვეცდებით, რომ ეს ფასი დავტოვოთ.
მოგეხსენებათ, პურის ტარიფის ზრდა ნედლეულის ფასზეა დამოკიდებული. წარმოებისთვის საჭირო თითქმის ყველა ინგრედიენტი კი იმპორტირებულია. მიუხედავად ამისა, დღეს არსებული მონაცემით საფასო პოლიტიკა არ გადაიხედება. ხვალ რა იქნება, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებთ", - აცხადებს ბაქარ ბაკურაძე და დასძენს, რომ თუკი ლარის კურსის მხრივ არ შეექმნებათ პრობლემა, ფასის შენარჩუნებას პურპროდუქტებზე ტექნიკური რეგლამენტის შემოღების შემდეგაც მოახერხებენ.
"ტექნიკური რეგლამენტის შემოღება პროდუქტის ღირებულებაზე გავლენას არ მოახდენს. ის, რაც წერია რეგლამენტში, მეპურეების მხრიდან ისედაც უნდა იყოს დაცული. ჩვენ ამ პირობას დღესაც ვაკმაყოფილებთ და ვიცავთ. სტანდარტს ყველა უნდა მოერგოს, თუკი ხარისხიანი პროდუქტის წარმოება გვინდა და ვინმეს ამაზე პრეტენზია აქვს", - ამბობს ბაქარ ბაკურაძე.
რაც შეეხება ხორბლის ფქვილის ტექნიკურ რეგლამენტს, იგი 2017 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში. მეწარმეების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს წარმოებაში პურის ხარისხს.
"ეტიკეტით მანიპულირება უნდა დასრულდეს. ახალი რეგულაციების შედეგად, მომხმარებელი იქნება ინფორმირებული, რას ყიდულობს და დაცული. საერთოდ ეტიკეტირებას თავისი ხარჯი აქვს, რაც დამატებით დაფინანსებასთან არის დაკავშირებული. ამ სფეროში თუ საბაზრო ეკონომიკა იმუშავებს, ფასები უცვლელი დარჩება", - აცხადებენ მეწარმეები.